"ჩემთვის ნათია ნატროშვილი ის სიხარულია, რომელიც ამ თაობის სიკარგეზე მაფიქრებინებს" - კვირის პალიტრა

"ჩემთვის ნათია ნატროშვილი ის სიხარულია, რომელიც ამ თაობის სიკარგეზე მაფიქრებინებს"

ჩვენ მკითხველს ალბათ ახსოვს, - ამ წლის დასაწყისში ახალგაზრდა პიანისტი ნათია ნატროშვილი წარვუდგინეთ და იმედი გამოვთქვით, რომ დიდ წარმატებებს მიაღწევდა...(http://www.kvirispalitra.ge//tineijerebi/11386-nathia-natroshvili-akhali-varskvlavis-amobrtsyineba.html) ნათია ნატროშვილმა სულ ახლახან კონსერვატორიაში სოლო-კონცერტი გამართა და დამსწრე საზოგადოება აღაფრთოვანა.

ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე:

- კონცერტი რომ შესანიშნავი იყო, ამაში თავად დარწმუნდით... 15 წლის გოგონა ნიჭიერიცაა, ტექნიკური მონაცემებიც აქვს და, რაც მთავარია, საოცარი სიდინჯე და სიღრმე ახასიათებს, ეს კი მის ასაკში ძალიან იშვიათია. ჩემთვის ნათია ნატროშვილი ის სიხარულია, რომელიც ამ თაობის სიკარგეზე მაფიქრებინებს... საერთოდ ნათიას თაობა საოცრად ნიჭიერია, ისევე, როგორც მათზე ცოტა უფროსი თაობა. ჩვენგან ესენი ძალიან განსხვავდებიან. მათ ბევრი სირთულე გამოსცადეს, იმიტომაც იგრძნობა მათ გამოსხივებაში რაღაც სევდა, მაგრამ მგონია, რომ ეს სევდა ზუსტად იმ გონიერების, სიღრმის და სიყვარულის მომტანი და საწინდარია, რომელსაც ამ ბავშვებს ვატყობ. დღევანდელი კონცერტი ამის ერთ-ერთი დასტურია.

ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის პროფესორი ედიშერ რუსიშვილი:

- ძალიან ნიჭიერი და მონდომებული გოგონაა, არტისტულია, ძალიან უყვარს მუსიკა, გამორჩეულია ნაწარმოების შინაარსის წვდომაში და კომპზიტორების სტილის დაცვა ახასიათებს. მის თაობაში ბევრი ნიჭიერია, მაგრამ ჩემთვის ეს ბავშვი გამორჩეულია იმით, რომ ხალასი დამოკიდებულება აქვს მუსიკის მიმართ. ძალიან კარგად გრძნობს სცენას. ვუსურვებ, ასე გააგრძელოს.

ნათია ნატროშვილი:

- თებერვალში კლასიკური მუსიკის მეორე ეროვნულ კონკურსზე შოპენისა და პროკოფიევის ნაწარმოებები შევასრულე. საბედნიეროდ, კონკურსში გავიმარჯვე და გრან-პრი მოვიპოვე. გრან-პრის პირობებში შედიოდა სოლო-კონცერტი კონსერვატორიის დარბაზში. მესამე ეროვნული კონკურსი დღეს ჩემი სოლო-კონცერტით გაიხსნა.

- ვიცი, რომ წელს კიდევ სხვა წარმატებებიც გქონდათ.

- გერმანელი პროფესორი ჰანს-იურ შტრუბი ნიჭიერ ბავშვებს არჩევს და შემდეეგ თავისი რჩეული გერმანიაში ორი კვირით მიჰყავს. ამ პროფესორმა ნიჭიერთა ათწლედში მომისმინა და…გერმანიაში მიმიწვიეს. მიუნხენში მქონდა მასტერ-კლასები და კონცერტები. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და მიმაჩნია, რომ ეს დიდი წარმატება იყო. წელს მუსიკალურ სემინარიაში გადავედი სასწავლებლად და თითქმის ყოველ კვირაში მაქვს კონცერტები.

- მალე პეტერბურგში მიემგზავრები კონკურსზე?

- დიახ. პეტერბურგში მივდივარ, სადაც იანვარში მარია იუზინას სახელობის საერთაშორისო კონკურსი გაიმართება. ჟიურის წევრია ვალერიან შიუკაშვილი და მან შემომთავაზა მონაწილეობა მიმეღო. დაფინანსება თავის თავზე აიღო. იმედი მაქვს, კარგად წარვადგენ ჩემს ქვეყანას.

