ვარდისფურცლობა "და ქალისაგან" - კვირის პალიტრა

ვარდისფურცლობა "და ქალისაგან"

"და ქალს" შეუძლია, დაარწმუნოს, რომ ბედნიერებაა, იყო ქალი...

"ეძიე ქალი" - გვეუბნება ჟურნალი "და ქალი" და თავადაც აგრძელებს ძიებას...

ეს ამბავი დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო, მაშინ, როცა ჟურნალ "და ქალის" პირველი ნომერი გამოვიდა... თუმცა, ფიქრი იმაზე, რომ ქალს - სამყაროს ამ უმშვენიერეს ქმნილებას - თავისი ფასისა და შესაძლებლობების შეცნობაში დახმარება სჭირდება, უფრო შორეულ წარსულში იღებს სათავეს...

ერთი ამბავი გამახსენდა: კარგა ხნის წინ ევროპაში, ერთ-ერთ კონფერენციაზე, მარიკა დარჩიამ არაერთი მოხსენება მოისმინა ქალთა უფლებების შესახებ; იყო მსჯელობა, კამათი, მტკიცება, რომ თურმე დილაობით ნაგავი უფრო ხშირად ქალებს გააქვთ და ეს მათი დისკრიმინაციაა... ვერ მოითმინა კონფერენციის ქართველმა სტუმარმა: მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი ის არის, ვის იდეებს ასხამს ხორცს ქალი - თავისას თუ მამაკაცისასო, - განუცხადებია აუდიტორიისთვის და მსმენელის აღფრთოვანებაც გამოუწვევია... მართლაც, მთავარია იდეა, მესაჭეობა იმ გემისა, ცხოვრება რომ ჰქვია, და არა იმის დათვლა, ვინ რამდენჯერ წავიდა მაღაზიაში და ვინ რამდენჯერ გაიტანა ნაგავი...

ეს ძველი ამბავი იმან გამახსენა, რომ ჟურნალი "და ქალი" სწორედ ქალთა მეგობარი და მხარდამჭერია, რაც მთავარია, ეძებს ქალებს, რომლებიც გამჭრიახი გონებით, მარჯვე ხელებითა და ცხოვრებისეული სიბრძნით გამოირჩევიან. მათი ხელქმნილი უამრავი მშვენიერი სამყარო კი ათასობით ადამიანს ულამაზებს ცხოვრებას.

სულ არ გამკვირვებია, რომ "კვირის პალიტრის" კრეატიულ დირექტორს მარიკა დარჩიას, ლელა მოდებაძესა და ნინო ტურაშვილთან ერთად ჟურნალ "და ქალის" გამოცემის იდეა გაუჩნდა.

ამ ჟურნალამდე სამივე სხვადასხვა გზით მოვიდა, ხედვაც სხვადასხვანაირი აქვთ, მაგრამ ისინი ერთად ქმნიან ჟურნალს ხასიათით, სოციალური მდგომარეობით, ასაკით განსხვავებული ქალებისათვის... რაკი ასაკი ვახსენე, ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ "და ქალის" მთავარი ქალბატონები ამბობენ, სამივე ერთად ქალის სამივე ასაკს წარმოვადგენთო... მარიკა დარჩია უკვე ბებიაა - ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ მაინც... ლელა მოდებაძე ჯერ სკოლის მოსწავლეების დედაა... ნინო ტურაშვილი თვითონ მოსწავლეს ჰგავს (თუმცა ისიც ორი შვილის დედაა და მესამეს ელის)...

გონიერი მამაკაცები ქალის სამ ასაკს პირველ, მეორე და მესამე ქალიშვილობას ან ყვავილობას ეძახიან. ასეცაა... გამოცდილებასთან ერთად კიდევ უფრო საინტერესო "ყვავილებით შეიძლება აყვავდე". ტყუილად კი არ ამბობდა კოკო შანელი, 30 წლამდე ქალი ისე გამოიყურება, როგორც ბუნებამ დაასაჩუქრა, 30-დან 50-მდე - როგორც თავს უვლის... 50 წლის შემდეგ კი მხოლოდ ისე, როგორც იმსახურებსო.

