"სასულიერო პირს შეუძლია, პროტესტი ასე გამოთქვას, მე კი ეს ჩემი რეპით გავაკეთე."
16-07-2013
"სასულიერო პირს შეუძლია, პროტესტი ასე გამოთქვას, მე კი ეს ჩემი რეპით გავაკეთე."
"ეს არის რეპ-პროტესტი გეი-პარადის წინააღმდეგ. არავის სექსუალური ორინტაციის აფიშირების მომხრე არ ვარ"

გიორგი პავლიაშვილი, იგივე რეპერი "მასტერი"
ბოლო დროს ინტერნეტსივრცეში
ერთობ პოპულარული გახდა. მისი სიმღერები, ხშირად შეეხება სოციალურ პრობლემებს (და არა - პოლიტიკურს, როგორც თვითონ ამბობს). მასტერს მისი და სხვა რეპერების შესახებ ვესაუბრეთ და დავინტერესდით, რას ფიქრობს იმ პრობლემებზე, რაც საქართველოში დღის წესრიგში დგას...

"მასტერი":

- ამერიკაში ვსწავლობდი და რეპის კულტურას იქ ვეზიარე. რომ ჩამოვედი, კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ იქ
რეპს ძალიან მაღალ დონეზე აკეთებენ, აქ კი ძალიან დაბალზე
, ჰოდა, გადავწყვიტე ამ საქმისთვის მომეკიდა ხელი.

- ძირითადად, სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემატიკაზე მღერი...

- ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ და მხოლოდ სოციალურ პრობლემებზე ვმღერი. ბოლო დროს რამდენიმე სიმღერა ჩავწერე სოციალურ თემაზე. რაც შეეხება პოლიტიკას, არანაირი პოლიტიკა ჩემს
შემოქმედებაში არ არის.
არც ერთი სიმღერა არ მაქვს პოლიტიკური.

- ციხის კადრების შესახებაც გაქვთ კლიპი...

- მერე პოლიტიკა რა შუაშია? ადამიანები აწამეს და პროტესტი გამოვთქვი.

- საერთოდ, საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე რას ფიქრობთ? თუნდაც, 17 მაისის შესახებ, რაზეც კლიპი გადაიღეთ...


- ეს არის რეპ-პროტესტი გეი-პარადის წინააღმდეგ. არავის სექსუალური ორინტაციის აფიშირების მომხრე არ ვარ. მათ შეუძლიათ, სადაც უნდათ, იქ იყვნენ და რაც უნდათ, ის გააკეთონ, მათ მიმართ არანაირი აგრესია არ მაქვს.

- ყველაზე მეტად მსგავსი საკითხები გაწუხებთ?


- არა, გაინტერესებთ, ყველაზე მეტად რა პრობლემა მაწუხებს? უფულობა. არა მარტო ჩემი, არამედ საზოგადოების უსახსრობა. ხალხს შია და ეს ძალიან მაწუხებს. ყველა სფეროში უფულობაა: ბიზნესში, შოუბიზნესში და ა.შ.

- თვლით, რომ თქვენი სიმღერებით და ამ სიმღერებში გამოხატული პროტესტით რამის შეცვლა შეგიძლიათ?

- რატომაც არა? ბევრი მსმენელი მყავს. ვფიქრობ, რომ მათ უფრო ვუმყარებ რწმენას, რაც გააჩნიათ. ჩვენ საერთო აზრს ვატარებთ, თითქოს ერთი დიდი ჯგუფი, გუნდი ვართ. როცა აზრს ვაფიქსირებთ და ერთმანეთს ვეთანხმებით, პარალელურად, ჩვენი მოწინააღმდეგეები ხედავენ, რომ ამხელა ძალა გვაქვს, რა თქმა უნდა, შეგვიძლია რაღაცების შეცვლა.

- სხვა ქართველ რეპერებზე და მათ შემოქმედებაზე რას ფიქრობთ?


- რეპერი ვარ და როცა სხვა რეპერს ვხედავ, უკვე სიმპათიით განვეწყობი ხოლმე მის მიმართ. მაგრამ ზოგადად, ქართულ რეპს კარგად არ შევაფასებდი. თუმცა, მაგალითად, ბერა ძალიან ნიჭიერია, თან პროფესიონალებთან მუშაობს და მაღალი ხარისხის პროდუქციას აკეთებს. აგრეთვე ჯერონიმო, ჩვენი ძმა, მას აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი. მისი სიმღერების მანქანაში მოსმენა არასდროს "გამიტყდება". ვინც კარგია, იმაზე ვისაუბროთ, მაგალითად ძვალი, რომელიც თავის საქმეს შესანიშნავად ასრულებს.

