ეს არ არის მიცემა?! - კვირის პალიტრა

ეს არ არის მიცემა?!

"თუ ვინმე სხვისი წარმატებით გაბოროტებული და დაბოღმილია, თავიანთ ოჯახებში მოიკითხონ, რატომ აღზარდეს ასე"

ეს მომღერალი გამოირჩევა ეპატაჟურობით. არ ერიდება სკანდალებსა და თამამ განცხადებებს. პროტესტს კი საკუთარი შემოქმედებით გამოხატავს. საუბარიც სწორედ მისი ახალი, პოლიტიკურ თემაზე გადაღებული კლიპით დავიწყეთ. მაშ ასე, ამჯერად პაემანი ანრი ჯოხაძესთან გვაქვს.

- ამ კლიპის იდეა წინასაარჩევნო ციებ-ცხელების დროს გაჩნდა. გაჩნდა და გავაკეთე კიდეც.

- შენი შემოქმედებით ხშირად ეხმაურები პოლიტიკურ პროცესებს. ეს კლიპი როგორ აღიქვა საზოგადოებამ (კლიპში შესულია ეროტიკული სცენები - ავტ.)?

- რასაც ველოდი, ის მოხდა. ხალხის აზრი ორად გაიყო. ნაწილმა სწორად გაიგო, ნაწილი კი საშინლად გაღიზიანდა. ქართველებს ხომ სექსი არ გვაქვს, მხოლოდ სიყვარულით ვართ დაკავებული. ბევრმა საკუთარი თავი დაინახა ამ კლიპში და იმიტომ გაღიზიანდა. მიუხედავად ამისა, მე მათ აზრს პატივს ვცემ და უცენზუროდ არ მოვიხსენიებ. ეს კლიპიც იმიტომ გაკეთდა, რომ ვიღაცების პროტესტი გამოეწვია. ადეკვატურად აღვიქვამ ამ პროცესს, ეს ნორმალურია, ასეც უნდა მომხდარიყო, იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ გასაზრდელია, როგორც მოქალაქე. აბსოლუტურად მესმის მათი და თანავუგრძნობ.

- სიმღერას ჰქვია "მიეცი". ვინ ვის აძლევს ქართულ პოლიტიკაში?

- რატომღაც ჟურნალისტებს მხოლოდ მიეცი გაინტერესებთ, არადა, ჩემი შემოქმედება სულ სხვა რამეა. მქონდა მეორე კლიპის პრემიერაც, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, "მიეცი" მხოლოდ ჩემი პოლიტიკური პროტესტია.  ხალხი მიშა-მიშას გაჰყვიროდა. არჩევნების შემდეგ კი უცებ ივანიშვილის ფოტოები დადეს სოციალურ ქსელებში. ეს არ არის მიცემა? მოდი, ვაღიაროთ, რომ ეს ფაქტი გულისამრევი იყო. გასაგებია, რომ ვიღაცა ვიღაცას ლანძღავს განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გამო, რომ ხალხი რთულ მდგომარეობაში, გაჭირვებაშია, მაგრამ აქ მიაჩნიათ, რომ თუკი ჩანხარ და შენი  შრომით ფულს შოულობ, აუცილებლად ვიღაცის მხარდამჭერი ხარ და უკაცრავად ამ სიტყვაზე, ვიღაცას ერთ ადგილას უძვრები. მე და ჩემნაირებს არავისთვის არაფერი წაგვირთმევია და ჩვენი ქვეყნისთვის კარგის მეტი არაფერი გაგვიკეთებია. თუ ვინმე სხვისი წარმატებით გაბოროტებული და დაბოღმილია, თავიანთ ოჯახებში მოიკითხონ, რატომ აღზარდეს ასე.

- ანუ მოსაზრება, რომ სცენაზე მხოლოდ სააკაშვილის მომხრეები იდგნენ, რის შესახებაც შენი კოლეგებიც საუბრობდნენ, გადამეტებულია?

