2017: დეპრესიული საზოგადოება, ეკლესიის ავტორიტეტის რყევა და... "მაჩო" ლიდერები მსოფლიოსა და ჩვენს სამეზობლოში - კვირის პალიტრა

2017: დეპრესიული საზოგადოება, ეკლესიის ავტორიტეტის რყევა და... "მაჩო" ლიდერები მსოფლიოსა და ჩვენს სამეზობლოში

როგორი იყო 2017 წელი საქართველოსთვის:

ანტიტერორისტული ოპერაცია დასრულებული "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის - აჰმედ ჩატაევის ლიკვიდაციით;

ადგილობრივი არჩევნები, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა არსებული ხელისუფლების უალტერნატივობა და დევალვირებული და ხერხემალში გადატეხილი პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილი, ქვეყანაში რეალური ცვლილებების ნულოვანი რესურსით;

რატომღაც დაკარგული ელისაშვილი და კალაძე, რომლის ხელმძღვანელობითაც დღეს თბილისის მერია ერთადერთი ადგილია, სადაც პოლიტიკა კეთდება და დრაივი იგრძნობა;

კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც ამ ხელისუფლებამაც ისევე მოირგო საკუთარ ტყავზე, როგორც ყველა წინამორბედმა;

წლის ბოლოს განხორციელებული სამთავრობო ცვლილებები, რომელმაც ძალთა ახალი ბალანსი დაადგინა ხელისუფლების შიგნით;

დეპრესიული საზოგადოება და ამომრჩეველი, რომელსაც დეპრესიის კლასიკური დაღი ადევს: აღარაფრის შეცვლის სურვილი აღარ აქვს და ამიტომაც, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის საჩუქარია; ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია;

ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის გახსნა და ანაკლიის პორტის გარშემო დატრიალებული ვნებები; "აბრეშუმის გზის" ფორუმი; თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ჩინეთთან;

უშიშროების საბჭოსა და კრიზისების მართვის საბჭოს გაუქმება და ქვეყნის დატოვება უსაფრთხოებისა და თავდაცვის მაკოორდინირებელი რგოლის გარეშე;

ლარით მანიპულაციები და შესაბამისად, გაქცეული ლარი, უსაშველოდ გაძვირებული საბანკო კრედიტებით;

"ციანიდის საქმით" დაწყებული ლუსტრაციის პროცესები საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში და ავტორიტეტის რყევა;

შრომის, სახანძრო და უსაფრთხოების სხვა ნორმების ტოტალური დაუცველობით გამოწვეული ადამიანური ტრაგედიები;

წლის ბოლოს გამანადგურებელი ტრაგედია ვერაზე დაღუპული ბავშვებით და შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი, რომელიც ამ ტრაგედიაზე ადექვატური რეაგირებით გამოირჩა და რომელსაც, დიდი ალბათობით, საკუთარი წონა და ხელწერა ექნება სახელისუფლო სივრცეში;

უკრაინის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებული და უკრაინის სასამართლოს მიერ გათავისუფლებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ამერიკის როლი სააკაშვილის უკრაინულ აქტივობაში;

ამერიკის ყველაზე ეგზოტიკური პრეზიდენტი და შემცირებული ინტერესი საქართველოს შიდაპოლიტიკური პროცესების მიმართ, მაგრამ იმავდროულად გაზრდილი სამხედრო დახმარება;

ჩვენს ტრადიციულ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში: თურქეთსა და აზერბაიჯანში მკვეთრი ავტორიტარული ტენდენციები და მათი გამკაცრებული ტონი საქართველოსთან ურთიერთობაში - აფგან მუხთარლისა და მუსტაფა ემრე ჩაბუქის გახმაურებული საქმეები;

თურქეთ-რუსეთის მზარდი პარტნიორობა - თურქეთ-რუსეთის პრეზიდენტების ლამის ყოველთვიური შეხვედრები; თურქეთ-რუსეთ-ირანის კაოლიცია სირიის საკითხში და არა მხოლოდ; მთავარი ტერორისტული ორგანიზაციის "ისლამური სახელმწიფოს" განადგურება; ქურთების მიერ ჩატარებული რეფერნდუმი და დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოს ფორმირების მცდელობა;

ვერაფრით გამორჩეული მაკრონი და გერმანიის სათავეში კვლავ დარჩენილი მერკელი; პოლიტიკურად სრულად კასტრირებული ევროპის ფონზე მაჩო ლიდერები ჩვენს უშუალო სამეზობლოში: ერდოღანი და მეოთხე ვადით კენჭნაყარი პუტინი;

ტრამპის ბოლო "მაჩოური" ნაბიჯი - იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება, რომელსაც ევროკავშირისთვის უკვე ტრადიციად ქცეული ქალური ვიშვიში, ისლამური სამყაროს აგრესიული აზვირთება და პალესტინელების ამბოხის ნიშნები მოჰყვა. თუმცა, ამ საკითხზე ერთიანობა არც ევროკავშირშია, სადაც უნგრეთი და ჩეხეთი ერთობლივ ანტიამერიკულ რეზოლუციას ბლოკავენ და ამერიკას მხარდაჭერას უცხადებენ და რეალურად, არც არაბულ სახელმწიფოთა შორის, რომელთათვისაც, მიუხედავად ერთიანი ოფიციალური, საჯარო პოზიციისა, დღეს ირანი უფრო დიდი გამოწვევა და პრობლემაა და საერთო ინტერესის საგანი ისრაელთან, ვიდრე თავად ისრაელი. ყოველ შემთხვევაში, ისრაელის მოლოდინი ასეთია.

ალბათ რაღაც გამომრჩა, მაგრამ ძირითადი ეს არის.

რა გველის წინ 2018-ში, ამაზე უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს