საქართველო თურქეთისა და აზერბაიჯანის თანასწორი პარტნიორი თუ ვასალი?! - კვირის პალიტრა

საქართველო თურქეთისა და აზერბაიჯანის თანასწორი პარტნიორი თუ ვასალი?!

საქართველოს სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხელისუფლების უზენაესი ვალდებულებაა.

საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ლომის წილი უდევს ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს - ისინი არიან ჩვენი ძირითადი ფარი საგარეო გამოწვევებთან გამკლავებაში. საქართველოს ენერგეტიკული, სოციალური და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, აგრეთვე, ჩვენს უახლოეს სტრატეგიულ პარტნიორებთან აზერბაიჯანთან და თურქეთთან საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს: საქართველო თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული აზერბაიჯანულ გაზზე, თურქეთი და აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან და რაც მთავარია, ამ სამ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს ნავთობსადენების და გაზსადენების უმნიშვნელოვანესი ქსელი, რომელსაც მალე ახალი სარკინიგზო მაგისტრალიც უნდა დაემატოს, რომლის გავლითაც განხორციელდება ტვირთების ტრანსპორტირება ჩინეთიდან ევროპისკენ და პირიქით.

საქართველო ამ ორ მიმართულებას შორის - დასავლური თუ სამეზობლო მხარდაჭერა - არჩევანს ვერ გააკეთებს: თუ რომელიმე მიმართულება გამოეცალა, საქართველოს სახელმწიფოს არსებობა, თუ უფრო მძიმე ფორმულირებას არ ვიხმართ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

არადა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო: აზერბაიჯანელი ჟურნალისტის - აფგან მუჰთარლის გატაცება და დემირელის კოლეჯის მენეჯერის - ემრე ჩაბუქის დაკავება - საქართველო ორცეცხლსშუა აღმოჩნდა.

ერთი მხრივ, ამერიკა და ევროპა და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მან უზრუნველჰყოს საკუთარ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა და ობიექტურად გამოიძოს მუჰთარლისა და ჩაბუქის საქმეები. მეორე მხრივ, ჩვენი ხელისუფლება აზერბაიჯანისა და თურქეთის მხრიდან აშკარა ზეწოლის ქვეშაა:

ჩვენდა სამწუხაროდ, ორივე ქვეყანაში ძალზედ სწრაფად ვითარდება ავტორიტარიზმი და როგორც ჩანს, განსხვავებული აზრის მქონე საკუთარი მოქალაქეების დევნას თურქეთის და აზერბაიჯანის ხელისუფლება უკვე მათი ქვეყნების ფარგლებს გარეთაც ცდილობს. ამასთან, ორივე ქვეყანას გააჩნია საქართველოზე ზეწოლის რეალური ბერკეტები: მხოლოდ აზერბაიჯანისგან მოწოდებული გაზის ფასის მატება რომ წარმოვიდგინოთ, იმ სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში, რომელშიც დღეს საქართველოს მოსახლეობა ცხოვრობს - შეიძლება სოციალური აფეთქება მივიღოთ.

რა ხდება, რატომ აღმოჩნდა საქართველო თურქეთთან და აზერბაიჯანთან პირისპირ?!

ის, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, არის ახალი მსოფლიო წესრიგის თუ უწესრიგობის პირდაპირი გამოძახილი. ლამის ორი ათწლეულის განმავლობაში ყველა ის პროექტი, რომელიც აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის მონაწილეობით ხორციელდება, იქნება ეს სატრანსპორტო მაგისტრალები თუ ნავთობ და გაზსადენები, ახუნძლული იყო დასავლეთის ინტერესზე ამ სამკუთხედის მიმართ, როგორც ენერგეტიკული, ასევე, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით. ამერიკას ჰქონდა ერთგვარი არბიტრის როლი ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობების საკითხში და დიდწილად, ის იყო სტრატეგიის განმსაზღვრელიც. შესაბამისად, იმ პირობებში, ამ ქვეყნებს შორის არსებული ნებისმიერი გაუგებრობა, არ იყო მხოლოდ მათი შიდა საკითხი.

