თამარ ტატიშვილი: "არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, განცხადება ჩემი სურვილით დავწერე" - კვირის პალიტრა

თამარ ტატიშვილი: "არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, განცხადება ჩემი სურვილით დავწერე"

კინოცენტრი ახალი დირექტორის მოლოდინში

ეროვნული კინოცენტრის დირექტორს თამარ ტატიშვილს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა. კულტურის სამინისტრომ მისი სამწლიანი მუშაობა შეაჯამა და ახალი დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა.

ეროვნული კინოცენტრი 12 წლის წინ ფრანგული მოდელის მიხედვით დაფუძნდა და კინოს სფეროში სხვადასხვა კუთხით მონაწილეობს. თანამშრომლებთან  გამოსამშვიდობებელ საღამოზე, რომელიც ტატიშვილმა მოაწყო, საპატიო სტუმრებს შორის კულტურის მინისტრის, გურამ ოდიშარიას ნაცვლად მისი წინამორბედი ნიკა რურუა გამოცხადდა.

რატომ არ მოისურვა თამარ ტატიშვილმა თანამშრომლობის გაგრძელება ახალ ხელმძღვანელობასთან?  დეტალების გასარკვევად ყოფილ დირექტორს დავუკავშირდით.

- თავად განვაცხადე, რომ აღარ მინდოდა შემდეგი სამწლიანი ვადით მუშაობა. აქედან გამომდინარე,  გამოცხადდა კონკურსი. არანაირი ზეწოლა ჩემზე არ ყოფილა, განცხადება ჩემი სურვილით დავწერე.

- რატომ განაცხადეთ უარი ახალ ხელმძღვანელობასთან მუშაობაზე, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ საერთო ენა ვერ გამონახეთ?

- მე მუდამ პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ჩემს საქმეს. ამ ეტაპზე ვთვლი, რომ ვეღარ გავაგრძელებ წინანდელი ინტენსივობით მუშაობას. თუმცა ახალ დირექტორს თუ სურვილი ექნება, კვლავაც შემიძლია  ვითანამშრომლო.

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპის შემდეგ დანიშნულ გასაუბრებას მრჩეველთა საბჭო შეუერთდება, რომელიც თორმეტი სხვადასხვა ხელოვანისგან იქნება დაკომპლექტებული. როგორც კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი აცხადებს, გადაწყვეტილება ერთპიროვნულად და ერთი კაცის მიერ არ უნდა იქნეს მიღებული.

ქეთი საგინაშვილი