- როგორც მოქალაქე, რას ფიქრობ იმ ჯარიმებზე, რომელიც უნდა დაწესდეს საზოგადოებრივ ადგილებში სმის და "ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნის" გამო?

- ზოგადად რომ ვთქვათ, ვფიქრობ, რომ ასეთ თემებზე უფრო საჭირბოროტო პრობლემები არსებობს, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა უნდა გადავჭრათ და არა, მაგალითად, სერიალების საკითხი. თუ გარეთ ლუდის დალევა მინდა, მე მგონი, პრობლემა არ უნდა იყოს. პრინციპში, გააჩნია, ყველაფერს უნდა მივცეთ ჩარჩო, რომ რაღაცებში ევროპას დავემსგავსოთ. ისიც არ შეიძლება, რომ შუა ქუჩაში 2-ლიტრიანი გადმოდგა, დალიო და მეზობლები შეაწუხო. ისე, თუ არავის აწუხებ და მეზობლებსაც ასმევ, რა პრობლემაა? სტადიონზე დალევას უნდა მოვერიდოთ, რადგან ფიცხი ხალხი ვართ და ემოციურობის გამო არასასურველ შედეგამდე მივდივართ ხოლმე. მაგრამ მე მგონია, რომ ეს დიდი პრობლემა არ არის. რაც შეეხება "შეურაცხმყოფელ მდგომარეობას", გოგოს ქუჩაში ლექსს ვერ წაუკითხავ, არა (იცინის)? სიმართლე გითხრათ, არ მინახავს, წყვილი მოდიოდეს და "კოცნაობდეს". ეთიკაზე უნდა იყოს საუბარი, მაგრამ აკრძალვას ნამდვილად არ ვეთანხმები, თუმცა შუა ქუჩაში სექსი ნამდვილად "ტეხავს", ახალგაზრდა ხარ თუ ხნიერი, მაინც ერთნაირი რეაქცია გაქვს... ხომ შეიძლება, მეც გოგოსთან ერთად ვიყო და ამის დანახვისას უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდე. ან ნათესავთან, ან ბებიასთან ვიყო და არ მესიამოვნოს, რომ ასეთ სცენას შევესწრო. თუ ჩარჩოებიდან გადავა, ცუდია, მაგრამ ეს ყოველთვის არსებობდა და შეგვიძლია, ადამიანს უბრალოდ, მივუთითოთ, რომ ნორმალურად მოიქცეს.

- საერთოდ, თქვენს თავს პატრიოტად და მორწმუნედ თვლით? თქვენი აზრით, შეიძლება თუ არა რელიგიურობა და პატრიოტიზმი მოვარგოთ თუნდაც რეპს?


- ჩემი ქვეყანა, მისი ყოველი მხარე მიყვარს და პატრიოტი ვარ. ვფიქრობ, რომ რეპს პატრიოტიზმი და რელიგიურობა არანაირ ასპექტში არ ეწინააღმდეგება. რეპი თავისუფალი მუსიკაა, რასაც გინდა, იმას ამბობ. თუ გიყვარს შენი ქვეყანა, ხმამაღლა გამოთქვამ, რომ გიყვარს, ხოლო თუ არ გიყვარს - ამასაც თავისუფლად გამოხატავ.

- თქვენ ლგბტ-ს მიმართ პროტესტს გამოთქვამთ. თქვენი აზრით, სასულიერო პირმა მკაცრი ფორმებით უნდა გამოთქვას პროტესტი?

- როცა საჭიროა, შენი სარწმუნოება და ტრადიციები დაიცვა, ჩემი აზრით, სასულიერო პირს შეუძლია, პროტესტი გამოთქვას. მე ეს ჩემი რეპით გავაკეთე.

ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის)
ნინო
16 ივლისი 2016 15:07
ქართველი ერის ღირსეული შვილი ხარ, მახარებს შენი არსებობა,ღმერთმა დაგლოცოს და ხელი მოგიმართოს კეთილი საქმის კეთებაში,
GuRgEnA DREAMER
17 ივლისი 2013 15:02
Magari Kaci Xar Master!!!
marina
16 ივლისი 2013 16:47
ყოჩაღ ამ ახალგაზრდას. მიუხედავად რეპი არ მომწონს, ეს ახალგაზრდა მომეწონა და ვუსურვებ წარმატებებს. ძალიან გამეხარდა.

რედაქტორის რჩევით