ორმა ცნობილმა ქართველმა საოპერო მომღერალმა "ლა-სკალას" სცენაზე ერთად გაიბრწყინა - კვირის პალიტრა

ორმა ცნობილმა ქართველმა საოპერო მომღერალმა "ლა-სკალას" სცენაზე ერთად გაიბრწყინა

ახალგაზრდა ქართველ საოპერო მომღერალს - ქეთი ქემოკლიძეს ქართველი მელომანები კარგად იცნობენ... ალბათ ყველას ახსოვს მსოფლიოში აღიარებული მეგავარსკვლავის - პლაჩიდო დომინგოს კონცერტი ბათუმში, როდესაც პლაჩიდო დომინგომ კონცერტის წინა დღეს მოითხოვა საღამოზე მის ფავორიტ - ქეთი ქემოკლიძეს ემღერა... ქეთი ქემოკლიძეს ამის შემდეგაც არაერთი ტრიუმფი ხვდა წილად.

ქეთი ქემოკლიძე:

- წელს ყველაზე უჩვეულო სეზონის გახსნა მქონდა, - დედის ამპლუაში... შვილი მარტში შემეძინა. ამ უბედნიერესი მოვლენის შემდეგ ჩემი პირველი სცენაზე გამოსვლა მოხდა დიუსელდორფის თეატრში ჩემს დაბადების დღეს, სადაც შევასრულე როზინას პარტია "სევილიელ დალაქში". სასიამოვნო დამთხვევა იყო, რადგან ეს პარტია კარგად მაქვს გათავისებული და ნამღერი მსოფლიოს წამყვან სცენებზე. გერმანელი მსმენელი დიდი სითბოთი გამოირჩევა და ჩემდა სასიხარულოდ, მეც ასევე თბილად მიმიღო.

მიუხედავად იმისა, რომ მიმღერია ამ ნაწარმოების უამრავ დადგმაში და სწორედ წელს "არტჰოუსმა" გამოუშვა ამ ოპერის DVD ჩემი მონაწილეობით, ეს ძალზე ორიგნილური რეჟისურა იყო... პეპელა ვიყავი დიდი ფრთებით, რომელიც ყვავილში ცხოვრობს და შეყვარებულია ფუტკარ გრაფში. ძალიან ცნობილი დადგმაა ევროპაში და ძალიან სახალისო, რადგან ყველა პერსონაჟი რაღაც მწერადაა გადაცმული.

დიუსელდორფის სპეკტაკლების შემდეგ საზაფხულო არდადეგებზე ვეწვიეთ საქართველოს. ეს ჩემი შვილის პირველი ვიზიტი იყო თავის ქვეყანაში და ლამაზი ზაფხული ოჯახურ გარემოში გავატარეთ, რასაც თან ახლდა ჩემთვის ახალი როლების და ნაწარმოებების შესწავლა ჩემს პედაგოგ - გულიკო კარიაულთან... ეს წელი დატვირთული მაქვს ახალ როლებში დებიუტებით.

- შემდეგ ტურნეზეც გვიამბეთ.

- ზაფხულის მიწურულს დამეწყო საკონცერტო ტურნე სანკტ-პეტერბურგის ფილარმონიასთან ერთად, მსოფლიოში Gგამორჩეული დირიჟორის - იური ტემირკანოვის დირიჟორობით. პროგრამაში იყო პროკოფიევის "ალექსანდრე ნეველი" და "ივანე მრისხანე". ძალიან ლამაზი და დასამახსოვრებელი ტურნე იყო, განსაკუთრებული პატივია რუსული მუსიკის შესრულება ასეთ ისტორიულ ორკესტრთან და ლეგენდარულ დირიჟორთან ერთად.

პირველი კონცერტი გაიმართა ბასკეთის ულამაზეს ქალაქ სან-სებასტიანში დონასტიას ფესტივალზე. ეს არის ესპანეთის ერთ-ერთი შესანიშნავი ქალაქი და მე, როგორც ქართველი, ძალიან დიდ სიყვარულს ვგძნობდი ბასკებისაგან ჩვენი ისტორიული სიახლოვიდან გამომდინარე.

სან-სებასტიანს მოჰყვა ანსის ფესტივალი საფრანგეთში, სადაც კონცერტი ჩაიწერა ცნობილმა კლასიკური მუსიკის არხმა - "მეცო". მომავალ სეზონში მისი ტრანსლაცია მოხდება. ესაა ტბაზე გაშენებული ულამაზესი ქალაქი საოცარი პუბლიკით...

შემდეგი კონცერტი გაიმართა დიდი იტალიელი რეჟისორის - ფედერიკო ფელინის მშობლიურ ქალაქ რიმინიში, "საგრა მუზიკალე მალატესტინას" ფესტივალზე და ტურნე დასრულდა მილანში - "მიტო"-ს ფესტივალზე.

ტურნემ მართლაც დიდი წარმატებით ჩაიარა და ბედნიერი ვარ, რომ რუსული მუსიკის ამ უბადლო შემსრულებლებისგან ძალიან დადებითი შეფასება მივიღე.

- ახლაც მილანში იმყოფებით და თან ძალიან საპასუხისმგებლო გამოსვლა გიწევთ...

- მილანში მალევე დავბრუნდი. ახლა უკვე "ლა სკალას" სცენაზე ვერდის "რიგოლეტოში" სამღერად. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მთავარ პარტიას ასრულებს ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე და გაგვიმართლა, რომ ჩვენთან მუშაობდა "ლა სკალას" წამყვანი პიანისტი - მზია ბახტურიძე. ჩემთვის ძალიან სიმბოლურია ეს პარტია, რადგან 10 წლის წინ, ჯერ კიდევ კონსერვატორიის სტუდენტობისას, სწორედ ამ პარტიაში შედგა ჩემი სასცენო დებიუტი და ახლა, 5 წლის შემდეგ, ამავე პარტიით დავბრუნდი "ლა სკალას" სცენაზე. ესაა სცენა, რომელიც ყოველთვის უდიდეს სიხარულთან და პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული.

ძალიან საინტერესო სარეპეტიციო პერიოდი იყო წარმატებულ ახლაგაზდა დირიჟორის - გუსტავო დუდამელის და ცნობილი ბელგიელი რეჟისორის - ჯილბერტ დეფოს ხელმძღვანელობით. ჰერცოგის და ჯილდას პარტიებს ასრულებდნენ ცნობილი მომღელები ვიტორიო გრიგოლო და ელენა მოსუკი. ზოგადად იტალიაში და მითუმეტეს ამ სცენზე, ვერდის შესრულება ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ სპეკტაკლს უდიდესი წარმატება ხვდა წილად და გამორჩეულად გრძელი აპლოდისმენტებით დაგვაჯილდოვა "ლა სკალას" კრიტიკულმა მსმენელმა.

რაც შეეხება საქართველოს, ჩემდა სასიხარულოდ ამ დღეებში მომიწევს ჩამოსვლა: ეს იქნება ჩემი პედაგოგის კლასის კონცერტი, სადაც ყველა მისი აღზრდილი მივიღებთ მონაწილეობას და ასევე ჩემი პედაგოგის პედაგოგის, ქართული ვოკალური სკოლის მესაჭის, შესანიშნავი მომღერლის - ნოდარ ანდღულაძის 80 წლის იუბილესათვის მიძღვნილ კონცერტი. უამრავი საინტერესო მომღერალი იმღერებს და ვფიქრობ, ქართველ მსმენელს ულამაზესი კონცერტები ელის.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)