გადავწყვიტე! მოვდივარ! - კვირის პალიტრა

გადავწყვიტე! მოვდივარ!

"ჩემი ვალია, არ მივატოვო ჩემი სახლი, სადაც 50 წელი გავატარე"

"რატომ ვარ უფერული?"

"თეატრი არც უფერული მსახიობის ზალიკო (ჩიქობავას) კუთვნილებაა, არც "ოლივერისა" და არც პატარა ტკიპების, მმართველმა მურმანივით რომ შეასია თეატრს. მოვდივარ!

ეს თეატრი ილიას, აკაკის, იაკობის დაარსებულია და კოტეს ვნებები, ახმეტელის სისხლი, დოდოს თეატრალობა, მიშას ერთგულება მაიძულებს, ამ უზურპატორებს გავუსწორდე. ვინ არიან ეს პუკები ან გაზარმაცებული მსახიობები, თამაში რომ აღარ უნდათ. უბრალოდ ეშინიათ. ან იმ რეჟისორების სიამაყეს, ლონდონის 40 წლის წინ დადგმულ სპექტაკლს ქართულ თეატრში უნიჭოდ რომ იმეორებენ, ამიტომ მოვდივარ!

ამ თეატრში მეც ვმუშაობდი და ჩემი ვალია, არ მივატოვო ჩემი სახლი, სადაც 50 წელი გავატარე. იმ ვითომ ინტელექტუალურ რეჟისორებზე მეტი ნამდვილად წამიკითხავს. ერთი წიგნით მეტი მაინც. იმ ნიჭიერ მსახიობებს, ვისაც ხელფასი ბევრად დაბალი აქვს, ვიდრე უნიჭო არტისტებს, ნამდვილად ვუშველი. ბოლოს და ბოლოს, ეს რუსთაველის თეატრია! მოვდივარ!"

ეს განცხადება რეჟისორმა რობერტ სტურუამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. რეჟისორმა არ დააკონკრეტა თარიღი და არც რაიმე სხვა კომენტარი გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ რობერტ სტურუა 2011 წლის 9 აგვისტოს მაშინდელი კულტურის მინისტრ ნიკა რურუას გადაწყვეტილებით ეთნიკური ხასიათის განცხადებების გამო გაათავისუფლეს, უფრო კონკრეტულად, პრეზიდენტ სააკაშვილს სომეხი უწოდაო: "სომეხია და რა ვქნათ,  ეს ხომ არ არის დამალული?".

"კვირის პალიტრასთან" თეატრის მმართველი ზაალ ჩიქობავა ინტერვიუში აცხადებს, რომ სტურუას შეფასებას ვერ გაიზიარებს:

- რაც შეეხება ჩემი, როგორც მსახიობის შეფასებას, ალბათ, ნებისმიერი მსახიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი რეჟისორის კრიტიკაც კი, როგორიც რობერტ სტურუაა.

თუმცა, ამ შემთხვევაში მგონია, რომ ბატონი რობერტის ეს შეფასება, ცოტა არ იყოს, მწირია. “ უფერული მსახიობი “- უნდა დაეკონკრეტებინა, რატომ ვარ უფერული, ასეთ შემთხვევაში მე მივიღებდი მის კრიტიკას.

რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრს ტკიპებშესეული უწოდა, ასევე  რეპერტუარსაც შეეხო და "ოლივერი" 40 წლის წინ დადგმული სპექტაკლის უნიჭო გამეორებას შეადარა. არასწორია, როდესაც ისე აკეთებენ შეფასებებს, რომ არც უნახავთ სპექტაკლი. რაც შეეხება "ოლივერს", მან დიდი წარმატება მოიპოვა, ახლაც გვაქვს რეპერტუარში. ხალხის შეფასებაა მთავარი. საზოგადოებას მოეწონა და მაყურებელი კმაყოფილია. ხომ ფაქტია?

- როდის ბრუნდება რობერტ სტურუა თეატრში, თუ გაქვთ ინფორმაცია?

- გადაწყვეტილება მხოლოდ კულტურის სამინისტრომ უნდა მიიღოს, ჩემთვის ეს ცნობილი არ არის.

- როგორ გესახებათ ურთიერთთანამშრომლობა და როგორ გადაწყდება თქვენი თანამდებობაზე დარჩენის საკითხი?

- ყველამ იცოდა, რომ რობერტ სტურუა დაბრუნდებოდა. მომავალ სეზონთან დაკავშირებული ჩვენი გეგმები საბიუჯეტო განაცხადითურთ უკვე შეთავაზებული გვაქვს სამინისტროსთვის და დამტკიცებულია. როდესაც ახალი სამხატვრო ხემძღვანელი მოდის, მას თავისი ხედვა აქვს და რასაკვირველია, ის შეიძლება განსხვავებულიც იყოს.

ქეთი საგინაშვილი