ევროვიზია 2013 - "17 მაისის საღამომდე ჩვენ მიმართ ფანტასტიკური დამოკიდებულება იყო..."
25-05-2013
ევროვიზია 2013 - "17 მაისის საღამომდე ჩვენ მიმართ ფანტასტიკური დამოკიდებულება იყო..."
საიმედო პროგნოზის მიუხედავად, წელს "ევროვიზიის" კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლები - ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი ათეულშიც ვერ მოხვდნენ, რასაც საზოგადოება ჩვენს ქვეყანაში, 17 მაისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს. ზოგი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ კონკურსზე საქართველოს მონაწილეობას აზრიც არ აქვს, რადგან უკვე მერამდენე წელია, "ევროვიზიაზე" ჩვენს ქვეყანას "ვერ ამჩნევენ". გადავწყვიტეთ, ამ ყველაფერთან დაკავშირებით, თავად კონკურსანტებისთვის გვეკითხა აზრი.

- თქვენი აზრით, "ევროვიზიაზე" საქართველოს რატომ ვერ "ამჩნევენ"?


სოფო გელოვანი:

- ვერ ვიტყვი,
რომ ვერ ამჩნევენ. ვფიქრობ, რომ წელს ძალიანაც "შემჩნეული" ვიყავით. ფავორიტებს შორის მოვიაზრებოდით. სანამ კონკურსზე გავემგზავრებოდით, "ბუქმეიკერებში" მეექვსე-მეშვიდე ადგილზე ვიყავით, შემდეგ კი უფრო წინ წავიწიეთ. ჟურნალისტები გვეკითხებოდნენ: გაისად "ევროვიზიას" სად ჩაატარებთ - თბილისში თუ ბათუმშიო?

- საბოლოო ჯამში, "ევროვიზიაზე" წარმატების მიღწევაში საქართველოს ამჯერადაც რაღაცამ შეუშალა ხელი. მაინც მიგაჩნიათ, რომ ამ
კონკურსზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობას აზრი აქვს?


ნოდიკო ტატიშვილი:


- ჯერ ერთი, პატარა ქვეყნები "პიარისთვის" უამრავ თანხას ხარჯავენ და მეორე - "ევროვიზია" ყველაზე პრესტიჟული შოუა. აქ საქართველოს დროშა რაც მეტად გამოჩნდება, უკეთესია. მით უმეტეს, როცა ისეთი მომღერალი გყავს, რომელიც ქვეყანას სათანადოდ წარადგენს. ყველა მომღერალს ამ კონკურსზე ერთხელ მაინც მოხვედრას ვუსურვებ, რადგან იქ პროფესიონალიზმის უმაღლესი დონეა! რა თქმა უნდა, საქართველომ "ევროვიზიაზე" მონაწილეობა უნდა მიიღოს. "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მე ვერ გავაკრიტიკებ, - "ევროვიზიაზე" ფულს რატომ ხარჯავთ-მეთქი? თუ ფულის ხარჯვაა, სწორედ ევროვიზიაში უნდა დაიხარჯოს!

- თქვენი სასცენო ნომრის ხარისხი დახარჯულ თანხებს შეესაბამებოდა?


- არ დავაკონკრეტებთ, რა თანხა იყო გამოყოფილი, მაგრამ იმ მცირე რესურსებით მაქსიმუმი გავაკეთეთ. ლაშა ონიანს დიდ მადლობას ვუხდით. მან ჩვენი სიმღერისთვის შესაფერისი "მინიმალისტური" ნომერი დადგა... "ყველაზე ელეგანტურ წყვილად" დაგვასახელეს, რაც ჩვენთვის საამაყოა!

- საიმედო პროგნოზის მიუხედავად, ათეულშიც ვერ მოხვდით. რატომ? მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამის მიზეზი 17 მაისს, ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები იყო?


სოფო:

- ფაქტებით ვისაუბრებ: ფავორიტებად მოვიაზრებოდით. 39 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის, პრესამ პირველი ადგილი მოგვანიჭა. დარწმუნებულები ვიყავით, რომ თუ არ გავიმარჯვებდით, სამეულში აუცილებლად მოვხვდებოდით. როცა ფინალში ვიმღერეთ და ოთახში დავბრუნდით, აბსოლუტურად შეცვლილი სიტუაცია დაგვხვდა. ჩვენ მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვალა. არც ერთმა ევროპულმა ქვეყანამ 1 ქულაც არ მოგვცა. "ევროვიზიის" ისტორიაში მსგავსი რამ არ ყოფილა. რატომ - არ ვიცი, მაგრამ ფაქტია: ვითარება 90 გრადუსით შემოტრიალდა.

