სტეფანე - აუტანელია, პირად ცხოვრებას რომ ინტერნეტით "გიშეარებენ" - კვირის პალიტრა

სტეფანე - აუტანელია, პირად ცხოვრებას რომ ინტერნეტით "გიშეარებენ"

იხილეთ ინტერვიუს პირველი ნაწილი

სტეფანე:

- თუ შეიძლება, ნინი ბადურაშვილთან დაკავშირებით გკითხავთ. დღემდე არ წყდება მითქმა-მოთქმა მისი ოჯახური კონფლიქტის შესახებ...

- ფიქრობთ, რომ ჩემს მეგობარზე და მის პირად ცხოვრებაზე დავიწყებ საუბარს? ნინი ჩემი მეგობარია და უკეთესი იქნება, თუ ჟურნალისტები ამ თემას ნაკლებად შეეხებით. ის, რაც დღეს ხდება, უკვე აუტანელია. ინტერნეტით რომ პირად ცხოვრებას "გიშეარებენ". ყველას ჩვენ-ჩვენი პირადი ცხოვრება და პრობლემები გვაქვს, უნაკლო და ციდან ჩამოვარდნილი არავინაა.

- ქეთა თოფურიასთან დაკავშირებით გკითხავთ. დაიბეჭდა ინტერვიუ, რომელიც ჟურნალისტმა ქეთასთან სოციალური ქსელის მეშვეობით ჩაწერა. ქეთას გვერდი ნამდვილს ძალიან ჰგავს, რადგან იქ მისი პირადი ფოტოების ხილვაა შესაძლებელი...

- ქეთა ჩემი მეგობარია და როგორც ვიცი, მას "ფეისბუქი" არ აქვს. მასთან კონტაქტი მხოლოდ მობილური ტელეფონით მაქვს. "ინსტაგრამი" აქვს და როცა ვითომ მასთან ჩაწერილი ინტერვიუ წავიკითხე, ძალიან გამიკვირდა, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ ქეთა ამას არ იტყოდა.

- არსებობდა ის ვერსიაც, რომ ქეთას "ფეისბუქი" ჰქონდა, მაგრამ ამჟამად მისი გვერდით სხვა სარგებლობს და ჟურნალისტები შეიძლება, ამიტომ შევიდნენ შეცდომაში...

- არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, მაგალითად, ყველამ იცის, რომ ჩემი გვერდი მართლა მე მეკუთვნის. ჩემსავით, "ფეისბუქს" ოფიციალურად ბევრი ადამიანი იყენებს, მაგრამ ჟურნალისტს თუ გვერდის სინამდვილეში ეჭვი ეპარება, ყველა ვარიანტში უნდა მოხდეს გადამოწმება.

- ქეთა თოფურიამ მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ შემდეგში მსგავსი პრეცედენტი თუ გამეორდება, ჟურნალისტებს პასუხისგება სასამართლოში მოუწევთ. რადგანაც ეს გამიზნულად არ მომხდარა და ჟურნალისტი შეცდომაში შევიდა, როგორ ფიქრობთ, ქეთას მიერ ჟურნალისტებისადმი ეს სწორი დამოკიდებულებაა?

- ჟურნალისტებს დიდი პასუხისმგებლობა გაქვთ. ყალბი ინტერვიუს ან ფრაზის გამო ადამიანი, შეიძლება, ღრმა დეპრესიაში ჩავარდეს. ეს მეც მომსვლია - ჩემზეც დაწერილა მსგავსი რამ, მოუგონიათ და გამოუქვეყნებიათ. ეს მტკივნეულად გადავიტანე. ამჟამად იმუნიტეტი მაქვს და ამიტომ, შეიძლება, ასე აღარ განვიცადო. ჟურნალისტის მოვალეობაა ყველანაირი ინფორმაციის გადამოწმება, რადგან მისმა კალამმა შეიძლება, ვიღაცას ზიანი მიაყენოს.

ასევე იხილეთ: სტეფანე - "ამ სიმღერისთვის შეიძლებოდა, რუსეთში ჩასულიყავი და ვიღაცას მოეკალი... ჩემი ქვეყნის გამო ეს მე მიღირდა" (ექსკლუზივი)

ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის).