ქეთი დოლიძე : მხოლოდ სულელმა შეიძლება დაიჯეროს რომ თითქოს ზურაბ ჟვანია გაზით გაიგუდა! - კვირის პალიტრა

ქეთი დოლიძე : მხოლოდ სულელმა შეიძლება დაიჯეროს რომ თითქოს ზურაბ ჟვანია გაზით გაიგუდა!

საზოგადოებისთვის ცნობილია ქეთი დოლიძე თუ რა მწვავე განცხადებებით უპირისპირდება ყოველივე იმას, რაც სწორად არ მიაჩნია... ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებიდან მან ალბათ ყველაზე აქტიური მონაწილეობა მიიღო ქვეყანაში ახალი ხელისუფლების მოსვლაში. ამჯერად იგი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და დაუნდობელ ბრძოლას უცხადებს ჯერ კიდევ ქვეყნის პრეზიდენტს და თბილისის მერს.

-ქალბატონო ქეთი თქვენ შეურიგებელ ბრძოლას უცხადებდით ყოფილ ხელისუფლებას...

- დიახ, შეურიგებელ ბრძოლას ვუცხადებდი 2007 წლის შემდეგ.. ეს ბრძოლა დაიწყო ზურაბ ჟვანიას მკვლელობის შემდეგ. მხოლოდ სულელმა შეიძლება დაიჯეროს რომ თითქოს ზურაბ ჟვანია გაზით გაიგუდა. საზიზღარი პოლიტიკური კონიუქტურა ვიღაცას არ აძლევს უფლებას ყველაფერი რომ სათანადოდ იქნას გამოძიებული. თუმცა მოვა დრო და ქართველი ხალხი სიმართლეს შეიტყობს.

- დღემდე ბრაზს ვერ მალავთ მიხეილ სააკააშვილის და გიგი უგულავას მიმართ..

- მათი განათლება ეტყობა ქუთაისში ბაგრატის ტაძარს და თბილისში - ძველ თბილის, რიყეს და საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიას. რომ არაფერი ვთქვათ მდარე ხარისხის მიუზიკლებზე. ვინც დადგა და ითამაშა მათ იკითხონ... ჩემთვის დიდი უბედურებაა რაც ბაგრატის ტაძარს და ძველ თბილისს დამართეს., საერთოდ რასაც აკეთებდა ეს ვაი არქიტექტორი...

- ვაი არქიტექტორი მიხეილ სააკაშვილია?

- რა თქმა უნდა!.. მოვაწერე ხელი მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შესახებ. სინდისი რომ ქონდეს გადადგებოდა, მაგრამ სინდისი არ აქვს და ვის ეხვეწებიან რომ გადადგე?!. ასეთი რამეები აქვს ჩადენილი და წარბსაც კი არ იხრის...

- დღეს რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით ხელოვნების სფეროში?

- კარგის იმედი მაქვს, რადგან ჩვენს ქვეყანაში პროცესები სწორად მიდის. ზოგჯერ გვსურს ყველაფერი დავაჩქაროთ, მაგრამ არის რაღაც, რაც დაჩქარებას ვერ იტანს... ვფიქრობ ძალიან სერიოზული რეფორმები უნდა ჩატარდეს, როგორც თეატრში ასევე კინოში და გარდა პროფესიონალი რეჟისორებისა და მსახიობებისა, იურისტებიც უნდა ჩაერთონ.. გათვალისწინებულ უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტები. წლების განმავლობაში ძალიან არეული ვითარება იყო და ასე მალე ყველაფერი ვერ დალაგდება.

- ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გამართლდა თუ არა თქვენი იმედები?

- კარგი მომავლის იმედი მაქვს, თორემ საქართველოს 640 სოფელს და ქალაქს ტყუილად არ შემოვივლიდი... Bბატონი ბიძინას რამდენჯერმე შევხვდი. იგი ჩემს სპექტაკლს დაესწრო და მოეწონა. შემდეგ დარჩა ცოტა ხნით და ვისაუბრეთ. ეს სპექტაკლი ბევრს მოსწონს,, შარშან თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმმა ერთხმად მიანიჭა საუკეთესო სპექტაკლის წოდება და მეორე დღეს წაართვა... რა მოხდა დღემდე ვერ ამიხსნია. იმ წლის თარიღებში აღარ ჯდებოდაო და მეორე წელს ამ სპექტაკლის ხსენებაც აღარ ყოფილა... ბევრი რამის გამო ვარ ნაწყენი ჩემს კოლეგებზე მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყველაფერს პირდაპირ მათ ვეუბნები. მე აღარ ვარ პრეზიდიუმის წევრი, იმიტომ რომ ჭეშმარიტება ჩემთვის ყველაზე მთავარია. როდესაც შვიდი მამაკაცი და ერთი ქალი ზის, გადაწყვიტელებას იღებს და შემდეგ ყველაფერს ცვლის, იქ მე აღარაფერი მესაქმება... 9 წლიანი რეჟიმის განმავლობაში ვერ შევურიგდი აბსოლუტურ პოლიტიზირებას ყველა სფეროში. მხოლოდ იმ ადამიანებს აძლევდნენ ფულს, ვინც ტოლერანტულად იყო მთავრობის მიმართ განწყობილი. ვკითხულობ - მტარვალმა გიგი უგულავამ რის გამო დამიხურა ფესტივალი და რატომ ჩაანაცვლა სხვა ფესტივალით? - წელიწადის სხვა დროს ჩაეტარებინათ მეორე ფესტივალი. რატომ მოიპარეს ჩემი კონტაქტები? - ერთ-ერთი ჩინოსანი (ახლაც რომ იქ მუშაობს), მეუბნება, ოქტომბერი იმიტომ ავირჩიეთ ფესტივალისთვის, თბილისობას რომ დამთხვეოდაო. ფესტივალი "საჩუქარი~ რატომ დაარსდა ოქტომბერის თვეში 1997 წელს? - იმიტომ რომ თბილისობას დამთხვეოდა. ყველაფრის მოპარვა გაგონილა?!.. გიგი უგულავამ ჩათვალა, რომ თბილისი მისი საკუთრებაა... თბილისი მისი საკუთრება არასოდეს არ იქნება, რადგან ეს მთაწმინდაზე დაბადებული კაცი თბილისის მოყვარუი კი არა თბილისის მტერია. მან ძველი თბილისი დაამახინჯა და პატრიარქს ცხვირწინ ბუდა ბარი და შანგრილა აუშენა! როგორც პრეზიდენტი აღარ არის ჩემთვის 2007 წლიდან ქვეყნის პრეზიდენტი, ისეა გიგი უგულავაც.. აღვირახსნილი ცხოვრების და თავის სიამოვნების გარდა მათ არაფერი გაუკეთებიათ... მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ფესტივალი აღდგება. განცხადება დავწერე პრემიერის და კულტურის მინისტრის სახელზე. რა თქმა უნდა, უნდა აღდგეს, ისევე როგორც მე დავბრუნდი ჩემს თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე. თუმცა თეატრიდან არასოდეს წავსულვარ. ერთი სამართლიანობა აღდგა და ახლა მეორე უნდა აღდგეს! იყოს მეორე ფესტივალიც, მე არაფრის წინააღმდეგი ვარ, ოღონდ არა ჩემი ფესტივალის ხარჯზე...

მანანა გაბრიჩიძე (სპეციალურად საიტისთვის)