ნინა წკრიალაშვილი: "ძალიან მერიდება პატარკაციშვილების ოჯახის და პირადად კობასი" - კვირის პალიტრა

ნინა წკრიალაშვილი: "ძალიან მერიდება პატარკაციშვილების ოჯახის და პირადად კობასი"

ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სულ ახლახანს გლოვაში მყოფი ნინა წკრიალაშვილი ისევ შეყვარებულია ბადრი პატარკაციშვლის ძმაზე, კობა პატარკაციშვილზე და დასასვენებლად მასთან ერთად გაემგზავრა... სასიამოვნო სიახლის გადამოწმება თავად ნინა წკრიალაშვილთან ვცადეთ...

-ნინა გავიგეთ რომ შეყვარებული ხართ და დასასვენებლად თქვენს შეყვარებულთან, ბადრი პატარკაციშვილის ძმასთან, კობა პატარკაციშვილთან ერთად გაემგზავრეთ...

- შოკში ვარ ამის გამო, განა რას უხდიან ამ ჟურნალისტებს, რომ შეუძლიათ 3 კაპიკის გამო გულისამრევი აბსურდი დაწერონ... ღმერთო ჩემო, როგორ მერიდება იმ ადამიანის. კობა პატარკაციშვილი ასაკით ჩემზე ბევრად პატარაა და ჰყავს ულამაზესი ცოლი, რომელზეც გიჟდება. ძალიან მერიდება, მართლა.

-ფოტოებიდან ჩანდა, რომ მასთან ახლოს ხართ. ეს მხოლოდ წმინდა მეგობრობაა?

- იმ ჟურნალისტს, რომელსაც ჰგონია რომ სკანდალებს ქმნის, ვინმე ძალიან მაგრად სცემს და იქნებ მერე დაწყნარდეს! ძალიან მინდა იყოს კანონი, რომლის დახმარებითაც ყველა შეძლებს საკუთარი თავი და რეპუტაცია დაიცვან. მე, სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მაღელვებს, რას დაწერენ. უბრალოდ ამ შემთხვევაში ძალიან მერიდება პატარკაციშვილების ოჯახის. ჩემს უკან ჩემი ოჯახია და მათთვისაც არ არის იოლი, როდესაც ჩემზე მსგავს სისულელეებს წერენ... რაც შეხება ფოტოებს, ესენი იურმალაშია გადაღებული. იქ ვიყავით 25 კაციანი ჯგუფი საქართველოდან. 10 დღე ყველა ერთად ვიყავით და ყველა ძალიან დავმეგობრდით. უამრავი კარგი ფოტოებია იქ გადაღებული. ყველა ვდებდით ფეისბუქზე, თან განწყობაც არაჩვეულებრივი გვქონდა, სალომეს წარმატებიდან გამომდინარე. იქ ყველა ერთად ვიყავით - ქალი, კაცი, ბავშვი... სულ ეს არის.

-ისე, როგორ დაახასიათებდით კობა პატარკაციშვილს?

-იცით რა? მე მას არც ისე კარგად ვიცნობ, რომ ბოლომდე დაგიხასიათოთ. ჩემი კარგი ნაცნობია, განათლებული, კონტაქტური და წესიერი ადამიანია, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი ოჯახი.

-ქმარს რომ გლოვობთ, ამიტომ ხომ არ გატკინათ გული უფრო მეტად გავრცელებულმა ჭორებმა?

-ჩემი ტკივილი ჩემს გულშია და ეს არასოდეს დამთავრდება. მე არ ვარ ქვრივი, რადგან თენგო აღარ იყო ჩემი ქმარი. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ის ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი იყო და უცხოც რომ ყოფილიყო, 41 წლის ძალიან მაგარი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან. მე ჩემი ტკივილით არავის არ ვაწუხებ. Mმიუხედავად ამ ტრაგედიისა, ცხოვრება გრძელდება. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, რომელიც კაცმა არ იცის როდის დამთავრდება. სანამ ცოცხალი ვარ, თენგო ჩემს გულში იქნება. თუმცა მარტოობაში სიკვდილს არ ვაპირებ და საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რას იტყვის. ვისაც რა უნდა, ის თქვას! მე ნამდვილად ვერ გავიმეტებ იმ ადამიანებს, ვინც სხვებს განიკითხავენ, ღმერთმა იგივე ტკივილი მიაყენოს, თუცა ღირსები კი იქნებიან. ამათ უყვართ საწყალი და გაუბედურებული ხალხი. მე ვერ ვიტან საკუთარ თავს, როცა სასოწარკვეთილი ვარ და ვერავინ ვერ მნახავს ვერასოდეს ასეთს. ეს უბრალოდ ჩემი ხასიათია და თან ვფიქრობ, უკულტურობაა გაუთავებელი ვაი-ვაგლახი. ამიტომ ყველამ თავის ცხოვრებით იცხოვროს!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)