- მინდა გავემიჯნო პოლიტიკური ნიშნით დაყოფას, თუმცა ეკა კვალიაშვილი დღემდე მტკივა, როგორც მომღერალი და არაერთხელ მითქვამს, რომ პოლიტიკური ნიშნით იყო დაბლოკილი. ეს ალბათ იმათ უნდა ჰკითხოთ, ვისაც ისინი სცენაზე არ გამოჰყავდათ. ეკა ჩემი მეგობარია. ჩვენი დუეტი კი გამოვიდა, მაგრამ ასე ვთქვათ, ხეირი ვერ ნახა. იმიტომ, რომ ეკა იყო განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების. რაც შეეხება სხვა მომღერლებს, შემიძლია ვთქვა, რომ მათ ეძახდნენ ღია ღონისძიებებზე... პრინციპში, ეს იყო ორი კონცერტი - ახალი წლისა და თბილისობის კონცერტები. მე ახალი წლის კონცერტებში ყოველთვის ვიღებდი მონაწილეობას. იყო კონცერტები, რომელშიც უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ მოხდა ისე, რომ მონაწილეობა ვერ მივიღე, თუმცა ეს არ მაძლევს გაღიზიანების საბაბს. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩემს კოლეგებს  იწვევდნენ, მაგრამ ისინი თავად აცხადებდნენ, რომ ხელისუფლების დაკვეთილ კონცერტებში არ მიიღებდნენ მონაწილეობას. თუმცა მე მხოლოდ ერთ კონკრეტულ კონცერტზე ვლაპარაკობ და სხვაგან ნამდვილად ვერ გეტყვით, რა ხდებოდა...

ჩემი იდე ფიქსი არ არის პოლიტიკური კლიპები ვაკეთო. მინდა,  ვაკეთო კარგი, ლამაზი სიმღერები, რაც საზოგადოებას მოსწონს. ეს გაცილებით სასიამოვნოა. ეს კლიპი პოლიტიკური პროცესების გამოხმაურება იყო და არა ჩემი შემოქმედების პროპაგანდა, ეს არაფერში მჭირდება.

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" შესახებ რას იტყვი, ასე ნაადრევად რომ დატოვე პროექტი, არ განიცდი?

- (იცინის) ამას წინათ კომენტარი წავიკითხე: აბა, რა ეგონა, ასე რომ მოჰქონდა თავი ამ პროექტშიო... გავყვირი, რომ ცეკვა არ შემიძლია, დამანებეთ თავი, არ მინდა. მე რომ მომენდომებინა, რეპეტიციებზე მივიდოდი. ძალიან მეზარებოდა მონაწილეობა და გენერალურმა პროდიუსერმა ალინა არველაძემ ეს შესანიშნავად იცოდა.

-  მაშინ რატომ დათანხმდი?

- ძალიან რთულად დამითანხმეს. თითქმის მთელი თვე მიდიოდა მოლაპარაკებები. ბოლოს მეც ვიფიქრე, კაი, ჯანდაბას, თუ ვერ ვიცეკვებ, წონაში მაინც დავიკლებ-მეთქი. არც ისეთი ცოტა ეს-ემ-ესი მქონდა, უბრალოდ იგრძნობოდა ჩემი განწყობა. სანამ შედეგს გამოაცხადებდნენ, ვთქვი, აუცილებლად მე უნდა დავტოვო პროექტი-მეთქი. ეს არის ურთულესი პროცესი და მე არც ამის დრო მქონდა და არც განწყობა. ცეკვა უნდა გიყვარდეს. მე  ცეკვა კი არ მიყვარს, მომწონს, როდესაც სხვები ცეკვავენ. მხოლოდ ჩემს პარტნიორზე მწყდება გული, რომ მე შევხვდი და იმედი ვერ გავუმართლე. ასი ბოდიში მინდა მას კიდევ ერთხელ, პრესის საშუალებით მოვუხადო, იმიტომ, რომ ნიჭიერი გოგოა და არ დასცალდა ამის წარმოჩენა.

- რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში? შეყვარებული არ არის ანრი ჯოხაძე?

- ჩემს პირად ცხოვრებაში ყველაფერი ისეა, როგორც მინდა.

ქეთი საგინაშვილი