"და ქალის" ავტორებზე საუბარი იმდენად სახალისო და საინტერესოა, რომ ცდუნებას ვერ გავუძელი და მთავარ თემას ცოტა გადავუხვიე... მთავარი კი ის გახლავთ, რომ 29 ნოემბერს ჟურნალმა "და ქალმა" თავის მეგობრებს - როგორც ახლა ამბობენ ხოლმე, დაქალებსა და ძმაკაცებს,  შარდენის #14-ში, კაფე "ლეფის" ძალიან სასიამოვნო გარემოში უმასპინძლა.

- ჩვენი ჟურნალი ორი წლისაა, - გვითხრა ქალბატონმა მარიკა დარჩიამ, - ამ ხნის განმავლობაში თქვენთვის დაუღალავად შრომობდა შემოქმედებითი ჯგუფი - რედაქტორი  ნინო ტურაშვილი და ავტორები. ვცდილობდით, განსაკუთრებული და საინტერესო ჟურნალი შეგვექმნა, რაც, ვფიქრობ, გამოგვდიოდა კიდეც. ჩვენ გვაქვს პროექტი - "ეძიე ქალი", რომელიც იქნება, სანამ ჟურნალი იარსებებს. ამ პროექტის ფარგლებში ვეძებთ ნიჭიერ ქალბატონებს. ამ ხნის განმავლობაში ჟურნალის სტუმრები იყვნენ ძალიან საინტერესო ქალბატონები. მათ შორის რამდენიმეს შერჩევა ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ მაინც გამოვარჩიეთ. დღეს მათ დავაჯილდოებთ; იქნება სხვა პრიზებიც და ლატარიის გათამაშებაც, რომელშიც ყველა სტუმარი მიიღებს მონაწილეობას...

საღამო მართლაც არაჩვეულებრივად წარიმართა. ეს ერთგვარი "ვარდისფურცლობა" იყო ჟურნალ "და ქალისაგან". არა მარტო იმიტომ, რომ დაჯილდოებისას გამარჯვებულებს თავზე ვარდის ფურცლები ეფინებოდათ... "და ქალს" შეუძლია, თავისი მკითხველები დაარწმუნოს, რომ ბედნიერებაა, იყო ქალი და განსაკუთრებული ხვედრი - იყო ჭკვიანი და წარმატებული ქალი... ამას მამაკაცების გასაგონადაც ვამბობ, რადგან მათ ხშირად სჭირდებათ ამის შეხსენება.

"და ქალის" წლევანდელი რჩეულები არიან: თეკო ინასარიძე, რომელიც არაჩვეულებრივად წერს. როგორც "და ქალელებმა" მითხრეს, ის მართლაც აღმოჩენა იყო და მას მერე ჟურნალში მისი ნაწერები იბეჭდება.

თეა გუნთაიშვილი, რომელიც არაჩვეულებრივ თოჯინებს ქმნის.

ეკა ასათიანი - ლამაზი და კრეატიული შარფებისა და ღია ბარათების შემქმნელი. მისი შარფები თბილისის რუკით გამოდის, ღია ბარათები კი განუმეორებელ არქიტექტურულ ძეგლებს ჭრილების საშუალებით იმეორებს.

მანანა ლომაძე სრულიად ახლებური ქუდებისა და შარფების ავტორი გახლავთ, ნინო კიკნაძე კი გამორჩეულ სამკაულს გვჩუქნის...

"კიკინას გოგონები" - ასე ეძახიან სიყვარულით "და ქალელები" ორ გოგონას, რომლებიც თმის სამაგრებსა და ბროშებს ქმნიან...

"და ქალმა" კიდევ ერთი პრიზი დააწესა - ერთგულებისთვის - და ის ლელა ბაკურაძეს გადასცა, "ნატურაფარმის" და "ველედას" დირექტორს. პირველი ნომრიდან დღემდე ამ კოსმეტიკური ხაზის რეკლამა ჟურნალ "და ქალში" იბეჭდება...

საინტერესოა, რომ "და ქალმა" კიდევ ერთი ჭკვიანი და საინტერესო ქალი დაიმეგობრა - პოპულარული დეტექტივების ავტორი მაია ბურჭულაძე. ჟურნალის მომავალ ნომერში მისი ძალიან საინტერესო რომანის ბეჭდვა დაიწყება.

"ეძიე ქალი" - გვეუბნება ჟურნალი "და ქალი" და თავადაც აგრძელებს ძიებას... სხვათა შორის, ეს ერთადერთი გზაა, რომ ქალისა თუ მამაკაცის ცხოვრებაში გაჩნდეს "ვარდისფურცლობის ნიშანი"  და დადგეს "დრო ახალი პაემანისა"...