ნინო გაჩეჩილაძე: "არასოდეს გავიხდი კამერების წინაშე" - კვირის პალიტრა

ნინო გაჩეჩილაძე: "არასოდეს გავიხდი კამერების წინაშე"

"XXI საუკუნეა და  დღეს კაცი სულ სხვა კრიტერიუმებით ფასდება"

"ახალი ჭორი გავიგე - მკერდი მაქვს გაკეთებული"

"დიტოსნაირი ქმარი არ მინდა"

"არასოდეს გავიხდი კამერების წინაშე"

ქართულ ტელესივრცეში სერიალმა: "ჩემი ცოლის დაქალები" პოპულარობა მოიპოვა. ერთ-ერთი და ყველაზე რეიტინგული "დაქალი" კატო, იგივე ნინო გაჩეჩილაძე  "კვირის პალიტრის" სტუმარია:

- მე და კოტე თოლორდავა, იგივე დიტო, დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, - სპექტაკლში "დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი" პარტნიორობას მიწევდა. სამწუხაროდ, არც ერთ ჩემს სპექტაკლს არ მოუტანია ისეთი პოპულარობა, როგორიც ამ სერიალს და კატოს.

- რამდენად ჰგავხარ შენს პერსონაჟს?

- ის მხოლოდ ვიზუალურად მგავს. ჩემი მეგობრები ხშირად მეკითხებიან, ცხოვრებაში იმდენად განსხვავებული და ხანდახან ზედმეტად სერიოზული ხარ, როგორ თამაშობ ასეთ არასერიოზულ გოგოსო? მსახიობის მოვალეობაც ხომ სწორედ ის არის, განსხვავებული გმირები შექმნას, - სერიოზული, ცანცარა,  მსუბუქი ყოფაქცევისა და კდემამოსილი ქალიც. ერთადერთი, რითაც ხანდახან კატოს ვემსგავსები, გულუბრყვილობაა, თუმცა იმდენად ვისწავლე ცხოვრება, ბოლო დროს ეს თვისებაც მივაძინე. ეს უფრო თინეიჯერობის ასაკში მახასიათებდა და ვფიქრობ, კატოც არ გამოსულა ამ ასაკიდან, მიუხედავად იმისა, რომ უკვე გათხოვდა და ქმარი ჰყავს, ირეალური სამყაროსა და ილუზიებშია. არ ვიცი, ჩემი პერსონაჟი რამდენად შეეგუება ოჯახურ ცხოვრებას, რადგან ჯერ კიდევ ბავშვია და პრინცზე ოცნებობს. სამწუხაროდ, ოცნების პრინცი  ვერ იპოვა, მაგრამ მიახლოებული მაინც  მონახა (იცინის).

- რამდენად რთულია, იყო მსახიობი საქართველოში. აქ ხშირად ვიზუალურ მხარეს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე ინტელექტს.

- ეგ პრობლემა ჯერ არ შემქმნია. შეიძლება რეჟისორებმა, რომლებიც არ მიცნობენ და მხოლოდ ჩემს ფოტოებს ათვალიერებენ, შემაფასონ როგორც უბრალოდ მომხიბვლელი მსახიობი და იფიქრონ: ამან რა უნდა ითამაშოსო, მაგრამ... ვფიქრობ, მსგავსი  მიდგომა  არასამართლიანია. თუმცა თავს ზემსახიობად და ზეინტელექტუალად არ მივიჩნევ და მიმაჩნია, რომ სწავლა სიბერემდეა... ისე, ინტელექტთან დაკავშირებული პრობლემები არ მაწუხებს. სიმართლე გითხრათ, საქართველოში ქალებს სერიოზულ როლებს არ აძლევენ, რეჟისორებს მიაჩნიათ, რომ მამაკაცი უკეთესად შეასრულებს საპასუხისმგებლო როლს, რაც ძალიან არასწორია.

- ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ  გიორგი ლიფონავას ჰონორარის გაორმაგება მოსთხოვეთ და დაემუქრეთ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ფილმის ბოლო ეპიზოდში არ მიიღებდით მონაწილეობას...

