ახლა "ჩემი ცოლის დაქალი" "კატო" ლელა იქნება - კვირის პალიტრა

ახლა "ჩემი ცოლის დაქალი" "კატო" ლელა იქნება

ნინო გაჩეჩილაძემ სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" დატოვა. ერთ-ერთ ინტერვიუში ნინოს ვკითხეთ, მართალი იყო თუ არა, რომ თითქოს რეჟისორს ჰონორარის გაზრდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიალიდან წასვლით დაიმუქრა. მაშინ მსახიობმა განაცხადა, რომ ეს სიცრუე იყო:

- რა სისულელეა, ვინ აყენებს ბოლო ეპიზოდის გადაღების დროს მსგავს პირობებს? როგორც წესი, მსახიობთან მოლაპარაკება ფილმის გადაღებამდე წყდება. ჩემი გმირი ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგულია და არა მგონია, სერიალიდან დაითხოვონ, თუმცა არ ვიცი, უფროსები რას გადაწყვეტენ. ყველაფერი მოსალოდნელია.

მიუხედავად ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა სერიალი მაინც დატოვა და უკმაყოფილების მიზეზი ისევ და ისევ  ანაზღაურება გახდა. მისი თქმით, ფილმის გადაღება სამი კვირა გაგრძელდა, აქედან მის გმირს 15 დღის განმავლობაში იღებდნენ და მხოლოდ სამი ათასი ლარი აიღო, რაც დღეში ორასი ლარია, როცა მსახიობები ერთ რეკლამაში სამასიდან ხუთას დოლარამდე იღებენ. მსახიობის თქმით, ფილმის რეჟისორ გიორგი ლიფონავასთან  ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს და უთანხმოება სტუდია "კრეატივის" დირექტორთან მოუვიდა. “მართლაც დასაჯეს თუ არა ნინო გაჩეჩილაძე, არავინ იცის, თუმცა "ფეისბუკის" გვერდზე მსახიობმა შემდეგი შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა:

"ვისაც ჰგონია, რომ მე დამსაჯა, ის უბრალოდ ვერ ხვდება, რომ თავი დაისაჯა!"

სამაგიეროდ, სერიალი არ დაუტოვებია კატოს გმირს. როგორც გავიგეთ, მას ლელა მებურიშვილი ითამაშებს. ჩვენ დავუკავშირდით მსახიობს, მან დაგვიდასტურა, რომ ახალ სეზონზე ის შეცვლის ნინო გაჩეჩილაძეს.

- დიახ, შემომთავაზეს როლი და მეც უარი არ მითქვამს. რატომ წავიდა ნინო, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით. გადაღებები უკვე დაიწყო, სხვას ვერაფერს გეტყვით.

ქეთი საგინაშვილი