ბუბა კიკაბიძე: იურმალაში თამაშები მიდის, კაცო, თქვენ რა, ეჭვი გეპარებათ?! - კვირის პალიტრა

ბუბა კიკაბიძე: იურმალაში თამაშები მიდის, კაცო, თქვენ რა, ეჭვი გეპარებათ?!

იურმალაში, კონკურს "ახალ ტალღაში" სალომე ქათამაძის ბოლო გამოსვლას და ტოტო კუტუნიოს მიერ დაწერილ დაბალ ქულას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და სოციალურ ქსელებში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემადაც იქცა... ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრება ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა გაგვიზიარეს .

ბუბა კიკაბიძე:

- ტოტო კუტუნიომ სალომე ქათამაძეს ორი ქულა ნაღდად დააკლო. მე ძალიან მომეწონა სალომეს გამოსვლა. ნიჭიერი გოგოა. ჩვენთან ბევრია ნიჭიერი და სალომეც ერთ-ერთი მათგანია, რა... გუშინდელი ნომერიც მომეწონა, კარგად იყო შერჩეული. ტოტო კუტუნიო წინა დღეს აღფრთოვანებას ვერ მალავდა და მერე რაღა მოუვიდა, არ ვიცი. ალბათ, "წაუჩურჩულეს" რაღაც... ვიმეორებ, სალომეს ყველაზე ცოტა, 10 ქულა მაინც ეკუთვნოდა. ახლა რომ ამბობენ, კუტუნიოს ეძინა და გამოაღვიძესო, ეს მართალი არ არის. კარგად ვხედავდი, როგორც იყო... არც ის გამიკვირდება, სალომეს შემდეგში ქულები კიდევ დააკლონ.

- რატომ ფიქრობთ ასე, თქვენი აზრით, ამ კონკურსზე "ჩაწყობებია"?

- თამაშები მიდის კაცო მანდ, თქვენ რა ეჭვი გეპარებათ?!... იმასაც იძახიან, კუტუნიო ორჯერ იყო საქართველოში, ჩვენ დიდი პატივისცემა გამოვხატეთო, მაგრამ მე მაშინ ვიტყვი ამას, როცა პირადად ვცემ ვინმეს პატივს. ქვეყანამ რა პატივი სცა, მე არ ვიცი და ვერც ვერაფერს მოვთხოვ იმ კაცს... როგორც მომღერალს, ტოტო კუტუნიოს ბევრი არ იცნობს. ეს არის დღეს-დღეობით ესტრადის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი. ცილს ვერ დავწამებ, შესანიშნავად მღერის თავის სიმღერებს და უნიჭიერესი კაცია. კრიტიკოსებმა უნდა შეაფასონ, თუ როგორ მოიქცა იგი კონკურსზე. ხელაღებით პოლიტიკურ სარჩულსაც ნუ მივცემთ, სასაცილო იქნება. შეიძლება არ მოეწონა - კაცია და გუნება, ვაა... თუმცა ისეთი ნომრები მოიწონა, სწორედ ეს ბადებს ეჭვის საფუძველს. მე ვიმეორებ, რომ სალომეც ძალიან მომეწონა და მისი ნომერიც!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)