ბექა ელბაქიძის "დემონურმა" გალაკტიონმა იტალიელები გააგიჟა - კვირის პალიტრა

ბექა ელბაქიძის "დემონურმა" გალაკტიონმა იტალიელები გააგიჟა

ამონარიდი ჟურნალ "გზადან":

"როდესაც იტალიაში მკითხეს, - სამუშაოდ და თავის დასამკვიდრებლად მაინცდამაინც ჩვენი ქვეყანა რატომ აირჩიეო? თავდაჯერებულად მივუგე: დარწმუნებული ვარ, აქ უფრო წინ უნდა წავიდე-მეთქი. ჩემი სითამამე და მიზანსწრაფულობა აშკარად მოეწონათ და თავისიანად მიმიღეს", - მიამბობს ჟურნალისტი, წამყვანი, მწერალი და მსახიობი ბექა ელბაქიძე, რომელიც საინტერესო ამბებით დახუნძლული დაბრუნდა იტალიიდან.

- იტალიაში ცხოვრებისა და საქმიანობის სურვილი დიდ კინოში ჩემმა პირველმა როლმა გამიჩინა - 2012 წლის სექტემბერში, ვენეციის კინოფესტივალზე პატრიცია ფეგონეზე და კიდევ რამდენიმე საკმაოდ მაღალი დონის პროდიუსერი გავიცანი, რომლებმაც კასტინგებში მონაწილეობა შემომთავაზეს. სხვათა შორის, ერთ იტალიურ ფილმში მონაწილეობაზე უარი ვთქვი, რადგანაც ძალიან ბევრი ეროტიკული ეპიზოდი იყო და იტალიელმა მეგობრებმაც მირჩიეს: კარიერის ასე დაწყებას ნუ გარისკავო.

- ბექა, ქართული სატელევიზიო პროექტები მიატოვე?

- სიმართლე გითხრა, ბოლო ორი წლის განმავლობაში მხოლოდ გასამრჯელოსთვის ვმუშაობდი ტელევიზიაში, რადგან რისი განხორციელებაც მინდოდა, იმის საშუალება არ მომეცა და არც დღეს მაქვს. ერთი შეხედვით, საკმაოდ პოპულარული და წარმატებული ვჩანდი, სინამდვილეში კი საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება არ მქონდა. დღემდე არ ვიცი, რატომ დახურეს გადაცემა "ჟურნალისტის დღიური", სამაგიეროდ ვიცი, რომ "მზის კინოკლუბი", რომელსაც დიდი გეგმები ჰქონდა, რამდენიმე გადაცემის შემდეგ დაუფინანსებლობის გამო შეწყდა...

- როლებით, გეოგრაფიულად ჯერ ვერ სცილდები საქართველოს...

