ფოლკლორის ეროვნული პრემია 2012 - კვირის პალიტრა

ფოლკლორის ეროვნული პრემია 2012

რამდენიმე დღის წინ გაიმართა ფოლკლორის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიალი. ამჯერად 2012 წლის ნომინანტები გამოვლინდნენ. კიდევ ერთხელ დაინთო ქართული ეთნომუსიკისა და ეთნოქორეოგაფიის ცეცხლი რუსთაველის თეატრის სცენაზე. ეს არაჩვეულებრივი სანახაობა, რომელიც გულგრილს არც ერთ ჩვენგანს არ ტოვებს, ჩვენი ეროვნული საგანძურია. თითოეული გამარჯვებული ქართული იდენტობის მეციხოვნედ შეიძლება ჩაითვალოს. სწორედ ისინი იდგნენ ჩვენი გენის, საუკუნეების წიაღიდან მომავალი კულტურის და ერის სულიერი და შემოქმედებითი გადარჩენის სადარაჯოზე.

სამეცნიერო-კვლევით სფეროში მოღვაწეობისთვის პრემია გადაეცა ფოლკლორისტსა და ენათმეცნიერს - გიგი ხორნაულს, კაცს, რომელმაც მთელი ცხოვრება ჩრდილში გაატარა, მაგრამ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. ის ყველაზე უკეთ თავს მთაში გრძნობს, იქ, სადაც დაიბადა და გაიზარდა... ამიტომაც მას მერე, რაც მწერალიც გახდა და მეცნიერიც, ისევ იქით გაუწია გულმა - კაწალხევისაკენ. მამა-პაპისათვის ჩვეულ შრომასაც არ თაკილობს, მიწას ებრძვის, მოსავალიც მოჰყავს და ფუტკარსაც უვლის. მას ეკუთვნის არაერთი კრებული ხალხური პოეზიისა, ვაჟა-ფშაველას და მიხა ხელაშვილის ცხოვრებაზე შეგროვებული მოგონებები, მიხა ხელაშვილის შემოქმედების ნაწილის გადარჩენაც მის ოჯახს უკავშირდება... ამიტომაც არ გაჰკვირვებია, როცა სცენიდან მისი გვარი ამოიკითხეს და ჯილდო გადასცეს. მთელი ცხოვრება ხალხური შემოქმედების შეგროვებას შევალიეო, - თქვა სამადლობელ სიტყვაში.

ნომინაციაში - "ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლი" - მომღერალსა და ლოტბარს, მესტიის რაიონის სოფელ ლატალის ფოლკლორული ანსამბლის ხელმძღვანელს - ალექსანდრე გვიჩიანს გადასცეს პრემია და ჯილდო; სცენაზე იდგნენ თავდაჭერილი სვანები, მათი ხელმძღვანელი - 84 წლის ლოტბარი. გუნდმა ცოტა ხნის წინ დიდი დანაკლისი განიცადა, მისი ერთი წევრი გარდაიცვალა. მიუხედავად ყველა სიძნელისა, გაუტეხლად იდგნენ და სულისშემძვრელ სვანურ საფერხულო სიმღერებს აგუგუნებდნენ.

თეიმურაზ ჯალაღანია თბილისში გაზრდილა, ნარიყალასთან ახლოს ვცხოვრობდიო. ბევრი რამ უნახავს ძველ თბილისში და ლითონისა და ტყავის დამუშავებაც იმდროინდელი ოსტატებისგან უსწავლია. ნომინაციაში - "სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატი მეტალისა და ტყავის მხატვრული დამუშავებისათვის" პრემია სწორედ მას გადაეცა. ამან დამარწმუნა, რომ ჩემი საქმე საჭიროა და რასაც ვაკეთებ კარგად ვაკეთებო, - ბრძანა ჩოხაში გამოწყლბილმა ოსტატმა.

ქედის რაიონის სოფელ ცხმორისის უხუცეს მეხორუმეთა ჯგუფს წარდგენა არც სჭირდებოდა. მათი ხორუმი საქართველოს სავიზიტო ბარათადაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ. მგონი, დრო საერთოდ ვერ ეკარება მხცოვან მეხორუმეებს. ძველებურად მოსდევთ ხალისიცა და მოქნილობაც; ნომინაციაში - "ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი" ჯილდო ცხმორისში წაიღეს, რაც მართლაც სასიხარულო იყო.

ნომინაციაში - "სახალხო მთქმელი, ხალხურ საზომსა და თემატიკაზე შექმნილი ლექსებისათვის" პრემია გადაეცა - თენგიზ ავსაჯანიშვილს. სათიბს მოვწყვიტეთო ყაზბეგში, - ასე წარადგინეს ახალგაზრდა პოეტი სცენიდან. აქ ყველა ხალხის წიაღიდან მოდიოდა, ზოგი თავისი სათიბიდან, ზოგიც - ყანის მოტეხვიდან იყო გამოყვანილი... ისინი ქართულ გენსა და ჯიშს მარტო ხელოვნებით კი არა, ცხოვრების წესითაც ინახავენ...

