"არ მინდა, დღევანდელ მთავრობას ვუმღერო!" - კვირის პალიტრა

"არ მინდა, დღევანდელ მთავრობას ვუმღერო!"

"ახლა ამბობენ, რომ ჩვენ დავიბლოკებით. დავიბლოკოთ, მერე რა?

მე პირადად ვიცი, რომ დამბლოკავენ! დამბლოკონ, არ არის პრობლემა. შემოთავაზებაც რომ მქონდეს, თუ იქნება სახელმწიფო კონცერტი, არ მივიღებ მონაწილეობას!"

მომღერალი ნინა წკრიალაშვილი ხშირად ხდება საზოგადოების კრიტიკის ობიექტი. ჯერ "ფეისბუკზე" განაცხადა, - თუ "ნაციონალები" არ გაიმარჯვებენ, თავს მოვიკლავო. რამდენიმე დღის წინ კი ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერ აქციაზე გამოჩნდა და ბატონი ვანოს დაკითხვა გააპროტესტა. "კვირის პალიტრა" ნინა წკრიალაშვილს დაუკავშირდა.

- ცხოვრებაში პირველად მომინდა აქციაზე წავსულიყავი. ვანო მერაბიშვილი არის ადამიანი, რომელმაც საშინელი კრიმინალური მდგომარეობა გამოასწორა და საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აქცია. არ შეიძლება ასეთი ადამიანის ამდენჯერ დაბარება, ისეთ თემასთან დაკავშირებით, როგორიც იყო პასპორტი.

- ხშირად გაკრიტიკებენ. შეგახსენებ არჩევნებამდე "ფეისბუკზე" წერდი, თუ "ნაციონალური მოძრაობა" არ გაიმარჯვებს, თავს მოვიკლავო...

- დიახ, აგრესია მართლაც იყო... ყველაზე მეტად იცით, რა მაკვირვებს? შეიძლება მეც ხშირად არ მომწონებია ვინმეს  განცხადება, მაგრამ არასდროს მიმიცია  თავისთვის უფლება, ის ადამიანი საჯაროდ გამელანძღა. ეს უკულტურობაა. შეიძლება არ მომეწონოს, მაგრამ მის ლანძღვასა და წყევლას ხომ არ ვიკადრებ?! არ მითქვამს, თავს მოვიკლავ-მეთქი, თუმცა დანარჩენი ყველაფერი ვთქვი... მოგიყვებით, სინამდვილეში რაც მოხდა. მანქანას ვმართავდი, როდესაც ჟურნალისტმა დამირეკა და კომენტარი მთხოვა. ჩამეძია, კიდევ რას მეტყვიო, ვუთხარი, - შემეშვი, თორემ თავს მოვიკლავ-მეთქი. აქედან წამოვიდა ეს ფრაზა, რომელსაც მოჰყვა ამდენი წყევლა...

ძალიან ვინერვიულე... როდესაც ციხის კადრები გავრცელდა, ვიღაცამ წამომიგდო ეს ძველი, ივლისში გაკეთებული კომენტარი, თითქოს იმ დღეს ვთქვი, როდესაც ეს საშინელი კადრები გავრცელდა. თუმცა არ ვმალავ, რომ ნამდვილად "ნაციონალებს" მივეცი ხმა და ამას არც ვნანობ. მე ჩემი მოსაზრებები მაქვს და მათ ძალიან გვიან ვიცვლი. მომწონდა ის კურსი, რა მიმართულებითაც ისინი მიდიოდნენ. რაღაცები მეც მაღიზიანებდა, იყო მინუსებიც, თუმცა პლუსები ჭარბობდა... ხარვეზების გამოსწორება უნდოდათ, მაგრამ არ დასცალდათ. არ მომწონდა ციხეც, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი რამ ხდებოდა...

- ბევრს საუბრობდნენ პოლიტიკური ნიშნით მომღერლების დაბლოკვაზე. შენ აქტიურად იდექი სცენაზე. რას იტყვი ამაზე?

- ჩვენ გვერდით შოუბიზნესის წარმომადგენელთა 95 პროცენტი იდგა. ჩვენ გვერდითო - იმიტომ ვამბობ, რომ მე სახელმწიფო სამსახურში ვარ. ძალიან ბევრჯერ დაგვირეკავს მათთვის და უარი უთქვამთ. ჩვენ არავინ დაგვიბლოკავს. ზოგი  თვითონ გვთხოვდა, - ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას "ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერ კონცერტებშიო. ახლა ამბობენ, რომ ჩვენ დავიბლოკებით. მერე რა?.. სახელმწიფო კონცერტში მონაწილეობა რომ შემომთავაზონ, უარს ვიტყვი, იმიტომ, რომ არ მინდა! კერძო შეკვეთები ან კორპორაციული საღამოები თუ იქნება - კი, ბატონო.

- სახელმწიფო კონცერტებში იმის გამო არ იმღერებ, რომ ახალი მთავრობის მხარდამჭერი არ ხარ?

- არა მგონია, რაიმე შემოთავაზება მივიღო, მაგრამ თუნდაც ამიტომ. დიახ, არ მინდა დღევანდელ მთავრობას ვუმღერო! არ მინდა, არ მომწონს ეს ყველაფერი, მართლა არ მომწონს და ხომ არ ვიცრუებ? თუმცა აქვე გეტყვით, რომ არავის მიმართ არა მაქვს აგრესია და ყველას წარმატებებს ვუსურვებ. რამდენიმე მათგანი მომწონს კიდეც. სამწუხაროდ, ასეთი ძალიან ცოტაა. გამიხარდება, თუ ვცდები, არასწორად ვაფასებ და ყველა ის დაპირება შესრულდება, რაც არჩევნებამდე მოვისმინეთ, მაგრამ რატომღაც მეეჭვება. იმ პროექტების, რაც მათ წარადგინეს, გაკეთება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, წინა მთავრობა გააკეთებდა. ეს ფიზიკურად შეუძლებელია და ხალხი მოტყუებული დარჩება. მე ასე ვფიქრობ, ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, არ ვარ ჩემი ქვეყნის მტერი! ზუსტად იმიტომ ვღელავ, რომ მინდა კარგ ქვეყანაში ვიცხოვროთ. ყველაზე მეტად მინდა ევროპულ ქვეყანაში ვიცხოვროთ და არა პრორუსულში.

- კულტურის სამინისტროში კვლავ მუშაობ, თუ დატოვე თანამდებობა?

- სიმართლე გითხრათ, ჯერ არ დამიწერია განცხადება წამოსვლის თაობაზე. მე არავის გამოვუშვივარ და ამის გამო დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. არ მინდა ახლა სახელმწიფო სამსახურში მუშაობა. ბატონი გურამ ოდიშარია ძალიან კარგი პიროვნებაა. ასევე მომწონს მისი ერთ-ერთი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი, სასიამოვნოა, რომ ასეთი პროფესიონალი იმუშავებს სამინისტროში. იმედი მაქვს, სხვა მოადგილეებსაც ამ პრინციპით შეარჩევს ბატონი გურამი.

ქეთი საგინაშვილი

ასევე იხილეთ: აღშფოთებული ვარ... არ შეიძლება მერაბიშვილის ყოველდღე აქ ტარება - ნინა წკრიალაშვილი