"შოუზე არ არის აუცილებელი სასწაულები აკეთო" - კვირის პალიტრა

"შოუზე არ არის აუცილებელი სასწაულები აკეთო"

"ჩერტკოევისა უსუსური შეფასება არ მწყენია, უბრალოდ, გამეცინა"

”მსახიობი ჯაბა კილაძე კონკურსს - "ცეკვავენ ვარსკვლავები" გამოეთიშა. მან  ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის მთავარი ხალხის სიყვარულია და არა ის, რას იტყვის მასზე გოჩა ჩერტკოევი. შეგახსენებთ, რომ ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა გოჩა ჩერტკოევმა კილაძის აჭარულს "სულიდან არ წამოსული ცეკვა" უწოდა და დაბალი ქულა დაუწერა.

- ჟიურიში ჯემალ ჭკუასელი იჯდა, კაცი, რომელიც ყველა მოცეკვავეს მკაცრად აფასებდა. ქართული ცეკვის შესრულება ძალიან რთულია და მე ვთვლი, რომ ყველა კონკურსანტმა ძალიან კარგად იცეკვა. ბატონ ჯემალს ყველას მიმართ მკაცრი მიდგომა ჰქონდა და ამის მიუხედავად, ძალიან კარგი შეფასება მომცა. ქულას არ ვგულისხმობ, სიტყვიერ შეფასებაზე ვამბობ. მთავარი აჭარულ ცეკვაში ხასიათია და ხასიათი თუ შიგნიდან არა გაქვს, ამას ვერ გააკეთებ. როგორ შეიძლება ძალით გავიცინო.

სამწუხაროდ, მეგონა, რომ იმ დონის პროფესიონალი, როგორიც გოჩა ჩერტკოევია, ამას ნამდვილად დაინახავდა და ვფიქრობ, დაინახა კიდეც. უბრალოდ, ასე უნდოდა ჩემი შეფასება. ეს იმდენად უაზრო შეფასება იყო, ჯობდა სხვა რამ ეთქვა: ხელი შეგეშალა ან აჭარული ვერ მოირგეო. უსუსური შეფასება იყო და არც მწყენია, უფრო გამეცინა. მთავარია, ხალხმა ნახა, რომ გადასარევად თუ არა, ნორმალურად მაინც ვიცეკვე. ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გოჩა ჩერტკოევის შეფასება.

- განაწყენებული ხარ, პროექტი რომ დატოვე?

- ჩემს წამოსვლას უსამართლოს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. ამბობენ, ოთარ ტატიშვილი ვერ ცეკვავსო. მერე რა, რომ ვერ ცეკვავს? ოთარი იქ იმიტომ არ აუყვანიათ, რომ პროფესიონალი ბალერონია. ვთვლი, რომ საკმაოდ ღირსეული კონკურსანტია პროექტში. ხალხს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დარჩა, უნდოდათ, პროექტში კიდევ ვყოფილიყავი. ეს არის შოუ და არ არის აუცილებელი სასწაულები გააკეთო, მგონი, ზედმეტად სერიოზულად უდგებიან ამ ცეკვებს.

ქეთი საგინაშვილი