ანტონ ბალანჩივაძე: ”იუსტიციის სამინისტროს სახურავი ნამდვილი შედევრია” - კვირის პალიტრა

ანტონ ბალანჩივაძე: ”იუსტიციის სამინისტროს სახურავი ნამდვილი შედევრია”

ანტონ ბალანჩივაძე მსოფლიოში აღიარებულ ხელოვანთა ოჯახის წარმომადგენელია. მისი ნახატები გამოფენილი იყო ლუვრში, ვენაში - პიკასოს, სალვადორ დალის და შაგალის ორიგინალებთან ერთად. ახლახან თბილისში, შარდენ-გალერეაში მისი რამდენიმე ნამუშევარი გამოიფინა, სადაც მხატვართან გასაუბრება მოვახერხეთ.

- ანტონ, ბალანჩივაძეებს უმეტესობა იცნობს როგორც გამოჩენილ მუსიკოსებს, თქვენი ბაბუის ძმა იყო უდიდესი ქორეოგრაფი – ჯორჯ ბალანჩინი, მაგრამ ცოტამ თუ იცის რა რანგის მხატვრები იყვნენ თქვენს საგვარეულო შტოში...

- დიახ... ახლახან სამხატვრო აკადემიის არქივი გაიხსნა, სადაც მხატვრების სადიპლომო ნამუშევრებია შენახული. იქ ვიხილე თამარ ბალაჩივაძის "შუააზიელი მამაკაცის პორტრეტი", რომელიც ძალიან ოსტატურად შესრულებული და ძლიერი ნამუშევარია. ასევე მხატვარი იყო პროფესიით მელიტონ ბალანჩივაძის ძმა -ვასო ბალანჩივაძე, რომელიც ვლადიმერ მაიაკოვსკის და დავით კაკაბაძის ხატვის მასწავლებელი იყო. პანა, ანდრიას მეუღლე, ჩემი ბებია თვითნასწავლი მხატვარი იყო, მას არაერთი გამოფენა ჰქონია და ბევრი მისი ნამუშევარი ინახება გერმანიაში და ჰოლანდიაში, კერძო კოლექციებში. ხატავდა ჩემი ბიძაც - ამირან ბალანჩივაძე. განსხვავებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილი ჰქონდა. ხატავს ჩემი ბიძაშვილიც -ანდრო ბალანჩივაძე. რაც შეეხება მამაჩემს- ჯარჯი ბალანჩივაძე მუსიკოსი იყო, მაგრამ მისი მხატვრული ნამუშევრები ბევრი ადამიანისთვის გახდა ახლობელი. ბევრი ნოვაციის ფუძემდებელია და მჯერა ეს ნელ-ნელა გამოჩნდება. ჰყვებოდა ხოლმე, რომ ხატვის სტიმული მაშინ მისცემია, როდესაც თბილისში ჩამოსულ ჯორჯ ბალანჩინისთვის უკითხავს მოსწონდა თუ არა მას კედელზე ჩამოკიდებული ერთ-ერთი განთქმული მხატვრის ნამუშევარი, ბალანჩინს კი მიუგია, მე ეს უფრო მომწონსო და ჯარჯის ყვავილებზე მიუთითებია...

- თქვენს გამოფენებზეც გვიამბეთ...

- დიდი ხანია საქართველოში პერსონალური გამოფენა არ მქონია. მსურს გაზაფხულზე მოვაწყო. ზამთარი სამუშაოდ საუკეთესო პერიოდია. კარგია საგამოფენო ცხოვრება რომ მიმდინარეობს ქვეყანაში, მაგრამ მგონია წარდგენის ძველი ფორმა უნდა შეიცვალოს ნელ –ნელა. ბევრი რამ იცვლება ირგვლივ და ამიტომ... ახლა ბევრი ადამიანი კამათობს ფუქსასის ახალაშენებული იუსტიციის სახლის შენობის თაობაზე, რომლის სახურავი ვფიქრობ, რომ ნამდვილი შედევრია. მართალია მთლიანი არქიტექტურა შესაძლოა ვინმესთვის კითხვებს ბადებდეს, შესრულების ხარისხზეც და მდებარეობაზეც შეიძლება კამათი, მაგრამ სოკოებივით ერთმანეთზე გადასული ეს გიგანტური სახურავები, საინტერესო ფაქტურით, მოყვანილობით, ფორმით - ეს არის ახალი გზა... ორგანული ფორმების ძიება არამარტო არქიტექტურაში, მხატვრობაშიც აუცილებელი ხდება, რადგან ის ბუნების კანონებს ეყრდნობა და უტყუარია. ადამიანის თვალი დაიღალა სულ კუთხეებს რომ ხვდება ყველგან. ბუნებაში კუთხეს ვერ იპოვით. მაგალითად ქვას რომელსაც კუთხე აქვს, ის გატეხილია. ასევე ძალიან საინტერესო პროექტია მის წინ, ქუჩაზე გადაჭიმული ხიდი. მე ისიც ძალიან მომწონს. განსაკუთრებით როდესაც მასზე ადიხარ.

- არ შეიძლება არ ვისაუბროთ თქვენს გამოფენებზე საზღვარგარეთ, ლუვრზე...

- ლუვრში გამოფენის თავად ფაქტი რა თქმა უნდა სასიხარულო იყო, თუმცა მისი ხმამაღალი სახელის გამო, მომავალი ნაბიჯების გადადგმა უფრო რთულდება, თუკი რა თქმა უნდა აღმავალი მიმართულებით აპირებ სიარულს.

- ვენაში თქვენი ნამუშევრები პიკასოს, შალვადორ დალის და შაგალის ორიგინალების გვერდით იყო გამოფენილი...

- ამითაც ვტრაბახობ ხოლმე. ასეთი რამეები ევროპაშიც აინტერესებთ და ეს ძალიან მეხმარება... ინგლისში მქონდა რამდენიმე გამოფენა, ასევე საფრანგეთში, ავსტრიაში, გერმანიაში...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისათვის)