ნუკა გვალია: "ჩვენთან უმეტესობა იმით ცხოვრობს, რომ სხვა გაკიცხოს და ცუდი თქვას." (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

ნუკა გვალია: "ჩვენთან უმეტესობა იმით ცხოვრობს, რომ სხვა გაკიცხოს და ცუდი თქვას." (ექსკლუზივი)

"თავს დამარცხებულად არ ვთვლი... ჩემი მიზანი პირველი ადგილის აღება არ ყოფილა"

"როცა პირველად ირაკლი ფუტკარაძეს მოვუსმინე, გამაჟრიალა."

"საქართველოს ვარსკვლავში" ეკა კვალიაშვილის შვილმა, ნუკა გვალიამ გაიბრწყინა და ბევრი მას გამარჯვებულადაც მოიაზრებდა. როგორც მომღერალი ამბობს, მისი გამარჯვება ის არის, რომ ხალხის სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა, ამის გამო საზოგადოებას მადლობას უხდის. ნუკას სხვა აქტუალურ თემებზეც ვესაუბრეთ.

ნუკა გვალია:

- "საქართველოს ვარსკვლავამდე" ბედი დიდ კონკურსში არ მიცდია. "საქართველოს ვარსკვლავში" კი იმიტომ მივედი, რომ მინდოდა, ბოლოს და ბოლოს, თავი გამომეცადა. მაინტერესებდა, როგორ შემხვდებოდა საზოგადოება. საბოლოოდ, რისთვისაც ვცადე პროექტში ბედი, ის მივიღე.

- საკონკურსო პერიოდზე რას იტყვი?

- საკმაოდ რთულ რეჟიმში ვიყავი. ამას შეჩვეული არა ვარ. კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, შევეგუებოდი თუ არა ადრე ადგომას, რეპეტიციებზე სიარულსა და დიდ დატვირთვას. ყველაზე მეტად ირაკლი ჩარკვიანისა და ნინო ქათამაძის ტური მომეწონა.

ნამდვილად არავინ ელოდა, რომ ირაკლი ფუტკარაძე ფინალში ვერ მოხვდებოდა. მე ბევრჯერ ვიყავი აუტსაიდერი, მაგრამ ირაკლი, ძირითადად, ესემესლიდერი ხდებოდა ხოლმე. არ ვიცი, რატომ მოხდა ასე. პირადად მე იმ ჟანრს ვუსმენ, რასაც არ ვმღერი - მეტალს. როცა პირველად ირაკლის მოვუსმინე, გამაჟრიალა. ნიჭიერი და ძალიან კარგი მომავალი ექნება, ისევე, როგორც თითოეულ ჩვენგანს, თუ ხელშეწყობა გვექნება. საქართველოში ეს ძალიან ჭირს. საერთოდ, კონკურსის მესიჯებით ჩატარება, მით უმეტეს, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ჩემი აზრით, უაზრობაა. როცა ვთქვათ, ამერიკაში ასეთი კონკურსია, შენი ნაცნობ-მეგობრები რომ გგულშემატკივრობდნენ, შანსი მაინც არა გაქვს, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი იმას მისცემს ხმას, ვინც ნამდვილად მოსწონს. ჩვენთან კი პირიქით არის.

- ბევრი ვარაუდობდა, რომ გაიმარჯვებდი. როგორ გგონია, ასე რატომ არ მოხდა?

ჩემი მიზანი პირველი ადგილის აღება არ ყოფილა. სურვილი ავისრულე და "საქართველოს ვარსკვლავმა" ის მომცა, რაც მართლა მინდოდა. გული პირველობაზე არ დამწყვეტია, რადგან ჩემ გარშემო იმდენი ადამიანია, თუნდაც "ფეისბუქზე" იმდენი მეხმაურება, რომ შემიძლია, ვთქვა, ჩემთვის პირველობა ეს არის. ყველა რომ გაღიარებს და სიყვარულით გელაპარაკება, ეს არის ჩემთვის მთავარი და არა პროექტში მონიჭებული პირველი ადგილი. ასე რომ, თავს დამარცხებულად არ ვთვლი და ძალიან ბედნიერი ვარ.

- ნინა სუბლატის თქმით, მისი გამარჯვება იმან განაპირობა, რომ ბერას სტუდიაში დადიოდა და მესიჯებსაც მრავლად უგზავნიდნენ... შენ რამდენად დამაჯერებლად მიგაჩნია ეს?

- სრული სისულელეა. ამაზეა ნათქვამი, "მიზეზ-მიზეზ, დოს მარილი აკლიაო", მე რომ გამემარჯვა, იტყოდნენ, საქმეს ეკა უწყობდაო. მარიკოს რომ გაემარჯვა, თურმე გვარამიას უყვარდა. ნინას გამარჯვება ბერას სულ ტყუილად მიაწერეს. საქართველოში ჭორაობა უყვართ, შენს წარმატებას ყოველთვის რაღაცას ან ვიღაცას აბრალებენ. პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს სისულელეა.

- სოციალურ ქსელში ერთი შენი კომენტარი წავიკითხე, არ ვაპირებ ამ ჭორის ბუდეში დარჩენასო. საქართველოს ჭორის ბუდედ მიიჩნევ?

- არა, აქ ბევრი კარგი ადამიანია, მიყვარს ისინი და ვაფასებ. მათი მადლიერი ვარ, რომ ასეთი ბედნიერება მომანიჭეს. მაგრამ უმეტესობა იმით ცხოვრობს, რომ სხვა გაკიცხოს და ცუდი თქვას. ალბათ, იმიტომ, რომ აქ არაფერი ხდება საინტერესო, ხალხს საქმე არა აქვს და ამით ერთობა. ისე, მათი ბრალიც არ არის, სიტუაციაა ასეთი. ყველაფერი ჩამკვდარია, თუნდაც, შოუბიზნესი. ხალხს ის უკვირს, როცა მომღერალი სცენაზე ცეკვავს. მე სხვა გეგმა მაქვს, მინდა, ცხოვრებაში ბევრს მივაღწიო. საქართველოდან წასვლა მართლაც მინდა და ვიცი, რომ უცხოეთში უფრო ბევრის მიღწევა შემიძლია, ვიდრე აქ. ხალხის სიყვარულზე ლაპარაკი არა მაქვს, ეს იმდენი მივიღე, რამდენიც საჭირო იყო.

- საზოგადოებაში აჟიოტაჟი მოჰყვა იმას, რომ ეკა კვალიაშვილი ნინა სუბლატს "რუსთავი 2"-ის ვარსკვლავობას ულოცავდა. ისე გამოვიდა, თითქოს სუბლატი საქართველოს რჩეული კი არა, მხოლოდ ტელეკომპანიის გამარჯვებული გახდა.

- ეკა ისეთი ადამიანი არაა, ვინმეზე რამე ცუდად და "იაზვურად" თქვას. ამას ირონიით არ იტყოდა. იმას გულისხმობს, რასაც ამბობს. ნინასთან ვმეგობრობ, ამდენი ხანი ერთად ვიყავით, ამიტომ ეკა ცუდად ამ კომენტარს არავითარ შემთხვევაში არ დაწერდა. ის ნინას იცნობს და ისიც იცის, თუ როგორი ურთიერთობა მაქვს მასთან... ძირითადად, დაახლოებით 9-13 წლის ბავშვები ჭორაობენ, სკოლის გარდა საქმე არაფერი აქვთ და გაბოროტებული არიან. ასეთი პატარა ბავშვები რამ დაბოღმა და გააბოროტა?! ზოგი მეც ისეთ რაღაცებს მწერდა სოციალურ ქსელში, რომ გაოცებული ვიყავი. მათ ასაკში ჩემს ცხოვრებაში თამაშისა და სიხარულის გარდა არაფერი არსებობდა.

- სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარე...

- ორსულად ვარ და ძალიან ახლო გეგმები არა მაქვს. კონკურსმა გადამღალა და გადავწყვიტე, ცოტა ხანი დავისვენო, შემდეგ კი საქმეს შევუდგე. გეგმაზე წინასწარ არ ვილაპარაკებ, რადგან არ მიყვარს. მთავარია, გაჩერებას არ ვაპირებ. იმ სფეროში მინდა მოღვაწეობის გაგრძელება, სადაც ახლა ვარ.

ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის)