ოთო ნემსაძე: "უკრაინული პასპორტი რომ მქონოდა, მოვიგებდი!"
15-06-2013
ოთო ნემსაძე: "უკრაინული პასპორტი რომ მქონოდა, მოვიგებდი!"
"გამარჯვებული ძალიან კარგი გოგონაა, მაგრამ როგორც მომღერალს, მე ვერ შევაფასებ..."

"ჩემი ჯგუფი და ჩემი რეპერტუარი მექნება და "ქავერების" სიმღერა აღარ მომიწევს, რაც ძალიან მახარებს."


უკრაინული "ახალი ხმის" მესამე სეზონში რამდენიმე ქართველი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის ყველაზე წარმატებული "ჯეოსტარი" 2010, ოთო ნემსაძე აღმოჩნდა. ოთომ პირველ ტურში Feeling Good იმღერა და ოთხივე ჟიური შემოაბრუნა. საბოლოოდ, ფინალში გავიდა და მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ ამბობს, რომ პირველ ადგილზე გასვლაში ხელი არა
-უკრაინელობამ შეუშალა...


ოთო ნემსაძე:

- უკრაინელებმა თვითონ იაქტიურეს და "ახალ ხმაზე" ჩემი წაყვანა მოახერხეს. პირველმა ტურმა ძალიან წარმატებით ჩაიარა, რადგან ოთხივე მწვრთნელი შემობრუნდა. მაშინვე ის ავირჩიე, ვისთანაც ყოფნა მინდოდა და რომლის ჯგუფსაც უკვე, რადენიმე წელია, ვუსმენ. ეს ”Okean Elzy”-ს სოლისტი, სვიატოსლავ ვაკარჩუკია. ამის შემდგომ მოვლენები კარგად განვითარდა და თავი
ფინალში ამოვყავი. ყველა წინასწარ აცხადებდა, რომ მე მოვიგებდი, მაგრამ გამარჯვებისთვის საჭირო უკრაინული პასპორტის ქონა აღმოჩნდა. ეს რატომღაც, კონკურსის ბოლოს გაახსენდათ და მანამდე ჩემთვის არაფერი უთქვამთ... პირდაპირ ეთერში გამოაცხადეს კიდევაც, რომ ჩემი წაგების მიზეზი უკრაინული პასპორტის არქონა გახდა. პასპორტი რომ მქონოდა, გპირდებით, რომ პირველ ადგილზე გავიდოდი. რაც შეეხება გამარჯვებულს, ის ძალიან კარგი და ლამაზი გოგონაა. როგორც მომღერალს, მე ვერ შევაფასებ, რადგან ისეთი ჟანრის მუსიკას მღერის, რასაც არ ვუსმენ.


- თქვენი მოლოდინი მიღწეულს დაემთხვა?

- რასაც ხელს ვკიდებ, იმ საქმეში ჩემი შესაძლებლობების 100%-ს ვაჩვენებ და ბოლომდე ვიხარჯები. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. იმ ქვეყანამ და ხალხმა, რომელიც ძალიან მიყვარს, უკვე დამაფასა და მიმიღო. პროექტში წარმატების შედეგად მივიღე პრიზი, რომელიც მაძლევს საშუალებას, უკრაინაში ყველაზე პოპულარულ რადიოში 10 საათი ჩემი სიმღერებისთვის გამოვიყენო. ეს მუსიკოსისთვის ძალიან დიდი პრიზია, რადგან იქ რადიოს ბევრი ადამიანი უსმენს.

- შენი სამომავლო გეგმები უკრაინას უკავშირდება?

- კი, უკავშირდება. ჩემს მწვრთნელთან უკვე მაქვს კონტრაქტი და უახლოეს მომავალში ჩემს კარიერას უკრაინაში გავაგრძელებ. მექნება ჩემი ჯგუფი, ჩემი რეპერტუარი და ამიერიდან აღარ ვიმღერებ "ქავერებს", რაც ძალიან მახარებს. რაც შეეხება საქართველოს, აქ ჩემი სოლო-ალბომი ძალიან მალე გამოვა, ოთარ რამიშვილის ახლებური ვერსიები შევა. ალბომი "Bravo Records"-ში ჩაიწერა და არანჟირება ზვიად ბოლქვაძემ და ჩემმა მეგობრებმა გააკეთეს. არის ძალიან კარგი, ცოცხალი და ხარისხიანი მუსიკა და იმედი მაქვს, საქართველოში დიდი გამოხმაურება ექნება.

- ქართულ და უკრაინულ მუსიკალურ პროექტებს როგორ შეადარებდი?