- მერამდენე კონკურსია?

- უკვე სათვალავიც ამერია... ალბათ მე-11. 8 წლის ვიყავი, ვალერიან შიუკაშვილმა მოცარტის 250 წლისთავს კონკურსი რომ მიუძღვნა და ამ კონკურსში მივიღე მონაწილეობა. შემდეგ იყო რამდენიმე საერთაშორისო კონკურსი როგორც თბილისში, ისე საზღვარგარეთ. არ ყოფილა კონკურსი რაიმე ჯილდო არ მიმეღოს, მათ შორის რამდენიმე გრან-პრი.

- ბატონმა რეზო კიკნაძემ განაცხადა თქვენზე, ძალიან ფრთხილიაო...

- ვეთანხმები ბატონ რეზოს და ვთვლი, რომ შემსრულებელი გარკვეულწილად ყოველთვის ფრთხილი უნდა იყოს, როდესაც რომანტიკოსის ნაწარმოებს უკრავს... სიფრთხილე არ არის საჭირო უფრო რეალიზმში, თუნდაც პროკოფიევის შესრულებისას. მაგრამ როდესაც უკრავ შოპენს ან შუმანს, მაშინ აუცილებელია. ალბათ ემოციური უფრო პროკოფიევის შესრულებისას ვარ.

- ვინ არის თქვენთვის სამაგალითო პიანისტი?

- ჩემი საყვარელი პიანისტია ელისო ვირსალაძე (თანაც ერთ დღეს ვართ დაბადებული). მიმაჩნია, რომ ქალ-პიანისტთა შორის იგი მსოფლიოში პირველია. მომწონს მარტა არგერიხი, მიცუკო უშილდა, მაგრამ ელისო ვირსალაძე ჩემთვის საუკეთესოა. ცოტა რომ მოვიზრდები, მასთან მასტერ-კლასს გავივლი... ვალერიან შიუკაშვილს ბავშვობიდან ვუსმენ და ჩემთვის სამაგალითოა. მასთან მასტერ-კლასებიც მქონდა, ვიცი, რა ხედვა აქვს და ბგერებს როგორ აღიქვამს. ჩვენი გემოვნება ერთმანეთს ემთხვევა და ალბათ ამიტომაც ძალიან მიყვარს.

- გათვითცნობიერებული გაქვთ პიანისტობა რამხელა გამოწვევაა? დღეს ხომ ამ სფეროში უზარმაზარი კონკურენციაა მსოფლიოში?

- კონკურენცია არ მაშინებს. შენი საქმე ხარისხიანად უნდა აკეთო და არ უნდა იფიქრო იმაზე, რომ აუცილებლად ვინმეს აჯობო. მჯობნის მჯობნი არ დაილევა, მაგრამ თუ მუსიკა გიყვარს და შრომისმოყვარე ხარ, ყველაფერი გამოგივა.

- სწავლას საზღვარგარეთ გააგრძელებ?

- ერთ წელიწადში კონსერვატორიაში ვაბარებ. Aჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, ზუსტად სად გავაგრძელებ სწავლას, მაგრამ არის შესაძლებლობა, მოსკოვის კონსერვატორიაში მოვხვდე. სიამოვნებით წავალ მოსკოვში სასწავლებლად, რადგან რუსული სკოლა მსოფლიოში გამორჩეულია.

- კლასიკური ევროვიზიის შესარჩევ ტურშიც მონაწილეობდი...

- ეს კიდევ ერთი დიდი გამოცდილება იყო, რადგან პირველად დავუკარი სრული შემადგენლობის ორკესტრთან ერთად. ფინალში შევასრულე ბეთჰოვენის მე-3 კონცერტის მე-3 ნაწილი, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით.

- თუ არ ვცდები, გერმანიაში ისევ გიწევს წასვლა.

- დიახ. "კამერტონის" ხელმძღვანელმა, გერმანელმა პროფესორმა ლუდმილა ფონ ბერგმა მომისმინა და გადაწყდა რომ მომავალ წელს გერმანიაში წავალ. 7 კონცერტს გავმართავ - ბერლინში, ფრანკფურტში და სხვა ქალაქებში.

ბედნიერებაა, რომ ასეთი ნიჭიერი თაობა გვყავს და ხელოვნების სფეროში მაინც, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს მაჩანჩალათა შორის არ არის.

წარმატება ვუსურვოთ ახალგაზრდა ვირტუოზს.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)