- ასე გამოდის, თუ არ ჩავთვლით ფილმს, სადაც იტალიელი რეჟისორი უნდა ვითამაშო... ხომ ხედავ, რამდენი სასწაული მოხდა ჩემს ცხოვრებაში? მაგრამ კიდევ არის ერთი, მთავარი სასწაული, რომლის შესახებ ქართველი საზოგადოება "გზის" ფურცლებიდან შეიტყობს - 15 აპრილს გრანდიოზულ სპექტაკლში ვითამაშე. ყველაფერი კი ასე დაიწყო: რეჟისორმა ფრანჩესკო ძეკამ და რამდენიმე მსახიობმა აპრილში კასტინგზე დამპატიჟეს, სადაც თეატრისა და კინოს 150-მდე მსახიობი, მათ შორის - ევროპაში ძალიან ცნობილი ადამიანები მონაწილეობდნენ. მათი დანახვისას აშკარად, შევშინდი. მივხვდი, იქ არავინ ვიყავი. გამომიძახეს გამოსაცდელ ოთახში, სადაც ცნობილი პროდიუსერ-მსახიობ-რეჟისორები ისხდნენ. შევნიშნე, მათგან ერთ-ერთს, ცნობილ პროდიუსერ დოდი ალფრედის განსაკუთრებულად ცივი მზერა ჰქონდა. სწორედ მან მთხოვა მონოლოგის წაკითხვაა. წავიკითხე იტალიურად, მერე - ინგლისურად. გავიგონე, ორი გამომცდელი - რეჟისორები ჩემს გარეგნობაზე მსჯელობდნენ. ისედაც ძალიან დაბნეული ვიყავი და მეგონა, საშინლად გამოვიყურებოდი. ამ დროს დოდიმ მთხოვა: შენს მშობლიურ ენაზე დაგველაპარაკეო. შოკში ჩავვარდი, სულ დავიბენი - იქ ქართული არავის ესმოდა და ვიფიქრე, დამცინოდნენ. იმწამს "ჩემი" რეჟისორი მომეშველა და მითხრა: რომელიმე ქართული ლექსი წაიკითხეო. მირზა გელოვანის ლექსი "მიყვარს ნაბიჯი, დარხეული და წარამარა..." გამახსენდა და წავიკითხე. როგორც ჩანს, ჩუმად ვკითხულობდი, ხმაც მიკანკალებდა და დოდიმ უფრო და უფრო ემოციურად წაკითხვა მომთხოვა. ბოლოს, წონასწორობიდან გამოვედი და გალაკტიონის "ლურჯა ცხენები" დავიწყე. აქ კი შევედი ეშხში და ალბათ, იმ მოკლე ხანში დაგროვილი ყველა ემოცია გამოვუშვი... დავასრულე და სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ინტიუციით მივხვდი, ჩემი ხსნა სწორედ გალაკტიონი იყო.

- ამიტომ დამიბარე ინტერვიუს ჩასაწერად გალაკტიონის ქუჩაზე?..

- შეიძლება (იცინის)... რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ დოდიმ მითხრა: "ვერაფერი გავიგე, მაგრამ... გამაგიჟებელია!" კიდევ უფრო მეტად დავიბენი, მერე კი მივხვდი, რომ ქართულ ენას აღუფრთოვანებია. მოკლედ, ამიყვანეს. მეორე დღეს გავიგე რეჟისორისგან, სპექტაკლში რა უნდა გამეკეთებინა. აღმოჩნდა, რომ დემონი უნდა განმესახიერებინა და სამი ლექსი ან პროზაული ტექსტი მომემზადებინა ქართულად, აქედან ერთი აუცილებლად - "ლურჯა ცხენები" უნდა ყოფილიყო! სპექტაკლს ერქვა "მოგზაურობა დროში". სამსართულიანი სცენის პირველ სართულზე ვიყავით დემონები, მეორეზე - ფრანგი კურტიზანები, ლორდები, გრაფები და ვიკონტები, მესამეზე კი - ცირკი. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ მე გალაკტიონი ვითამაშე ქართულად.

- ნეტავ, იტალიელებს ტერენტი გრანელი ხომ არ ჰქონდათ წაკითხული? ხომ გახსოვს: "გალაკტიონში არის დემონი..."

- "...და ჩემში უფრო ანგელოზია..." იცი, რა ამაყი ვიყავი, ასეთ პრესტიჟულ სპექტაკლზე, ასეთი მაყურებლის წინაშე და მართლაც, დემონი-მანქანის პრეზენტაციაზე გალაკტიონის წაკითხვის შემდეგ 41 მსახიობი რომ მეკითხებოდა, რა როგორ იყო ქართულად და რა რას ნიშნავდა?! ერთ-ერთმა მსახიობმა ისიც კი თქვა: ეს ენა ისეთი მისტიკურია, რომ მოდი, ათივე "დემონმა" ქართულად ვილაპარაკოთო... კიდევ იმასაც გეტყვით, რომ ამ სპექტაკლში ჰოლივუდის ცნობილ იტალიელ მსახიობთან, აზია არჯენტოსთან ერთად ვითამაშე. აზიას საქართველოშიც იცნობენ ფილმებით: "წითელი დივა", "დედოფალი მარგო", ახალი "დრაკულა"... აზია ჩვენს სპექტაკლში დემონების დივა გახლდათ. სხვათა შორის, ძალიან დავმეგობრდით. საოცრად თავმდაბალი და უშუალო ადამიანია.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.