ცუცა კაპანაძე და ნიუ-იორკის ქართული თეატრი - კვირის პალიტრა

ცუცა კაპანაძე და ნიუ-იორკის ქართული თეატრი

სასიხარულოა, რომ ნიუ-იორკის - "მსოფლიოს დედაქალაქის" ქართული თეატრი ერთ-ერთი წარმატებულია ამ მეგაპოლისში არსებულ უამრავ თეატრს შორის.

უკვე რამდენიმე წელია, სწორედ ამ თეატრში მოღვაწეობს საქართველოში ერთ დროს ძალიან პოპულარული "პა-სეანსის" მსახიობი ცუცა კაპანაძე:

- ნიუ-იორკის ქართული თეატრი 2007 წელს შეიქმნა... ხელმძღვანელები გახლავთ ბატონი ვიქტორ სირელსონი და ლიკა ბახტურიძე-სირელსონი. ბატონი ვიქტორი უზომოდ შეყვარებულია ქართულ კულტურაზე, მან მთელი საქართველო მოიარა და ყველა ქართული ცეკვის ისტორია შეისწავლა. ორი წლის წინ იგი ჩოხოსნადაც კი აკურთხეს, - ანუ ჭეშმარიტი ქართველი გახდა. იმავე წელს დაიწყო რეპეტიციები ოტია იოსელიანის პიესაზე "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი"... სამწუხაროდ, ჩვენი რეპეტიციები დაემთხვა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს, რის გამოც მთელი დასი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. რეპეტიციებამდე მივდიოდით გაეროს წინ, საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მისაღებად და შემდეგ ვბრუნდებოდით თეატრში. პრემიერის მოხსნასაც კი ვფიქრობდით, რომელიც 15 სექტემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა გვირჩიეს, არ გაგვეუქმებინა პრემიერა და ამით კიდევ ერთხელ დაგვემტკიცებინა, რომ ქართველი ერი სულიერად ასე იოლად არ ეცემა!

15 სექტემბერს ჩატარდა პრემიერა. საღამო გახსნა ბატონმა ვიქტორ სირელსონმა და გაეროს ყოფილმა ელჩმა ბატონმა ირაკლი ალასანიამ. ეს არ იყო მხოლოდ ქართული თეატრის პრემიერა, იმ წუთებში ეს იყო, ქართველი ერისა და ქართული კულტურის გამარჯვება. სპექტაკლი თანაბრად გულის ამაჩუყებელი აღმოჩნდა როგორც დარბაზში მყოფი მაყურებლისთვის, ასევე მსახიობთათვის. სპექტაკლის დასრულების შემდეგ მაყურებელთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ სპექტაკლის განმავლობაში ისინი იყვნენ საქართველოში, ქართულ თეატრში...

- სპექტაკლის დამდგმელ ჯგუფზეც გვესაუბრეთ...

- "შინაბერების" დამდგმელი ჯგუფი გახლავთ: ლიკა ბახტურიძე-სირელსონი, ხათუნა იოსელიანი, რამაზ ზურაბაშვილი... შემდეგი სპექტაკლი იყო "სარკე", ლიკა ბახტურიძის პიესის მიხედვით, რომელიც ქართველი ემიგრანტების რეალურ ცხოვრებას ასახავს. რეჟისორი გახლავთ რამაზ ზურაბაშვილი, კომპოზიტორი - დავით ჭკუასელი, მხატვარი - თამუნა აბესაძე, ქორეოგრაფი - ირაკლი შენგელია. 2011 წლის ივლისში "სარკე" მიწვეულ იქნა ნიუ-იორკის "მიდთაუნის" თეატრალურ ფესტივალზე. ეს იყო უპრეცენდენტო შემთხვევა - ფესტივალზე უცხოენოვანი სპექტაკლი დაუშვეს... ამავე წელს, თეატრი გასტროლებზე იმყოფებოდა კანადაში, სადაც საოცარი სითბოთი და სიყვარულით მიგვიღეს. როგორც გვითხრეს, ისეთი შთაბეჭდილება ჰქონდათ, თითქოს ჩვენ ნიუ-იორკიდან კი არა, საქართველოდან ვიყავით ჩასული. სპექტაკლმა არა მხოლოდ ქართველი მაყურებლის გული მოიგო, არამედ საკმაოდ კარგი შეფასება დაიმსახურა ნიუ-იორკელი თეატრის კრიტიკოსებისაგან და კარგი გამოხმაურება მოჰყვა პრესაშიც. თეატრს, ქართული დიასპორის მიერ, მიწვევები აქვს ამერიკის სხვადასხვა შტატში, ასევე იტალიასა და გერმანიაში...

ამჟამად დასი მუშაობს ორ სპექტაკლზე - ნოდარ დუმბაძის "თეთრ ბაირაღებზე" და ბერტოლდ ბრეხტის პიესაზე.

- როგორც გავიგე, ფილმიც გადაიღეთ...

- დიახ, სულ ახლახან დავამთავრეთ მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "ნანა", რომელიც ახალგაზრდა, ნიჭიერმა რეჟისორმა ქეთი ორჯონიკიძემ გადაიღო. სურათი ქართველი ემიგრანტი ქალის ცხოვრებას ასახავს. ფილმი ინგლისურენოვანია, ისევე როგორც მსახიობთა და გადამღები ჯგუფის ძირითადი ნაწილი, მხოლოდ მე და რეჟისორი ვართ ქართველები.

ამ ფილმის შემდეგ ქეთიმ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ქართული პური", რომლის მთავარი თემაც ისევ ემიგრანტებია. მთავარ როლს კი ბატონი კახი კავსაძე თამაშობს. ამ ფილმში ბატონი კახის ასისტენტი გახლდით. ჩემთვის განსხვავებულ და საინტერესო ამპლუაში მომიწია მუშაობა.

ბედნიერი ვარ, რომ გვყავს არაჩვეულებრივი, ნიჭიერი დასის წევრები და ერთ დიდ, ლამაზ ქართულ ოჯახს ვქმნით. ვარ ხელოვნების სკოლა-სტუდიის მთავარი მენეჯერი და ქალბატონ ხათუნასთან ერთად ბავშვთა ქართული თეატრის პედაგოგი. მე და ქალბატონი ხათუნა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბავშვებს ქართული კულტურა გავაცნოთ და შევაყვაროთ.

რაც შეეხება ნიუ-იორკს, მართლაც მსოფლიო დედაქალაქია. ეს არის ქალაქი, სადაც შეგიძლია, ყველა ოცნება აიხდინო თუ სწავლა და შრომა არ გეზარება. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ნიუ-იორკს ისევ ჩემი ქვეყანა და ჩემი ქალაქი მირჩევნია, სადაც მე ძალიან მალე დავბრუნდები და ჩემს საყვარელ საქმეს გავაგრძელებ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს საყვარელ ერს წინასწარ მივულოცო შობა-ახალი წელი და ყველა ოცნების ასრულება ვუსურვო. ვისურვებდი, გვეცხოვროს ჭეშმარიტად სამართლიან, დამოუკიდებელ საქართველოში... მიყვარხართ და მენატრებით, ჩემო საყვარელო მაყურებელო!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)