სკანდალი გრძელდება - კვირის პალიტრა

სკანდალი გრძელდება

თიკო სადუნიშვილი: " მინდა გისურვო საკუთარი ასოს პოვნა "იღბლიან ბორბალში"

შორენა ბეგაშვილი: "წამლის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი იყავი, თმა დაივარცხნე და დაგავიწყდა რაღაცები?!"

რამდენიმე დღის წინ ტელეწამყვან თიკო სადუნიშვილსა და მსახიობ შორენა ბეგაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა. ეს ორი ქალბატონი კარგა ხანია ერთმანეთის მიმართ არცთუ კარგი დამოკიდებულებით გამოირჩევა. ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც სადუნიშვილს "იმედზე" გადაცემა "თბილისი ლაივი" მიჰყავდა. ერთ-ერთი გადაღების დროს სტუმრის სტატუსით კლუბში მამაკაცთან ერთად მოსულ შორენა ბეგაშვილს თიკომ კითხვა დაუსვა, - ვინ იყო ეს მამაკაცი. პასუხად კი მიიღო, რომ მისი საქმრო იყო. ამის დასამტკიცებლად ტელეწამყვანმა მსახიობს ტელეკამერების წინ კოცნა შესთავაზა, რაზეც შორენა ბეგაშვილმა უარი განაცხადა და დასძინა: კამერების წინ ეს როგორ გავაკეთოო? წამყვანმაც არ დააყოვნა და მწარე რეპლიკა ჩაურთო: ნუთუ კამერის წინ უარესი არ გაგიკეთებიაო?! უკვე დამონტაჟებულ სიუჟეტში კი სადუნიშვილის სიტყვებს ერთ-ერთი ქართული ფილმიდან შორენას ეროტიკული კადრები დაედო. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კონფლიქტი, რომელიც დღემდე გრძელდება.

თიკო სადუნიშვილი: "ეს კადრები სიუჟეტს რეჟისორმა დაადო, მან გადაწყვიტა ასე. სინამდვილეში, ამ პიარმა შორენაზეც კარგად იმუშავა - მე მლანძღავენ: სადუნიშვილი რა "სწერვაა", ეს რა გაუკეთა შორენასო"...

თუმცა, როგორც ჩანს, შორენაზე ამ ამბავს არცთუ კარგად უმუშავია, რადგან ამდენი ხნის შემდეგაც, როდესაც სადუნიშვილმა ეს ინციდენტი გაიხსენა, ბეგაშვილი ისე გაღიზიანდა, სოციალურ ქსელში თიკოსთვის "ტკბილი" სიტყვები" არ დაიშურა: "თიკო, საყვარელო, დაგითმობ ჩემი დასვენების 3 წამს (მეტად არ ღირხარ). გაგაფრთხილე, რომ ჩემზე არ გელაპარაკა, მაგრამ შენს პირს რა დახურავს? ტელეკამერების წინ მე ბევრი რამე გამიკეთებია, მაგრამ ჩემი პირადი ცხოვრება ყოველთვის სუფთა იყო, თუმცა ეს არავის გასარჩევი არ არის და

შენ რა გგონია, ციხეში რომ დადიოდი გამოძახებაზე, ეს მარტო შენ იცი?

სახელი გაითქვი იმით, რომ ყველა გადაცემაში ჩემი ლანძღვით იყავი დაკავებული, რამ გაგაბოროტა, მე ხომ მაინც არაფერი მომაკლდება ამით. წამლის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი იყავი, თმა დაივარცხნე და დაგავიწყდა რაღაცები? იფიქრე ბევრი, სანამ შენ აზრებს გადმოაფრქვევ, ან წადი ბავშვს მიხედე, თუმცა ამასაც ვერ გააკეთებ, დედობა გაქვს ჩამორთმეული".

ვალში არც სადუნიშვილი დარჩა და სკანდალურ განცხადებას  უპასუხა: "იმ იაფფასიანმა ჭორებმა, რომელზეც შენ ლაპარაკობ, ძალა ორიათასიან წლებში დაკარგა.  აი, სწორედ მაშინ, პლასტიკური ოპერაციების გასაკეთებლად ჯართს რომ აგროვებდი (დიახ, ჩვენც ვუყურებთ "პროფილს" ხანდახან). მერწმუნე, შენს ბრალდებებს იარაღის მუქარის ქვეშაც არ გამოვეხმაურებოდი, მაგრამ ერთი რამ შეგეშალა - ის, რაც ათი წლის შვილის დედას არ ეპატიება. შეიძლება შენთვის დედობრივი მოვალეობა საკუთარი ინტიმური სცენების საყურებლად შვილთან ერთად პრემიერებზე სიარულია, თუმცა ამ ქმედების გაკრიტიკება ჩემს კომპეტენციაში არ შედის.

აი, ჩემი შვილი კი უკვე 11 წლისაა, მას "ფეისბუკზე" საკუთარი გვერდიც აქვს, რომელზე შესვლას ეს დღეები სხვადასხვა მიზეზით ვუკრძალავ, სადმე შენ ბინძურ სტატუსს რომ არ გადაეყაროს. ის ამას არ გაპატიებს! სიამაყე იქ მთავრდება, სადაც ჩემი, როგორც დედის შეურაცხყოფა იწყება. ერის სექსსიმბოლოვ, ჩათვალე ეს წერილი ჩემგან უდიდეს საჩუქრად, რომლის სანაცვლოდ ბოდიშის მოხდას მოვითხოვ ჩემი შვილისა და ჩემი, როგორც დედის წინაშე! შენ კი მინდა წარმატებები გისურვო და საკუთარი ასოს პოვნა "იღბლიან ბორბალში"..."

წერილის წაკითხვის შემდეგ ბეგაშვილმა აღნიშნა, - თიკოს ცხოვრებიდან ისეთი დეტალები გავიგე, ახლა მივხვდი, რატომ ერჩის ყველას და რატომ არის ასეთი ბოროტიო.

სკანდალური დაპირისპირება გრძელდება.  ჩვენთან საუბრისას ყოფილმა ტელეწამყვანმა განაცხადა, - "სასაცილოა, რაც ხდება, მაგრამ ჩემი სათქმელი უკვე ვთქვი, ერთს დავამატებდი: მეცოდება შორენა ბეგაშვილი!

ქეთი საგინაშვილი