ნოდიკო:

- 17 მაისის საღამომდე ჩვენ მიმართ დამოკიდებულება ფანტასტიკური იყო, შემდეგ ყველაფერი აირდაირია, უკვე სხვანაირ გარემოში ვიყავით... ეს რაღაცებზე მეტყველებს... რა თქმა უნდა, ამ წარუმატებლობას მომღერალს, სიმღერასა თუ სასცენო ნომერს ვერავინ დააბრალებს. ეს ჩვენგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა.

- როგორ შეაფასებთ ფინეთის წარმომადგენლების გამოსვლას? როგორ ფიქრობთ, ჩვენც რომ მსგავსი დადგმა წარგვედგინა, გამარჯვების მეტი შანსი გვექნებოდა?


ნოდიკო:

- მე რა მეთქმის? ფინეთმა გადაწყვიტა, რომ "ლესბი-შოუ "გაეკეთებინა", მე და სოფომ კი გადავწყვიტეთ, ქალისა და კაცის ურთიერთობის შესახებ "მინიმალისტური" შოუ დაგვედგა. ამასთან დაკავშირებით, ევროპაში ვერავის შეედავები. მსოფლიოსთვის ვისაც რისი ჩვენების სურვილი ჰქონდა, ის აჩვენა. ჩვენ ის ვაჩვენეთ, რაც მიგვაჩნდა, რომ კარგი იქნებოდა.

- 17 მაისს, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე რას გვეტყვით?

- მე და სოფო მომღერლები ვართ და პასუხს ჩვენს საქციელზე ვაგებთ. საქართველოშიც ვისაც რა უნდოდა, ის გააკეთა. მიდი და შეედავე ან ერთ მხარეს, ან - მეორეს.

სოფო:

- შეიძლება, ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი გამაჩნია, მაგარმ აფიშირება არ მინდა. ამ თემაზე კომენტარები სხვა ადამიანებმა გააკეთონ. ჩვენს სათქმელს სიმღერით ვამბობთ. "ევროვიზიაზე" გამოვხატეთ, თუ როგორ უყვართ საქართველოში...

ეთო ყორღანაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)
Tatia
05 იანვარი 2014 15:20
ნოდიკო და სოფო მართლა ძალიან ძლიერები ხართ. მართლაც რომ საუკეთესოები თქვენი პროფესიონალიზმით, თქვენი ლამაზი ხმებით, შესრულებით, საქმისადმი დამოკიდებულებით და რაც მთავარია ადამიანებთან უშუალო და დადებითი ურთიერთობით. ამიტომ გაძლევთ ღმეთი ამდენ წარმატებას რომ ნიჭიერებასთან ერთად ღირსეული და თავმდაბალი ადამიანები ხართ. მიყვარხართ. თათია
temuri
13 სექტემბერი 2013 02:33
ბრავო ნოდიკო და ბრავო სოფო. გვეამაყებით და გაგახაროთ ღმერთმა. გამორჩეული მომღერლები ხართ და გასახარებელია რომ თქვენნაირი მართლა მომღერლები კიდევ გვყავხართ საქართველოში. იცოცხლეთ
Teona
13 სექტემბერი 2013 02:32
ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი ნამდვილად გენიალური მომღერლები არიან. მაღალი პროფესიონალური შესრულებით წარადგინეს საქართველო და ისინი ნამდვილად იყვნენ ჩვენი ქვეყნის საამაყო და ღირსეული სახეები. მე ამაყი ვარ როგორც რიგითი ქართველი, რომელმაც ვიამაყე წელს განსაკუთრებით. ის რაც მოხდა ნამდვილად 17 მაისის დამსახურებაა, ალბათ 15 მაისს რომ მომხდარიყო იგივე სამარცხვინო და შემაძრწუნებელი ქაოსი და გაუგებარი ყიჟინა, საქართველოს ფინალშიც არ გადაიყვანდნენ, მაგრამ მათი ფინალში გადასვლა ნამდვილად ღირსეული იყო. სამეულსაც ველოდი და ვოკალურად მიმაჩნია რომ საუკეთესოები იყვნენ და ალბათ ვისაც მუსიკა ესმის და ვოკალი დამეთანხმება.

რედაქტორის რჩევით