"ამ წითელ სკამს ელექტროსკამს შევადარებდი" - კვირის პალიტრა

"ამ წითელ სკამს ელექტროსკამს შევადარებდი"

"ჩვენ ამ სასტიკი წესების მონაწილენი ვართ"

"ისინი სულიერად დაავადებულები არიან, ჩემს კოლეგებზე მაქვს საუბარი..."

"ვიღაც ბოროტმა არაადამიანმა დადო პოსტი ფორუმზე. ძალიან გთხოვთ, დიდი ასოებით დაწერეთ, ეს იყო ტყუილი"

მომღერალი სტეფანე აქტიურად არის ჩართული იმედის მუსიკალურ პროექტ "ახალ ხმაში". ამბობს, რომ თავისი აღსაზრდელები შვილებივით უყვარს, ინტერვიუც სწორედ ამ პროექტზე საუბრით დავიწყეთ.

-ახალი ხმა განსაკუთრებული პროექტია... როგორც შვილები, ისე მიყვარს ეს ადამიანები, იმედი მაქვს, რომ ისინი ხალხის სიყვარულსაც დაიმსახურებენ.

- ამბობენ, რომ უამრავი კარგი კონკურსანტი პროექტს გარეთ დარჩა და ამის გამო მწვრთნელებს გადანაშაულებენ.

- კონკურსს უამრავი უარყოფითი მხარე აქვს. ერთ-ერთი ის არის, რომ ძალიან ბევრი კონკურსანტი პროექტში იმიტომ ვერ მოხვდა, რომ ადგილები შეზღუდული იყო. ამ შოუს განსაკუთრებულობა  სწორედ ის არის, რომ სასტიკი წესები აქვს და ამ სასტიკი წესების მონაწილენი ვართ ჩვენც. შესაბამისად, ძალიან სამწუხარო რაღაცები ხდება... მე იმ წითელ სკამს ელექტროსკამს შევადარებდი. ეს უმძიმესი და ურთულესი პროცესია და ძალიან გთხოვთ, ყველამ გაგვიგეთ, თუმცა მე ჩემს არჩევანს ერთი წუთითაც არ ვნანობ... შემდეგ ტურში ესემესების საშუალებით უკვე მაყურებელი გადაწყვეტს, ვინ უნდა დარჩეს პროე-ქტში და ვინ - არა.  ასეც უნდა იყოს, რადგან ეს მხოლოდ ჩვენი - ხუთი ადამიანის გადასაწყვეტი არ არის...

- ახლა წინა ხელისუფლების კარის მომღერლებად მონათლულ ჯგუფზეც უნდა გკითხოთ. პროფესიონალ მომღერალთა გარკვეული ნაწილი სცენაზე არ იდგა და ამას პოლიტიკური ნიშნით დაყოფას აბრალებდა. რას იტყვით ამის შესახებ?

- არ ვიცი, რომელ დაყოფაზეა ლაპარაკი. რასაც მე ვაკეთებდი, იქ ეს არ შეიმჩნეოდა. პოლიტიკაზე ლაპარაკი არ მინდა, ეს თემა ნაკლებად მაინტერესებს. არ ვცხოვრობ წარსულით, ვიცი, რა არის სიმართლე. რასაც თქვენ გულისხმობთ, მე ეგ არ შემხებია. ახლა არის რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია. წარსულზე ლაპარაკს აზრი არა აქვს... თანაც იქნებ ახლა მაინც მოგვარდეს ეს საკითხი და ყველა კმაყოფილი იყოს.

- არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ინტერნეტსივრცეში გაჩნდა განცხადება, სადაც ამბობდით, რომ თუ "ნაციონალები" არ გაიმარჯვებდნენ, საქართველოს დატოვებდით.

- ძალიან გთხოვთ დიდი ასოებით დაწერეთ, რომ ეს იყო ტყუილი. ვიღაც ბოროტმა არაადამიანმა დადო პოსტი ფორუმზე, რომელიც იყო აბსოლუტური ტყუილი. კიდევ კარგი, ჩემმა მეგობრებმა ლინკი გამომიგზავნეს და მე ჩემი "ფეისბუკის" ოფ\იციალურ გვერდზე დავაფიქსირე, რომ ეს ტყუილი იყო. რომ შეხვიდეთ ჩემს გვერდზე, თარიღსაც ნახავთ, სულ რამდენიმე საათში ვუპასუხე ამ განცხადებას. ვიღაცებს მოსწონთ, როდესაც ადამიანებს ტკივილს აყენებენ და მაიმუნობებს აკეთებენ. ისინი სულიერად დაავადებული ადამიანები არიან, რომლებიც მსგავს საზიზღრობებს სჩადიან, ჩემს კოლეგებზე მაქვს საუბარი...

- კონკრეტულად ვის გულისხმობთ?

- ამის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, არ მინდა, ამ სიბინძურეში გავერიო.  გეტყვით იმას, რომ ხშირად მსმენია, ვიღაცებზე ტყუილები მოუგონიათ და ფორუმებზე გამოუქვეყნებიათ. მოგეხსენებათ, დღეს ნებისმიერი ინფორმაცია ინტერნეტით როგორ სწრაფად ვრცელდება. კიდევ კარგი, რომ მეც ინტერნეტის აქტიური მომხმარებელი ვარ და როგორც კი დავაფიქსირე ეს აბსურდული სიბინძურე, მაშინვე აღვნიშნე, რომ ტყუილია!

ქეთი საგინაშვილი