ნინა წკრიალაშვილი - ყველაზე უგემოვნო კი არა, იურმალაში კომპლიმენტებით ამავსეს! - კვირის პალიტრა

ნინა წკრიალაშვილი - ყველაზე უგემოვნო კი არა, იურმალაში კომპლიმენტებით ამავსეს!

"ცხოვრება ისეთი მოკლეა, უსაქმური, ჩამოუყალიბებელი, უკულტურო ადამიანები რას ფიქრობენ ჩემზე, ამას ვერ დავუთმობ ჩემი დროის ერთ წამსაც კი. იგივეს გირჩევთ თქვენ..." - ამბობს ნინა წკრიალაშვილი. იგი აღშფოთებულია იმ ხალხზე ვინც დაიჯერა, რომ იურმალაზე ნინა წკრიალაშვილი თითქოს ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმულ სტუმრად დაასახელეს და ამ ხალხს და ჩვენს შეკითხვებს თავად უპასუხა..

- ნინა, სალომე ქათამაძეს ძალიან გულშემატკივრობდით. ეს სატელევიზიო კადრებიდანაც იგრძნობოდა და თქვენი ფეისბუქის გვერდზეც ძალიან აქტიურობდით...

- მიუხედავად იმისა, რომ მეორე ადგილზე გავედით, მე ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგი შედეგია. სალომემ ასახელა საქართველო და საკუთარი თავი პირველ რიგში. 2008 წლის შემდეგ ჩვენ ამ კონკურსზე მონაწილეობა აღარ მიგვიღია და ამხელა პაუზის შემდეგ, პირველივე წასვლაზე მეორე ადგილი ჩამოვიტანეთ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვულოცავ სალომეს და საქართველოს წარმატებას... მეორე ტურში სალომეს აშკარად დააკლო ქულები ტოტო კუტუნიომ. როგორც მერე უთქვამს, თურმე სიმღერა ვერ გაიგო. ალბათ იმიტომ, რომ მიჩვეულია ერთ ხმაში სიმღერას. საერთოდ, კუტუნიო ჩემთვის ავტორიტეტი არ არის, როგორც მუსიკოსი... რაც შეეხება დანარჩენებს, ვალერიას ძალიან მოეწონა ჯეირანი, ასევე სხვებსაც. მაყურებელი გიჟდებოდა სალომეზე. უბრალოდ დასანანია, რომ ტექნიკური მიზეზების გამო მეორე ტურში კარგად არ ისმოდა სალომეს ხმა.

- ყურადღების ცენტრში თქვენც აღმოჩნდით, ოღონდაც როგორც ვიცი ყველაზე უგემვნოდ ჩაცმულ სტუმრად დასახელდით?

- რაც შეეხება ჩემს უგემოვნო ჩაცმულობას, ასე ნამდვილად არ იყო. სტატიაში ეწერა, ქვიშის სანაპიროს ტყავის კაბა არ უხდებაო, ეს იყო და ეს. ამ დროს არ იყო ტყავის კაბა, ნაჭრის იყო. თან იქ ძალიან ციოდა... უგემოვნო კი არა, ნახევარმა იურმალამ მკითხა, თუ ვინ ვიყავი, სად ვიმოსებოდი და ისიც კი - თმა სად შევიღებე. როგორც გავიგე, ბევრი ადამიანი ძალიან გახარებულია ამ სტატიით, მაგრამ სულ ტყუილად. თავად დავდე ჩემი ფეისბუქის გვერდზე აღნიშნული სტატია და ნორმალურად წაიკითხონ!.. ძალიან გამეხარდა, იმდენ ლამაზ მანდილოსანს შორის სწორედ მე რომ ამავსეს კომპლიმენტებით და თან არა მარტო პირველ დღეს, არამედ ყოველდღე! აქ რაც უნდათ, ის წერონ და ილაპარაკონ! ცხოვრება ისეთი მოკლეა - უსაქმური, ჩამოუყალიბებელი, უკულტურო ადამიანები რას ფიქრობენ ჩემზე, ამას ვერ დავუთმობ ჩემი დროის ერთ წამსაც კი. იგივეს გირჩევთ თქვენც!

- ახლახან დაბრუნდით საქართველოში. ახლა აქ ყველაზე აქტუალურია შორენა ბეგაშვილის და თიკო სადუნიშვილის დაპირისპირება. როგორც ვიცი ორივეს ახლოს იცნობთ...

- მართლა არ ვიცი, რატომ იჩხუბეს, მაგრამ თვითონვე უნდა გაარკვიონ. მე რა უფლება მაქვს, ამაზე კომენტარები ვაკეთო? ორივეს ვიცნობ და ორივეს მიმართ ვაფიქსირებ ჩემს სიმპათიას, დანარჩენი კი თვითონ გაარკვიონ.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)