"კუტუნიოს გარღვევა?!" - კვირის პალიტრა

"კუტუნიოს გარღვევა?!"

სალომე ქათამაძე: "ქართული სიმღერა კუტუნიოს მუსიკალურმა სულმა ვერ მიიღო"კონკურსზე, სადაც სამნოტიან სიმღერებს მღერიან, წასვლა არ ღირს. ეს არის პოპსა-კონკურსი და ქართული ფოლკლორი არ ესმით..."

მარინა ბერიძე: "სალომესა და სოსო პავლიაშვილს რომ ემღერათ, ბომბი იქნებოდა"

თემურ თათარაშვილი: "კუტუნიოზე არ ღირს გაბრაზება, ჯერ თვითონ ისწავლოს სიმღერა!"

იურმალის ყოველწლიურ კონკურს '"ახალ ტალღაში" საქართველოს მონაწილეობა 2008 წლის შემდეგ აღარ მიუღია. 4-წლიანი პაუზის შემდეგ ჩვენი ქვეყნის სახელით კონკურსზე სალომე ქათამაძე წარდგა. პირველ საკონკურსო დღეს ქართველმა კონკურსანტმა შესანიშნავი გამოსვლით ჟიური აღაფრთოვანა. მომღერალი ტოტო კუტუნიო სალომეს ფეხზეც კი წამოუდგა. მეორე ტურში კი, სადაც სალომემ დუეტ "ჯორჯიასთან" ერთად ქართული სიმღერა "პატარა ბიჭი დამეკარგა" შემოგვთავაზა, კუტუნიომ ყველა გააოცა და სალომეს დაუმსახურებელი 8 ქალა დაუწერა.

როგორც ქართული კონკურსების რისხვა მარინა ბერიძე ამბობს მეორე ტური ნაკლებად ეფექტური იყო: "უნდა იცოდე, რა კონკურსზე მიდიხარ და აქედან გამომდინარე შეარჩიო სიმღერა. ეს რთული სიმღერაა და ასეთი ტიპის კონკურსისთვის არ არის განკუთვნილი. ჯერ ერთი, მოთხოვნა იყო ქართული ჰიტი. ეს კი რამდენიმე სიმღერისგან შექმნილი კომპოზიციაა. თითქოს გაიფანტა და ერთიანობა დაკარგა. გული დამწყდა კუტუნიოს შეფასებაზე. სალომეს ნამდვილად არ ეკუთვნოდა 8 ქულა. არ ვიცი, რა სჭირთ ტოტო კუტუნიოსა და აგუტინს. მით უფრო აგუტინისგან  გამიკვირდა, უნდა მიმხვდარიყო ამ კომპოზიციის სირთულეს და 10 ქულა არ უნდა დაეწერა.

მე რომ ვყოფილიყავი, სალომესა და სოსო პავლიაშვილის დუეტს გავაკეთებდი, რომელიც ბომბივით გასკდებოდა. მათი ხმები მოუხდებოდა ერთმანეთს. დარბაზი ფეხზე დადგებოდა...

ერთი რამე კი უდავოა: ის არ იყო 8 ქულის ღირსი. იმ კონკურსზე, სადაც 3-ნოტიან სიმღერებს მღერიან, ეგებ არც ღირს წასვლა. ეს არის პოპსა-კონკურსი და უბრალოდ, არ ესმით".

რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ვალერი მელაძემ სალომეს გამოსვლა დადებითად შეაფასა: "ძალიან რთული სიმღერა იყო. "ჯორჯია" ძალიან ძლიერი დუეტია, სალომეც შესანიშნავად მღერის. მათი გამოსვლა პროფესიონალებმა უმაღლესი ქულებით შეაფასეს. ყველანი აღფრთოვანებული არიან. რაც შეეხება კუტუნიოს, მას ამ სიმღერაზე, ალბათ, ეძინა, გაეღვიძა და არ მოეწონა, რომ გააღვიძეს", - აღნიშნა მელაძემ.

თავად შემსრულებლები საკუთარ გამოსვლას და კუტუნიოს 8 ქულას ასე აფასებენ:

სალომე ქათამაძე: "ქართული ხალხური სიმღერა, ცოტა არ იყოს, რთულად გასაგებია. შეიძლება კუტუნიოს მუსიკალურმა სულმა ვერ მიიღო".

დუეტი "ჯორჯია": "არ ვიცით, კუტუნიოს რა მიზეზი ჰქონდა 8 ქულის დასაწერად, თუმცა ჩვენ მაინც კმაყოფილი ვართ".

თემურ თათარაშვილი: -  ღმერთმა გვიმრავლოს ისეთი მომღერლები, როგორიც სალომეა. არაჩვეულებრივად გამოვიდა. თვალყურს ვადევნებდი ჟიურის რეაქციას, ყველა ღიმილიანი სახით ან შურით პირდაფჩენილი უყურებდა... კუტუნიოს ქულა სასაცილოა. თავისი 8-იანით თვითონვე მოუვიდა გარღვევა... მაპატიეთ, მაგრამ კუტუნიოზე არ ღირს გაბრაზება, ჯერ თვითონ ისწავლოს სიმღერა. როგორც მახსოვს, თბილისში ჰყავდათ ჩამოყვანილი და კარგადაც გაუმასპინძლდა ჩვენი ხელისუფალი...

ბუბა კიკაბიძე: - ძალიან მომეწონა სალომეს გამოსვლა. ნომერიც კარგად იყო შერჩეული. ტოტო კუტუნიო წინა დღეს აღფრთოვანებას ვერ მალავდა და მერე რაღა მოუვიდა?! იმასაც იძახიან, კუტუნიო ორჯერ იყო საქართველოში, დიდი პატივისცემა გამოვხატეთო... ქვეყანამ რა პატივი სცა, არ ვიცი და ვერც ვერაფერს მოვთხოვ იმ კაცს... კრიტიკოსებმა უნდა შეაფასონ, როგორ მოიქცა კონკურსზე. არ მოეწონა - კაცია და გუნება, ვაა... თუმცა ისეთი ნომრები მოიწონა, ეს ბადებს ეჭვის საფუძველს.

მოამზადა

ქეთი საგინაშვილმა