დაბოლოს, ნომინაციაში - "ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი" პრემია გადაეცა ეთნომუსიკის თეატრს "მთიები", (დამაარსებელი – ედიშერ გარაყანიძე; ხელმძღვანელები – ედიშერ გარაყანიძე, გიორგი გარაყანიძე). ეს ალბათ დაჯილდოების კულმინაციური მომენტი გახლდათ. საზოგადოებამ კარგად იცის, ტრაგიკულად დაღუპული ედიშერ გარაყანიძისა და მისი ოჯახის წევრების ამბავი. იმ ავტოკატასტროფას სასწაულით გადარჩენილი მისი ვაჟი - გიორგი გარაყანიძე ბურჯად შეუდგა "მთიებს" და მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, დიდი სიბრძნითა და ხელოვნებით იმუშავა ქართული ფოლკლორის სფეროში.

ედიშერ გარაყანიძე წერდა: "ვისურვებდი, რომ ეს ნიჭი სიმღერისა, რაც ქართველ კაცს აქვს და რომლის გარეშეც მას ნამდვილად არ შეუძლია - მე ამას არ ვაჭარბებ - არასოდეს დაეკარგოს. მიხეილ ხერგიანი ამბობდა, როცა ძალიან მიჭირდა, როცა კლდეზე სამი თითით ვიყავი დაკიდებული, მაშინ "ლილეოს" სიმღერას ვიწყებდი, გაჭირვებიდან როგორღაც ვაჟკაცურად გამოსასვლელადო. მეც გამოვცადე, როცა აქ არ ვიყავი, ძალიან ძნელი აღმოჩნდა სამშობლოს გარეშე ყოფნა. სწორედ მაშინ სიმღერამ გამაძლებინა - დავდიოდი ქუჩაში და სულელივით ვმღეროდი ქართულ სიმღერებს. აი, ამის გარეშე, ამ სიმღერის გარეშე, ქართველი კაცი არ არსებობს და ღმერთმა ნურც ქნას! ნურავის ეგონება რომ სხვა სიმღერა შეგვიცვლის იმას, რასაც ძირძველი ქართული სიმღერა ჰქვია".

რაც ედიშერ გარაყანიძემ ისურვა, მისი ასრულებისთვის ყოველდღიურად შრომობდა გიორგი... თავისი წინაპრების ღირსეული მემკვიდრეც იყო და სრულიად ქართული საქმის დაუღალავი მოამაგეც.

იმ გარაყანიძეების ჩამომავლები იყვნენ, ვისაც მეფემ ერთგულებისა და ვაჟკაცობისათვის ბიწმენდი უბოძა, ზაქარია კათალიკოსმა კი სვეტიცხოვლის მსახურებისათვის - სოფელი გალავანი. იქ დღემდეა დარჩენილი მათი ოჯახის საგვარეულო ციხესიმაგრის ნაშთები და ძველი ეკლესია. დიდი პაპა - გიორგი ლუარსაბის ძე გარაყანიძე სამხედრო პირი იყო, პირველ მსოფლიო ომში დაეცა გმირულად. სიმღერა უბადლო სცოდნია... ამბობენ, როცა სანდრო კავსაძემ გიორგი ლუარსაბის ძის ნამღერი მოისმინა, გვერდით გადგა: მე ნუ მთხოვთ მცხეთაში გუნდის ჩამოყალიბებას, თქვენ ისეთი ლოტბარი გყავთ, მასზე უკეთ ამას ვერავინ შეძლებსო.

უფროსი გიორგი გარაყანიძე ომში დაეცა... თუმცა მისი გენი არ დაკარგულა. მისმა შვილთაშვილმა - ედიშერმა და შვილთაშვილის შვილმა - გიორგიმ პირნათლად ატარეს წინაპართა ღირსეული შთამომავლის სახელი... კიდევ რამდენ საქმეს აღასრულებდა გიორგი გარაყანიძე, რომ დასცლოდა, კიდევ რამდენად გააძლიერებდა ქართულ ფესვსა და მისგან ამონაყარ მოსაფრთხილებელ შტოებს! საუბედუროდ, 2012 წელს გარდაიცვალა. სულ ორიოდე თვის წინ მეორე ტრაგედიაც დაატყდა თავს "მთიებს", მათი წევრი - გიორგი ხაინდრავა ემსხვერპლა ავტოკატასტროფას.

"მთიებისთვის" სცენაზე გამოსვლა ცხადია, ძალიან ძნელი იყო, მაგრამ აუცილებელი. მათ შეძლეს, უღალატოები დარჩენილიყვნენ და დიდი საქმე გაეგრძელებინათ. ედიშერ და გიორგი გარაყანიძეების "მთიების" გამარჯვება სრულიად ლოგიკური გახლდათ და საქართველოს გამარჯვებად ჟღერდა, რადგან ის, რაც "მთიებმა" სცენაზე გააცოცხლეს, საქართველოა - დასაკარგად არგასამეტებელი საქართველო! ეს საქართველო უნდა დახვდეს პატარა ილიას - გიორგი გარაყანიძის ვაჟს, რომელიც ჯერ ერთი წლისაც არ არის, ეს საქართველო უნდა დახვდეს ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს...

(სპეციალურად საიტისთვის)