სტეფანე - "ამ სიმღერისთვის შეიძლებოდა, რუსეთში ჩასულიყავი და ვიღაცას მოეკალი... ჩემი ქვეყნის გამო ეს მე მიღირდა" (ექსკლუზივი)
09-08-2013
სტეფანე - "ამ სიმღერისთვის შეიძლებოდა, რუსეთში ჩასულიყავი და ვიღაცას მოეკალი... ჩემი ქვეყნის გამო ეს მე მიღირდა" (ექსკლუზივი)
მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი თავის "ფეისბუქის" გვერდზე აგვისტოს ომის მეხუთე წლისთავს გამოეხმაურა. "სტეფანე და 3G", ჯგუფი, რომელშიც მის გარდა "3 გოგო" - ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე და თაკო გაჩეჩილაძე მღეროდნენ, საკმაოდ ცნობილი გახდა სიმღერით We Don't Wanna Put In. ჯგუფს ეს სიმღერა მოსკოვში, ევროვიზიაზე უნდა წარედგინა, მაგრამ პოლიტიკური გზავნილის გამო სიმღერა დაიბლოკა.

სტეფანეს 5 წლის წინანდელი აგვისტოს ომის და ჯგუფის წარმატებაზე ვესაუბრეთ.


- როცა ომის დაწყების ამბავი გავიგე, თბილისში, ჩემს სახლში,
ოჯახთან ერთად ვიყავი. ამის გახსენება ჩემთვის ძალიან რთულია, რადგან ჩემი შვილი მაშინ 2 თვის იყო. ამბობდნენ, რომ ავლაბრის რეზიდენცია უნდა დაებომბათ. ამის გახსენებაც არ მინდა, იმდენად მძიმე იყო, რომ თავი ფილმში მეგონა. საქართველოდან და თბილისიდან გასვლა არც მიფიქრია. ერთი დღით ჩემს სიდედრთან, თავისუფლების მოედანზე წავედით,
ვითომ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებოდით. სხვა წასასვლელი არ გვქონდა, თბილისიდან გასვლა კი თავშიც არ მომსვლია. სად უნდა წავსულიყავი?


- იმ წელს ევროვიზიაზე სიმღერის We Don't Wanna Put In წარდგენას აპირებდით. ჯგუფის "სტეფანე და 3G" შექმნას და ამ პოპულარული სიმღერის ჩაწერას როგორ გაიხსენებთ?

- ეს ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება. ასეთი სიმღერის წარდგენა ამ პროექტზე იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ მიგვაჩნდა, იმ წელს საქართველოს წარმომადგენელი მოსკოვში არავითარ შემთხვევაში არ უნდა წასულიყო. ქასთინგი გამოცხადებული იყო და ნერვები გვეშლებოდა იმაზე, რომ ვიღაცას, შეიძლება, ლამაზი სიმღერა წაეღო და სცენაზე ემღერა. ახლა სხვა დროა, მაგრამ ჩემთვის იმჟამინდელი ემოცია განელებული არ არის და ახლაც მეშლება ნერვები, მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო გავიდა.

- ე.ი. მზად იყავით, რომ სიმღერას დაბლოკავდნენ?

- თუ არ დაბლოკავდნენ, ყოველ შემთხვევაში, ალბათ, ძალიან ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ შეიძლებოდა, რუსეთში ჩასულიყავი და ვიღაცას მოეკალი. იქ რომ დაცულად ვერ ვიქნებოდით, ეს ფაქტია. ვინ დაგვიცავდა, ისეთებს კლავენ, დაცვაში 100 კაცი რომ ჰყავთ. რისკის ფაქტორი ძალიან მაღალი იყო და საქართველოს მოსახლეობის ნახევარი იძახდა, რომ არ უნდა წავსულიყავით. შეიძლება, ევროვიზიამ სიმღერა ამიტომაც დაბლოკა, ამ უაზრობის გამო. იქ ისეთი დიქტატურა, პირადად ჩემთვის იმდენად წარმოუდგენელი და მიუღებელი პოლიტიკაა, რომ ვიღაცას შეიძლებოდა, მინიმუმ, ვეცემეთ. ეს მე მაინც მაწყობდა, რადგან რაღაც მომენტში, ჩემი ქვეყნის გამო ეს მიღირდა. დაბლოკვის შემდეგ სიმღერა ძალიან პოპულარული გახდა, მერე ჯგუფი დაიშალა, თორემ დიდი პერსპექტივები გვქონდა. საუკეთესო გადაცემებში გვიწვევდნენ: ტელეკომპანია "BBC", "CNN", "Euronews”.

- იტალიაშიც, ძალიან ცნობილ გადაცემაში, "Chiambretti Night"-ში მიგიწვიეს. დიდი წარმატება და კარგი პიარი გქონდათ, რატომ დაიშალა ჯგუფი?

- ჯგუფი იმიტომ დაიშალა, რომ მე და გოგოებმა ერთმანეთს ვეღარ გავუგეთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ძალიან მიყვარს. ზუსტად დღეს, ქუჩაში, სრულიად შემთხვევით თაკო გაჩეჩილაძე შემხვდა, რომელიც ჩემი უსაყვარლესი მეგობარია. ასევე, ძალიან მიყვარს ნინი ბადურაშვილი და ქრისტინე იმედაძე. მაგრამ იმ პერიოდში ურთიერთობა ძალიან დაგვეძაბა.

- ჯგუფი რომ არ დაშლილიყო, აპირებდით რუსეთის და ომის წინააღმდეგ სხვა საპროტესტო სიმღერების ჩაწერას?


- ჩვენ ალბომიც ჩავწერეთ და სხვა სიმღერებიც გვქონდა, მაგრამ მაინც we don't wanna put in-ს ვაპიარებდით, რემიქსიც ჩავწერეთ. კლიპი, რომელიც ტურნეს შემდეგ გადავიღეთ "ემტივი"-მ გაუშვა და ის მეექვსე ადგილზე გავიდა იქ, სადაც ლედი გაგას, ბიონსეს სიმღერები იყო. სხვა სიმღერები შეიძლება, ხმაურიანი არ ყოფილიყო. ვერ ვიტყვი, რომ საპროტესტო სიმღერებთან დაკავშირებით გეგმები გვქონდა, რადგან ძალიან მალე დავიშალეთ.

- ალბათ, იცით, "რუსთავი2"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ თურმე "ნატოში" გაწევრიანებაზე უარის თქმასაც აპირებდა, თუ საქართველოს ტერიტორიებზე რუსეთი პრობლემებს არ შეუქმნიდა. თქვენი აზრით, ეს მართალია? მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ ასე მოქცეულიყო?

- ამასთან დაკავშირებით მე კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ. მე ასეთი ღრმა პოლიტიკური განათლება არ მაქვს. რა თქმა უნდა, საქართველოს მთლიანობა ყველა ქართველის, საქართველოს მოქალაქის ოცნებაა. ძალიან მინდა, რომ "ნატოში" შევიდეთ და მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა მთლიანი იყოს, აფხაზეთი ჩვენი იყოს და ყველა ის ტერიტორია, რომელიც ახლა არასამართლიანად, ყოველგვარი გამართლების გარეშეა ოკუპირებული, დავიბრუნოთ. ამის გამო გული მტკივა, რადგან მინახავს სხვადასხვა ქვეყნები და ღმერთს მადლობა იმისთვის, რომ ვიცი, როგორ შეიძლება, ქვეყანა ვითარდებოდეს. სამწუხაროდ, ჩიხში ვართ შესულები იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან გვერჩიან, ყველანაირად გვიშლიან ხელს. არ უნდათ, რომ მომავალში სხვა ქვეყნებმა ჩვენგან მაგალითი აიღონ და ყველა რუსეთს გამოეპაროს, რომელმაც უკვე ყველას შეუჭამა ტვინი, ჩასაფრებულია და ყველას უწოვს სისხლს და ნერვებს. რუსეთი გასაქანს არც სხვებს და არც თავის თავს არ აძლევს. იქ მხოლოდ მოსკოვი და რამდენიმე ქალაქია განვითარებული, სინამდვილეში კი ხალხი შიმშილით კვდება, ძალიან გაჭირვებული მოსახლეობაა.

- როგორც მოქალაქე, რას ფიქრობთ, 5 წლის წინ ყველაფერი იქნა იმისთვის გაკეთებული, რომ ომი თავიდან აგვეცილებინა?


- ჩვენ არ ვიცით, სინამდვილეში შიდა სამზარეულოში რა ხდებოდა. მე ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, რომელსაც ომისგან გამომდინარე ტკივილი, სიმძიმე შეეხო. დაღუპული ადამიანების დანახვა, ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, ძალიან დიდი ტკივილია. ვიღაც, შეიძლება, ასეთ რაღაცებს მტკივნეულად არ განიცდის, მაგრამ ჩემთვის ეს უმტკივნეულესია. თქვენ კითხვაზე რომ ვუპასუხო, ეს მარჩიელობა იქნება. დღეს რომ ვიღაცები გამოდიან, ზოგი ვითომ ექსპერტია და სინამდვილეში, ზის და ზედაპირულ ანალიზს აკეთებს. მე ამ თემის შესახებ სამარჩიელო დონეზე, შეიძლება, ჩემს მეგობრებთან ვილაპარაკო, მაგრამ ამ აზრის დაფიქსირებისგან, შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება, თავს შევიკავებ.

ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის)
svani
10 აგვისტო 2013 10:56
ჟრუანტელმა დამიარა.სტეფანე ვალმოხდილი უნდა გერქვას შენ ჭეშმარიტად!
Kovziridze m.
09 აგვისტო 2013 23:27
სამშობლოსთვის თავდადებული ვაჟკაცი
zviadi
09 აგვისტო 2013 20:36
ეს რამხელა გმირი გვყოლია და არ ვაფასებდით :)

რედაქტორის რჩევით