"ხელმოცარულო არსებებო, თქვენ დამპალი სულის პატრონები ხართ" - კვირის პალიტრა

"ხელმოცარულო არსებებო, თქვენ დამპალი სულის პატრონები ხართ"

რამ გადარია შორენა ბეგაშვილი

"ნეტავ ყველას ჩემი შვილისთანა გაზრდილი შვილები ჰყავდეს"

ცოტა ხნის წინ მსახიობ შორენა ბეგაშვილის "ფეისბუკის" გვერდზე სტატუსი გაჩნდა. მსახიობი მწვავე განცხადებას აკეთებს იმ ადამიანების მისამართით, რომლებიც უკვე მის შვილსაც გადასწვდნენ.

"გასაგებია, მე ვარ მახინჯი, აწყობილი, დებილი და აღარ გავაგრძელებ კიდევ როგორ მომიხსენიებდით, მაგრამ თქვენ ვინ ხართ? კომპიუტერთან ჩამალული, ხელმოცარული არსებები! გრძნობთ, რომ ჩემზე აღარ მოქმედებს და ახლა ჩემს შვილზე გადახვედით".

როგორც შორენა ბეგაშვილი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს, ის უპირველესად დედაა და ყველანაირად ეცდება საკუთარი შვილი დაიცვას.

- არასდროს დამიწერია "ფეისბუკში" რამე, არავინ შემიწუხებია ჩემი აზრებით. რაც შეეხება ამ განცხადებას, იძულებული გავხდი, დამეწერა. ჩემზე ყოველთვის ბევრს ლაპარაკობდნენ, ვისაც დრო ჰქონდა და არ ეზარებოდა. სიმართლე გითხრათ, ეს არ მაინტერესებდა, არც ახლა მაინტერესებს, მაგრამ როდესაც ჩემი შვილის ფოტოზე გაჩნდა მინაწერები, რომ ჩემი შვილიც მახინჯია და სხვა ეპითეტებით შეამკეს (ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ), მოთმინება დავკარგე. ჩემს ადგილას ნებისმიერი დედა დაიცავდა თავის შვილს. არა აქვს მნიშვნელობა, შორენა ვარ თუ თამარი, ჩემი შვილი არაფერ შუაშია, სირცხვილია, მგონი. არა მარტო ჩემი შვილის ასაკის გოგონები, წერდნენ ქალებიც: მე შვილი როგორ უნდა გავზარდო, ჩემი შვილი როგორი უნდა იყოს... ვურჩევ, ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ნეტავ ყველას ჩემი შვილისთანა გაზრდილი შვილები ჰყავდეს.

- როგორ  ფიქრობ, რამ გამოიწვია ეს აგრესია? რატომ ხდები მაინცდამაინც შენ აგრესიის ობიექტი?

- არ ვიცი, მეც ძალიან მაინტერესებს, რატომ არიან ასე გამწარებული ჩემზე. ნეტავ შეგეძლოთ მათთვის ამ კითხვის დასმა.  როგორ შეიძლება თერთმეტი წლის ბავშვს შეეხო? წარმოიდგინეთ, არც კი იცნობენ და უკვე იციან, რომ ცუდად არის გაზრდილი?  ისინი დამპალი სულის პატრონები არიან, მაპატიეთ, მაგრამ სხვა სიტყვას ვერ მოვუძებნი...

ქეთი საგინაშვილი