- ეგ უკვე მოძველდა, მე სულ ახალი ჭორი გავიგე - მკერდი მაქვს გაკეთებული, რაზეც ბევრი ვიცინე. ვისაც ჩემს ბუნებრიობაში ეჭვი ეპარება, შემიძლია ჩემი თინეიჯერობის დროინდელი ფოტო ვუჩვენო,  რითაც იმედია, დავაკმაყოფილებ  მათ ცნობისმოყვარეობას. რაც შეეხება თქვენს  ჭორს, ესეც დიდი სისულელეა. ბოლო ეპიზოდის გადაღების წინ ვინ აყენებს მსგავს პირობებს? როგორც წესი, მსახიობთან მოლაპარაკება ფილმის გადაღებამდე წყდება.

- ასევე გავრცელდა ხმა, რომ კატოს  დაითხოვენ სერიალიდან...

- ჩემი გმირი ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგულია და არა მგონია, ასე მოხდეს, თუმცა არ ვიცი, უფროსები რას გადაწყვეტენ, ყველაფერი მოსალოდნელია, მე ეს პირველად მესმის. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იყო, როდესაც ფილმის პრემიერაზე ბავშვები მოდიოდნენ, მკოცნიდნენ და მეძახდნენ: კატო, კატო... ბავშვი ყველაზე გულწრფელია. თუ მან შეგიყვარა, ეს ყველაზე მეტად დასაფასებელია.

- კატოს მსგავსად თქვენს პირად ცხოვრებაშიც ხომ არ არის სიახლეები?

- ჩემი გმირი გათხოვდა და ახალ სახლში გადავიდა. მე გაუთხოვრად გადავედი ახალ სახლში (იცინის).

- კატოს თაყვანისმცემლებიდან რომელიმეს რეალურ ცხოვრებაში თუ შეიყვარებდი?

- არა. ჯერ ერთი, უნდა ვაღიარო, რომ გარეგნობას დიდ ყურადღებას ვაქცევ და ჩემი რჩეული აუცილებლად სიმპათიური უნდა იყოს, ვგიჟდები მომხიბლავ მამაკაცებზე (იცინის). არ ვამბობ, რომ კატოს თაყვანისმცემლები მამაკაცურები და სიმპათიურები არ არიან, მაგრამ სხვანაირი კაცი წარმომიდგენია ჩემ გვერდით. დიტოსნაირ მამაკაცზე იმიტომ ვიტყოდი უარს, რომ მას მამაკაცურობა უხეშობაში გადასდის. მესმის, რომ ქართველი მამაკაცების თვისება მაგიდაზე მუშტის დარტყმა და გინებაა, მაგრამ ჩემთვის ეს მიუღებელია. სერიალში ბევრი რამ არის აღებული ქართული რეალობიდან. ჩვენც არ მოგვწონს ის, რასაც ვაჩვენებთ, მაგრამ რელობა ასეთია. ჩემი აზრით, ეს არის ძველი ბიჭების გაიდეალების მცდელობა თუ ნოსტალგია, შეიძლება ასეც დავარქვათ. ქუჩის აკადემია შეიძლება რაღაც დოზით საჭირო იყოს, მაგრამ არ შეიძლება მისი გაიდეალება. ბოლოს და ბოლოს, XXI საუკუნეა და  დღეს კაცი სულ სხვა კრიტერიუმებით ფასდება,  თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სამწუხაროდ, ქართველი საზოგადოების უმეტესი ნაწილი წარსულში დარჩა.

- რას არ გააკეთებს არასდროს ნინო გაჩეჩილაძე?

- არასოდეს გაიხდის კამერის წინ.

- თუ საჭირო გახდა ფილმისთვის?

- არ გავიხდი, არა იმიტომ, რომ საკუთარი სხეული არ მომწონს... მინდა, ისეთი როლები ვითამაშო, სადაც ნაკლები ყურადღება მიექცევა ვიზუალურ მხარეს.

ქეთი საგინაშვილი