"ხელფასს დავუნიშნავ იმ ადამიანს, ვინც გამარკვევს, ვისი აგენტი ვარ..." - კვირის პალიტრა

"ხელფასს დავუნიშნავ იმ ადამიანს, ვინც გამარკვევს, ვისი აგენტი ვარ..."

"ნაციონალური მოძრაობა" ოთარ ტატიშვილის შოუს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას "ნაციონალურმა მოძრაობამ" წერილობითი მიმართვა გაუგზავნა.

საქმე ეხება ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასულ გადაცემას - "ღამის შოუ ოთარ ტატიშვილთან ერთად", სადაც სტუმრად "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები: თამარ კორძაია, პაატა კიკნაველიძე და გიორგი კახიანი იყვნენ. როგორც წერილშია აღნიშნული, გადაცემა წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს შეიცავდა და არღვევდა მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების რეგულაციებს. "კვირის პალიტრა" გადაცემის წამყვან ოთარ ტატიშვილს დაუკავშირდა:

- პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს იუმორისტული გადაცემაა. ვერ გავიგე, რატომ უყურებენ ასე სერიოზულად, ვინ მოვა სტუმრად და ვინ - არა. გადაცემა ჩაიწერა დამოუკიდებელ სტუდიაში და შემდეგ მივაწოდეთ ტელეკომპანიას, სადაც გაშიფრეს. ჩათვალეს, რომ ისეთი არაფერი იყო და ეთერში გავიდა...

მეორე საკითხი ის არის, რომ მე მაქვს მოლაპარაკება, როგორც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ისე "ქართულ ოცნებასთან" - ყველა იმ ადამიანთან, ვინც პოპულარულია და ვისაც ხალხი უყურებს.

ძალიან ბევრი სტუმარი მყავდა, ბევრსაც კიდევ ველოდები როგორც ერთი, ისე მეორე პარტიიდან. ამ სტუმრებთან მოლაპარაკება ძალიან დიდი ხნის წინ დავიწყე, ისევე როგორც ვანო მერაბიშვილსა და აბსოლუტურად ყველა სტუმართან. რატომ იწვევს ასეთ რეაქციას, ვერ ვხვდები? როდესაც გადაცემაში ვანო მერაბიშვილი მყავდა, ლამის ხატზე გადამცეს, "ოცნების" ხალხი მყავდა - მაინც ერთი ამბავი ატყდა. ვეღარ გავიგე, რა ვქნა?

- ცესკომ განაცხადა, რომ გადაცემის ჩანაწერს და წერილს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადაუგზავნის განსახილველად. თქვენ თუ აპირებთ ამაზე რეაგირებას?

- არანაირ რეაგირებას არ ვაპირებ. ჩემს გადაცემას ის ფორმატი არა აქვს, რომ ორი სხვადასხვა მხარე მოვიყვანო და ეთერში დებატები გავმართო.

მეღიმება ამ ყველაფერზე. კრიტიკოსი არ დაილევა ამ ქვეყანაზე... გულწრფელად ვამბობ, ვეღარ გავიგე, ვისი აგენტი ვარ - "ნაციონალების" თუ "ქართული ოცნების"?

წინათ სულ "ნაციონალების" კაცს მეძახდნენ, ახლა "ოცნებისა" ვარ.

ხელფასს დავუნიშნავ იმ ადამიანს, ვინც გამარკვევს, სინამდვილეში, ვისი აგენტი ვარ...

ქეთი საგინაშვილი