- საერთოდ, შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ორი ერი ერთმანეთს ძალიან ჰგავს. კონკურსში ბევრი ლამაზი უკრაინული სიმღერის შესრულება მომიხდა. ვიმღერე, მოვირგე და ითვლება, რომ ამ სიმღერების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი გავხდი

- უკრაინელი მეგობრები შეიძინე?

- დიახ, კონკურსზე მეგობრები გავიჩინე, ეს კი მნიშვნელოვანია, რადგან მომავალში მათთან ვითანამშრომლებ კიდეც. განსაკუთრებით, ჩემი ჯგუფის კონკურსანტებს დავუახლოვდი.

- ამ გადმოსახედიდან "ჯეოსტარის" პერიოდს როგორ გაიხსენებდი?


- "ჯეოსტარი" ჩემთვის იყო უდიდესი სკოლა, რომელიც გავიარე. მაშინდელი პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება. ეს ყველაზე სერიოზული კონკურსი იყო, სადაც მონაწილეობა მიმიღია, რადგან, როგორც მუსიკოსი, "ჯეოსტარის" სცენაზე შევდექი.

- რას თვლი იმ უმთავრეს თვისებად, რომელიც წარმატებაში დაგეხმარა?

- მივიჩნევ, რომ სცენაზე დგომისას ჩემთვის არაფერს ვიტოვებ და ყველაფერს მსმენელს ვაძლევ. არასდროს ვიტყუები და არ ვთამაშობ, ეს, ალბათ, ხალხმა დაინახა და ამას გულღიად შეხვდა. ვცდილობ, რომ არაფერი არ დავგეგმო, დავდგა და სიმღერისას სპონტანური ვიყო. ეს, ჯერ-ჯერობით, გამომდის.

ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის)
ia qutidze
20 სექტემბერი 2013 15:27
ძალიან დიდი მადლობა უკრაინელ ხალხს. რომ ჩვენი ოთო ასე მიიღეს და შეიყვარეს. მაგრამ იმედია რომ სულ არ წაგვართმევენ. თუმცა ღირსები კი ვართ... მათ ჩვენზე უფრო დააფასენ ოთო. შოკში ვიყავი მათ რეაქციებზე, გავგიჯდი კინაღამ.მაგრამ ეგ ყველაფერი დიდი შრომით მოიპოვა და დაიმსახურა კიდეც აღიარება. წარმატებები. ყველას უყვარხარ.მათ შორის მეც.
ia qutidze
20 სექტემბერი 2013 14:21
ეგ მართალია . უკრაინული პასპორტი რომ გკონოდა 100% გამარჯვებული შენ იქნებოდი.კი კარგი გოგონაა ანნა მაგრამ...რა შედარებაა კარგი რა. ხალხმა მართლა პასპორტს დაუჭირეს მხარი..ცოტათი არაობიექტურად მოიქცნენ. არ ვიცი ქართველებს რომ გვქონოდა იგივე სიტუაცია გადასაჭრელი ალბათ ჩვენც მათნაირად მოვქცეულიყავით. სუნთქვაშეკრული ვუყურებდი ყველა შენს გამოსვლას, სასწაული გრძნობა მეუფლებოდა შენი სცენაზე გამოჩენისას..გრძნობა უდიდესი სიამაყის..მეამაყებოდა შენი ქართველობა. ძალიან დიდი წარმატება მინდა გისურვო და ვიცი რომ აუცილებლად მიაღწევ ყველა შენს დასახულ მიზანს. მადლობ რომ არსებობ. მუდამ შენი გულშემატკივარი ვიქნები და გამიხარდება ყველაფერი კარგი.მიყვარხარ ძალიან.
GriGri
29 ივლისი 2013 15:04
დარწმუნებული ვარ, ოთო უკრაინაში კარგ კარიერას გაიკეტებს. მას აქვს სამხრეთული ტემპერამენტი, ფანტასტიური ემოციონალურობა და არტისტულობა. გავვოცდი, როგორ იმღერა უკრაინული სიმღერები, საიდან ნაციონალური ნიუანსების, მათი, უკრაინელების, სენსიტიურობის ამდენი ცოდნა?! ალბათ, ზოგადად, არტისტულობიდან მოდის ეს ყველაფერი. უდავოდ, საუკეთესო იყო კონკურსზე. მაგრამ იმედი მაქვს, უკრაინელები მას შეუქმნიან ყოველგვარ საშუალებას, რომ საკუთარი რეპერტუარი ქონდეს და კარიერა გაიკეთოს. ფანტასტიური მასალაა კარგი პროდიუსერისათვის.

რედაქტორის რჩევით