სანდრო "მენსონი": "როგორც კი ხალხში გავალ, მესმის შეურაცხმყოფელი შეძახილები" - კვირის პალიტრა

სანდრო "მენსონი": "როგორც კი ხალხში გავალ, მესმის შეურაცხმყოფელი შეძახილები"

ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლედან":

20 წლის სანდრო გოთური სუბკულტურის წარმომადგენელი და მერლინ მენსონის ფანია. აღსანიშნავია ისიც, რომ ის ფიზიკურადაც ძალიან ჰგავს ამერიკელ მუსიკოსს. ახალგაზრდა "მენსონს" ნამდვილად არ უჭირს საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცეს. მისი განსხვავებული იმიჯი ნაწილს აღაშფოთებს, ნაწილს კი აღაფრთოვანებს. ამბობს რომ ორიგინალური სტილის გამო დღისით ქუჩაში გავლა უჭის, ამიტომ მისი "დღე" ძირითადად საღამოს იწყება.

- როდიდან დაინტერესდი გოთური სუბკულტურით?

- 15 წლის ასაკიდან საკუთარი თავი გოთიკაში ვიპოვე და უკვე 5 წელია, სულით ხორცამდე გოთი ვარ.

- რატომ გადაწყვიტე, ფსევდონიმად "მენსონი" გქონოდა?

- მერლინ მენსონს ძალიან ვგავარ და არა მარტო გარეგნულად. ხშირად უცხო ადამიანებიც აღნიშნავენ ჩვენს მსგავსებას. ვაფასებ მას, როგორც უნიჭიერეს არტისტს და მსოფლიო დონის ვარსკვლავს, მისი შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი ვარ, მიყვარს მისი მუსიკა და მხატვრობა. საკუთარ თავს მენსონის ფანად არ მივიჩნევ, ვფიქრობ, უფრო მეტი ვარ, ვიდრე ფანი. ჩემი აზრით, მე და მენსონს ბევრი საერთო გვაქვს: ხასიათი, მიმიკები, მანერი, ვხატავ, მეც მასსავით ვოკალისტი ვარ და 20 წლის ასაკში ვიწყებ კარიერას, როგორც მან. ვმღერი მის ქავერებს. იმედია, მეც მასსავით წარმატებული გავხდები. თუმცა არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ მის შეცვლას ვაპირებ - ის განუმეორებელია. მენსონი ჩემთვის ყველაფერია. მან ჩემი თავი მაპოვნინა. ალბათ ბევრს გაუჩნდება კითხვა - სად გოთიკა და სად მენსონი? მაგრამ გოთები მხოლოდ გოთურ მუსიკას არ უსმენენ. სხვათა შორის, მენ-სონს მუსიკაშიც და იმიჯშიც აქვს გოთური ელემენტები.

- მენსონივით ნეკნების ამოცლასაც ხომ არ აპირებ?

- (იცინის) ეს კითხვა მაღიზიანებს, ვისაც მენსონის სახელი გაუგია, პირველ რიგში ამბობს, ფუ, ეს ის არა არის, ნეკნები რომ ამოიღოო? სინამდვილეში კი არ იცნობენ მის ბიოგრაფიასა და განვლილ ცხოვრებას. ეს მხოლოდ ბინძური ჭორია. მენსონს ნეკნები არ ამოუღია და მიმაჩნია, რომ ამას დაბალი ინტელექტის ადამიანები იგონებენ. მენსონი სკანდალური და ეპატაჟური ადამიანია და ამიტომ მასზე გამოგონილი ჭორების დაჯერებაც ადვილია საზოგადოებისთვის.

- შენი განსხვავებული იმიჯის გამო ალბათ მუდამ ყურადღების ცენტრში ხარ...

- დიახ, ქუჩაში დღის საათებში გასვლას ვერიდები, რადგან ძალიან გამოვირჩევი მასიდან. საქართველოში კი განსხვავებული ადამიანები არ უყვართ. აქ თუ ორიგინალურად დადიხარ, დაცინვის ან, უარეს შემთხვევაში, შეურაცხყოფის ობიექტი ხდები, რაც ძალიან სამწუხაროა. როგორც კი ხალხში გავალ, მესმის შეურაცხმყოფელი შეძახილები, არადა მე მაქვს ჩემი სტილი, რომელიც არავის უშლის ხელს. საზოგადოებას მე ვერ შევცვლი, ამიტომ ვცდილობ მოვერიდო, ჩემი "დღე" საღამოს საათებში იწყება. ძირითადად, ღამის ცხოვრებით ვცხოვრობ.

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.