რუსთაველის თეატრიდან სასამართლო დარბაზამდე?! - კვირის პალიტრა

რუსთაველის თეატრიდან სასამართლო დარბაზამდე?!

"ია ფარულავას აუცილებლად ვუჩივლებ"

პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" ნამდვილ რინგად გადაიქცა. ჟიურის წევრმა ია ფარულავამ თაკო გაჩეჩილაძეს ცეკვისას "რობოტი დაუნი" უწოდა.

ინციდენტი 5 ნოემბერს რუსთაველის თეატრის კულისებში განახლდა და შოუში კვლავ გაგრძელდა. "დაუნი რობოტების" გახმაურებული თემის შემდეგ, რის გამოც  ორივემ საჯაროდ მოიხადა ბოდიში, დაპირისპირება მწვავე ფაზაში შევიდა. თაკო გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ფარულავა მას გასახდელში შეუვარდა და გინება დაუწყო. მოგვიანებით გაჩეჩილაძემ "ფეისბუკის" გვერდზე მომხდარის შესახებ დაწვრილებით დაწერა. საპასუხოდ  ფარულავამ გაჩეჩილაძეს ურჩია, ფსიქიატრს მიმართოს: "ერთ გოგოს დახმარება სჭირდება. საჯაროდ ვუდებ ჩემი მეგობრის, უმაგრესი ფსიქიატრის ნომერს. დამიჯერე, რომ გჭირდება დახმარება, მერე მადლობას მეტყვი". ამის საპასუხოდ გაჩეჩილაძემ ასევე სოცილურ ქსელში დაწერა, რომ სასამართლოში აპირებს ჩივილს.

მივა თუ არა საქმე სასამართლომდე,  ამის გასარკვევად "კვირის პალიტრა" ია ფარულავას დაუკავშირდა: "თაკო ჩივილს აღარ აპირებს. ის უბრალოდ გაუწონასწორებელი ადამიანია და ამიტომ ახსენა სასამართლო. ან რა მიზეზით უნდა მიჩივლოს? მე მყავს მოწმეები, რომლებმაც კარგად დაინახეს, რომ შეურაცხყოფა პირველად მან მომაყენა.".

თაკო გაჩეჩილაძე: - ვერ გამიგია, რას მერჩის, გიჟია ალბათ.

- ამბობთ, რომ სასამართლოში აპირებთ ჩივილს, ფარულავამ თქვა, რომ მასზე კომპრომატი არა გაქვთ.

- როგორ მექნება, როდესაც წააშლევინა ალინა არველაძეს. მაგრამ იქ ხომ იყო უამრავი მოწმე, რომლებიც დარწმუნებული ვარ, გვერდში დამიდგებიან. რაც მთავარია, გადაცემების ვიდეოჩანაწერებში კარგად ჩანს, ია როგორ ცდილობს ჩემს დამცირებას, მეუბნება  - ფეხებში ჯოხები გაქვსო. შოუს დაწყებამდე 15 წუთით ადრე მოვიდა.  ჯერ მოუქნელ დათვს შემადარა, შემდეგ კი ლანძღვა  დამიწყო, თუმცა მაგას ლანძღვა არც ჰქვია, ქუჩის ქალივით იგინებოდა. ყველა მამშვიდებდა: ნუ მიაქცევ ყურადღებას, ვერ არისო. როდესაც ამბობს, პირველმა თაკომ მომაყენა შეურაცხყოფაო, ეს მაგის ნამუსზე იყოს.  ვინც არის ია ფარულავა, ყველამ კარგად იცის. მაგის გვერდით რომ მომიხსენიებენ,  ჩემთვის დიდი სირცხვილია.

- ეს დაპირისპირება სასამართლომდე მივა?

- შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ია ფარულავას აუცილებლად ვუჩივლებ.

ქეთი საგინაშვილი