სულ სხვა რეალობა იყო აზერბაიჯანსა და თურქეთშიც - გაცილებით დემოკრატიული ქვეყნები იყვნენ, განსაკუთრებით, თურქეთი, თავისი შიდასახელმწიფოებრივი მიდგომებით. დღევანდელი რეალობა ასეთია: არც თურქეთი და აზერბაიჯანი უწევენ ანგარიშს ევროპელებსა და ამერიკელებს იმ დოზით, რა დოზითაც ადრე უწევდნენ და დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაც ღიად აცხადებს, რომ არ აქვს სურვილი აქტიურად ჩაერიოს მისი პარტნიორი ქვეყნების შიდა საქმეებში, მისთვის მთავარია, რომ ამერიკას და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით ინტერესთა თანხვედრა მოხდეს.

ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, საქართველო პირველად დადგა პირისპირ თავის მეზობლებთან ურთიერთობაში.

სად არის გამოსავალი:

1. საქართველომ უნდა ისწავლოს თანასწორი პარტნიორობა: ჩვენ მეზობლებთან ურთიერთობის სწორი ფორმულა უნდა მოვნახოთ - პირველი რიგში, საქართველომ დათვალოს ის პლუსები, რაც მას აქვს აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობაში. ეს ხომ ცალ კარში თამაში არ არის - თუ საქართველოსთვის აზერბაიჯანი და თურქეთი მნიშვნელოვანია მათი ენერგორესურსებითა და ბაზრებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ ქვეყნებისთვის თავად საქართველო. იგივე, ბაქო-თბილის-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც მალე უნდა ამოქმედდეს, ეკონომიკური თვალსაზრისით, გაცილებით უფრო მომგებიანი აზერბაიჯანისა და თურქეთისთვისაა, ვიდრე საქართველოსთვის. გარდა ამისა, თუ საქართველო არ გაატარებს აზერბაიჯანის ნავთობსა და გაზს, ის რუსეთისა და ირანის იმედად რჩება, რაც ბაქოს მოსკოვზე დამოკიდებულს გახდის და ა.შ. ასე რომ, საქართველოსაც არანაკლები ბერკეტი აქვს იმისა, რომ იყოს თავისი მეზობლების თანასწორი პარტნიორი;

2. დემოკრატიის კუთხით საქართველოს სამეზობლოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საქართველოს უნიკალურობა იმაშია, რომ ის რეგიონში შემორჩენილი ერთადერთი დემოკრატიული სახელმწიფოა და, ამავე დროს, სახელმწიფო, რომელსაც მისი საგარეო კურსისთვის არ უღალატია. ამ თვალსაზრისით ის მყარი პარტნიორია. თუ საქართველო დასავლეთისგან გაირიყება და აზერბაიჯანთან და თურქეთთან ვასალურ დამოკიდებულებას გააგრძელებს, მას ავტორიტარული სივრცე ჩაყლაპავს. ამას კი დასავლეთი არ დაუშვებს და ამიტომაც გააპროტესტა ასე მძაფრად თურქეთისა და აზერბაიჯანის წინაშე საქართველოს ასეთი თავდახრა. ეს კი დამატებითი კოზირია გონიერი ხელისუფლებისთვის: საქართველოს საზოგადოებისა და დასავლელი პარტნიორების პროტესტი აფგან მუჰთარლისა და ემრე ჩაბუქის საქმეებზე, ჩვენ ფარად უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მომავალში აზერბაიჯანმა თუ თურქეთმა საქართველოსგან ანალოგიური დათმობები აღარ მოითხოვოს.

ასე რომ, საქმე არც ისე ცუდაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს: არც აზერბაიჯანსა თუ თურქეთს აწყობს დასავლეთისგან მიტოვებული და რუსეთის ხახაში ჩავარდნილი საქართველო და არც დასავლეთს - საქართველოს სამეზობლოსთან გამძფრებული კონფლიქტები. ამ მიდგომას უნდა დაეფუძნოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური ნაბიჯები.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს