COMEDY-პოლიტიკა - კვირის პალიტრა

COMEDY-პოლიტიკა

"ძალიან მწყინს, მაგრამ მაინც თავს ვიკავებ, რომ გავლანძღო"

"სვანაძეს ახლა უნდა წარმოაჩინოს თავი კაი ტიპად"

"კომედი შოუს" სკანდალს სკანდალი ემატება. თავიდან საზოგადოება გიორგი აფციაურმა განაცვიფრა - ვანო ჯავახიშვილსა და მის გუნდს სექტა უწოდა და აღნიშნა, რომ მის კოლეგა ნიკა გრიგოლიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. გრიგოლიამ, როგორც იტყვიან, არც მწვადი დაწვა, არც შამფური, - ცემას ნუ დავარქმევთ, შეხლა-შემოხლა მოგვივიდაო. ეს ამბავი გაცივებული არ იყო, რომ გუნდის უკვე ყოფილმა წევრმა, ბაკურ სვანიძემ კიდევ უფრო სკანდალური რამ განაცხადა:

"ვაზაგაშვილი დასახვრეტი იყო, გირგვლიანი - მოსაკლავი, "იმედის" თანამშრომლები ცოცხალი არ უნდა გამოეშვა სპეცრაზმს", - ეს ის ფრაზებია, რომლებსაც კომედიანტები ხშირად იმეორებდნენ. მთელ გუნდს ჰქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია ამ საკითხზე და არც მალავდნენ, მათ შორის იყო გიორგი აფციაურიც... ყველა ეს ფრაზა საკუთარი ყურით მაქვს მოსმენილი. ვაპროტესტებდი და ამიტომ მათგან აგრესიას ვგრძნობდი. აფციაურს თავი ზედმეტად ნიჭიერი ჰგონია. ვითომ ცალკე გაიტანა თავისი შოუ, ე.წ. "თქვენი შოუ", რომელმაც ჩაისვარა და ახლა უნდა წარმოაჩინოს თავი კაი ტიპად. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როდესაც ოცდაათი კაცი დიდი ეკრანის წინ იდგა და უყურებდა, როგორ ურტყამდნენ აქციაზე თბილისელებს და აღტყინებული ყვიროდნენ: ჩახოცეთ, მაგათი დედაც... გრიგოლიამ პირად საუბარში მითხრა, რომ ვაზაგაშვილი მისახვრეტი იყო. ვუთხარი, - ნიკა, არაადამიანობას ნუ ამბობ-მეთქი".

"კვირის პალიტრა" ნიკა გრიგოლიას დაუკავშირდა: - ბაკურს დიდი ხანია ვიცნობ და ვმეგობრობთ, ვერ გავიგე, რატომ აკეთებს ამას... ძალიან მწყინს...

- მართალია, რომ დიდ ეკრანთან ერთხმად ყვიროდით, ჩახოცეთ აქციის მონაწილეებიო?

- როგორ შეიძლება, ეს სიმართლე იყოს? იქ ჩემი ძმაც იყო, რომელსაც ზურგზე ფიცრები გადაამტვრიეს. როგორ ფიქრობთ, ეკრანთან ვიდგებოდი და ვიყვირებდი, - გაუპეთ ჩემს ძმას თავი-მეთქი? რაში სჭირდება ბაკურს ამ დაღუპული ადამიანებით სპეკულირება, რა მისახვრეტიაო, რა სისულელეა? ფაქტია, რომ ბაკურის კომენტარი გიორგის განცხადებას მოჰყვა. ის ჟურნალისტია, ბეჭდურ მედიაში მუშაობს, სკანდალის აგორება სურდა თუ რა, ვერ ვხვდები. ბაკური გამოვიდა ჩვენზე მაღლა მდგომი ტიპი? ნუ იძახის ამ სიდებილეებს.

რა პირადი საუბრები, თუ ასეთი შეშფოთებული იყო, მაშინვე რატომ არ მითხრა, რატომ თავში არ ჩამარტყა რამე?

თუ 2007 წელს ვიღაცები რაღაცებს ამბობდნენ, ბაკური ახლა შეშფოთდა? დღეს გაახსენდა ექვსი წლის წინანდელი საუბრები? თუ ასეთი ამაზრზენი ვიყავი, მთელი ქვეყანა რომ ტაშს მიკრავდა, მაშინ ეთქვა, ვის უკრავთ ტაშსო... ალბათ შეხედა, რომ ამ სფეროში აურზაურია და გადაწყვიტა ასპარეზზე გამოსულიყო. როცა ეთერში ადამიანი ამბობს, დავიგინები, რომ ასეთები ხდებოდაო, იმ გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრებმა პასუხი რომ მოსთხოვონ, რას ეტყვის? დავიგინები, რომ მართლა ასე ამბობდნენო? ძალიან მწყინს, მაგრამ მაინც თავს ვიკავებ, რომ გავლანძღო, იქნებ მისი მიზანიც ეს არის, უნდა, რომ ვუჩივლოთ და ყურადღების ცენტრში იყოს...

ქეთი საგინაშვილი