ალპებიდან დანახული სამყარო
14-05-2013
ალპებიდან დანახული სამყარო
15-18 მაისს თბილისში, გოეთეს ინსტიტუტში შვეიცარიული კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორი შვეიცარიის ელჩის, გიუნტერ ბეხლერის მრჩეველი, ბატონი ფლორიან გუბლერია.

- რამ განაპირობა თქვენი არჩევანი, რატომ გადაწყვიტეთ თბილისში კინოფესტივალის ჩატარება?

- კლასიკური შავ-თეთრი ფილმები ძალიან მიყვარს და ყოველთვის მინდოდა, ქართველი მაყურებლისთვის იმ შვეიცარიული კლასიკური ფილმების ნახვის შესაძლებლობა მიმეცა, რომლებიც საქართველოში არასდროს უჩვენებიათ. ჩემი აზრით, ამით დიდი წვლილი შეგვაქვს პროგრამაში "გერმანული ენის თვე", რომელიც საქართველოში მაისის თვის განმავლობაში ტარდება.
ფილმები ნაჩვენები იქნება შვეიცარიულ
გერმანულ ენაზე, ამიტომ ფესტივალი ხელსაყრელ შემთხვევას გაძლევთ, საქართველოში ასეთი დიალექტის გერმანული მოისმინოთ. ყველა ფილმს აქვს გერმანული, სამ მათგანს კი - ქართული სუბტიტრები.

- რამდენი და რა სახის ფილმები იქნება ნაჩვენები? რით არის განსაკუთრებული ეს ფესტივალი?


- 15-იდან 18 მაისამდე თბილისში, გოეთეს ინსტიტუტში (ზანდუკელის ქ. 16)
შვიდ ფილმს ვაჩვენებთ. ყველაზე ძველი 1939 წლისაა, შედარებით ახალი კი - 1970 წელს არის გადაღებული. ვფიქრობ, რომ თითოეული ფილმი ძალიან საინტერესოა, რადგან ისინი დღევანდელი დღის შვეიცარიას კი არ ასახავენ, არამედ ძალიან მდიდარ და მრავალფეროვან წარმოდგენას გვიქმნიან ჩვეულებრივ და ნაკლებად ცნობილ, ჩემი ბებია-ბაბუის თაობის შვეიცარიელ ხალხზე. ფესტივალზე იხილავთ ომში ჩართულ ქვეყნებს, ეკონომიკურ გაჭირვებასთან მებრძოლ ხალხს, თაობათა შორის კონფლიქტებს და ა.შ. ბავშვები ნახავენ ცნობილი პატარა გოგონას, ჰეიდის ისტორიას, რომელიც წარმოშობით შვეიცარიული ალპებიდანაა და დიდ გერმანულ ქალაქში სამშობლოს მონატრებითაა დასევდიანებული. სხვათა შორის, ორი ფილმი ცნობილი შვეიცარიელი მწერლების, ჯერემიას გოტელფისა და ფრიდრიხ გლაუზერის რომანების მიხედვით არის გადაღებული.
ხუთშაბათს, 16 მაისს, შვეიცარიელი ისტორიკოსი და კინოექსპერტი დოქტორი ფელიქს ეფლი ფილმების შესახებ ისაუბრებს და მათ ისტორიულ კონტექსტში განიხილავს. ვეპატიჟები ყველას, ვისაც გერმანული ენა ესმის და საინტერესო ლექციის მოსმენა სურს.

- რას უნდა ველოდოთ ფესტივალისგან?


- ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება შვეიცარიას სხვა კუთხით დაინახავს. ის აღმოაჩენს ახალ შვეიცარიას, რომელიც ბოლო 50-60 წლის განმავლობაში დიდად შეიცვალა. ასევე, ძალიან მაინტერესებს ქართული აუდიტორიის რეაქცია და დამოკიდებულება.

ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით