"დღეს მაღალი ნოტები ყვირილში გადადის"
20-05-2013
"დღეს მაღალი ნოტები ყვირილში გადადის"
"მერე რა, რომ მაშინ კვალიაშვილმა არ იმღერა, ყველამ ყველგან ხომ არ უნდა იმღეროს?!"

"არ მინდა, ხალხი ისევ მდარე მუსიკას უსმენდეს"

"თუ ქართველმა არ ისწავლა "ბოდიში" და "მადლობა", არაფერი გვეშველება"


მუსიკალური პროექტების "იაზო" ჟიურის წევრად წოდებული მარინა ბერიძე ბოლო პერიოდში ასეთ პროექტებში აღარ ჩანს. ამბობს, შოუები ზედმეტად "ტკბილი" გახდაო და ამიტომაც აღარ ეძახიან.

- ეტყობა, არჩიეს, ჟიური იყოს თბილი და ტკბილი. რეიტინგი მაინც აქვს და ხალხი უყურებს. ხომ იცით, რეიტინგი ხარისხზეა
დამოკიდებული. ვნახოთ, მოვსინჯოთ, ეს რა რეზულტატს მოგვიტანს... ვიღაცები ძალიან გააღიზიანა ჩემმა სიმართლემ.

- რა არ მოგწონთ ამ შოუების?
- უპირველესად აკლია ქართული სიმღერა, რაც ყველაზე ძალიან მაწუხებს. მთავარი ნაკლი კი ის არის, რომ
მაღალი ნოტები აუცილებლად ყვირილში გადადის. ეს მსმენელის პრობლემაც არის - როგორც კი მაღალ ნოტს იღებს მომღერალი, ტაშია დარბაზში. ქართველი მომღერალი მელოდიურობითა და გულწრფელობით გამოირჩეოდა. დღეს ეს დაიკარგა. ამბობდნენ, რომ ჩემ გამო შემცირდა "ჯეოსტარში" მონაწილეობის მსურველთა რიცხვი. რა ვქნა, რაცა ვარ, ესა ვარ! თუ არ მომწონს, არ მომწონს. თუ ვბრაზდები, არ ვმალავ!

- ეკა კვალიაშვილმა განაცხადა, რომ თუკი თქვენ იქნებოდით ჟიურიში, თავის ქალიშვილს არ მისცემდა პროექტში მონაწილეობის უფლებას.
- ძალიან ცუდი!.. შეიძლება ვიღაც არ მიყვარდეს, მაგრამ ნიჭს ყოველთვის დავაფასებ. ეტყობა, მას პირადი წყენა აქვს... მეც ვარ ნაწყენი. ჩემზე თქვეს, თითქოს მუსიკოსი არა ვარ. მე კი ამას მთელი ცხოვრება შევწირე.

- რა მოხდა თქვენსა და კვალიაშვილს შორის?

- ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო, არც კი მახსოვს. არ შეიძლება ღვარძლის გულში დატოვება. სულ ვამბობ, თუ ქართველმა არ ისწავლა "ბოდიში" და "მადლობა", არაფერი გვეშველება-მეთქი. კვალიაშვილს რომ ჰკითხოთ, მე ვიყავი დამნაშავე. ერთ-ერთ კონცერტზე არ იმღერა და ჩათვალა, რომ მე ამოვიღე მისი გვარი შემსრულებელთა სიიდან. მერე რა, რომ არ იმღერა, ყველამ ყველგან ხომ არ უნდა იმღეროს? ეს ადამიანის კულტურაზეა დამოკიდებული, რომ ამხელა ამბავი არ ატეხოს.

- ქართულ კულტურულ სივრცეში ცვლილებებია, აქამდე დავიწყებული რუსი მომღერლები ბოლო ხანებში ხშირად სტუმრობენ თბილისს. რას იტყვით ამაზე?
- ჩემთვის რუსული ესტრადა ნაკლებად ღირებულია... მაგრამ დღევანდელი რუსეთის პოპკულტურა არაფერს მაძლევს. არ მინდა, ხალხი ისევ მდარე მუსიკას უსმენდეს. მთელი რუსული პოპი სამ აკორდზეა აგებული. ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ მსმენელი თვითონ განასხვავებს კარგსა და ცუდს, თუ ძალიან არ მოვახვიეთ თავზე, მაგრამ ჯაზფესტივალი ხომ ვერ მოვახვიეთ? 30 წელია ჯაზფესტივალი იმართება და მაინც ნაკლები ხალხია იქ, ვიდრე ვთქვათ, ლაიმა ვაიკულეს კონცერტზე.

ქეთი საგინაშვილი
ნინო
26 ივნისი 2013 12:58
ქალბატონო მარინე, ძალიან ვცემ პატივს თქვენს აზრს. იტყვიან ხოლმე, ქართველების სიმღერებია ტირილი და სევდიანიაო. აი, რუსების კი გამოგაცოცხლებსო.ზუსტად აღნიშნეთ- რუსული პოპი სამ აკორდზეა აგებულიო.
რა დროს რუსული უგემური სიმღერებია, მსოფლიოში ისეთი დონის სიმღერები იქმნება.
უღმესი პატივისცემით
beso
25 ივნისი 2013 10:28
ქალბატონო მარინა,

ნუ გეწყინებათ, ამ ჟიურიდან იმდენი სითბო და დადებით აურა მოდის, მიმაჩნია, ეს უფრო სწორია.
არა მგონია,ამით ამ კონკურსში ვინმე დაიჩაგრა. აქ ხომ მაყურებელია შემფასებელი. არა მგონია ხუთეული ცუდად იქნა შერჩეული და უფრო მკაცრი, რომ ყოფილიყო ჟიური, სხვა შედეგი იქნებოდა.
ის ვინ მაღალ ნოტში შეცდომებს უშვებს, ის უფრო ნაკლებად უშვებს შეცდომას დაბალში, მაგრამ აქ უფრო რთულია მომღერლის შესაძლებლობის შეფასება.
ნუკას, რომ ნიჭი აქვს, ესაა მთავარი. თუ იმუშავებს, რაღაცა გამოუვა. შენ ისა თქვი, ვინ დაუწერს სიმღერას და მოხდება თუ არა მისი ნიჭის რეალიზაცია.
tio
24 ივნისი 2013 23:48
ღმერთო ჩემო ნუკი გვალიას დასახვეწი რა სჭირს, ჩამოყალიბებული პროფესიონალი მომღერალია და ამაში მთელი საქართველო დარწმუნდა (ცოტა სასაცილოა მსგავსი კომენტარები :D ). "მკაცრი და სამართლიანი" გაკერიათ ყველას! . ძალიაან ნიჭიერი კონსურსანტები არიან.: )))

რედაქტორის რჩევით