ნანი ბრეგვაძის პირველი CD ალბომი საქართველოში - კვირის პალიტრა

ნანი ბრეგვაძის პირველი CD ალბომი საქართველოში

ქართული სცენის ლეგენდა, საქართველოს სახალხო არტისტი, ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების პირველი და უბადლო შემსრულებელი ნანი ბრეგვაძე მსმენელის უსაყვარლესი ხელოვანია. ალბათ, ბევრი ჩვენგანი ვერც წარმოიდგენს, რომ ის პირველად წერს სოლო ალბომს საქართველოში, რომელსაც კომპანია "ბრავი რექორდსთან" ერთად ახორციელებს და, რა თქმა უნდა, "პალიტრამედიაც"  მხარს უჭერს ამ დიდ პროექტს.

ალბომში შევა ნანი ბრეგვაძის შესრულებული ყველა დროის საუკეთესო ქართული მუსიკალური ნაწარმოებები, რომლებსაც ახალი, თანამედროვე და სრულიად განსხვავებული საორკესტრო ჟღერადობა  მუსიკოსმა ნიკოლოზ რაჭველმა მიუსადაგა. როგორც ქალბატონი ნანი ამბობს, ის ცდილობს, "წლების შემდეგაც რეპერტუარის ხელახალ გააზრებას და განცდილის ახლებურად გადმოცემას. მხოლოდ ამგვარად შემიძლია მადლიერების გამოხატვა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ჩემს ცხოვრებას და შემოქმედებას მნიშვნელოვანი კვალი დაატყო".

ნანი ბრეგვაძე  ერთნაირად უყვართ საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, რადგან ნამდვილ ხელოვნებას საზღვრები არ აქვს და ის ყველა ეროვნების ადამიანისთვის გასაგებ "ენაზე" მღერის.

ნანი ბრეგვაძის ოჯახში ყველა მღეროდა. დიდი ბებია და დეიდა პროფესიონალი მომღერლები იყვნენ, ხოლო დედა, მისი ხუთი და-ძმა არაჩვეულებრივად მღეროდნენ. 6 წლის ნანი ძველ რუსულ რომანსებს გიტარაზე ამღერებდა. მისთვის მუსიკა შინაგანი კულტურა გახდა, ცხოვრების წესი, რომელსაც არასდროს გადაუხვევდა... არც გადაუხვევია...

საოცარია, რომ ჩვენს ცოცხალ ლეგენდას საქართველოში ალბომი არ ჩაუწერია. საბედნიეროდ, სულ მალე გამოვა ახალი ალბომი, რომელიც ქალბატონი ნანისთვისაც განსაკუთრებული იქნება. სტუდიურ ჩაწერაზე მუშაობა დასრულებულია, მიმდინარეობს CD ალბომის ბეჭდვა და საპრეზენტაციო სამზადისი. CD ალბომში სახელწოდებით, "ვიხსენებ მე", შედის 12 ქართული მუსიკალური ნაწარმოები, რომელთა ავტორებიც არიან ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორები: რევაზ ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე, გია ყანჩელი, ვაჟა აზარაშვილი, მარიკა კვალიაშვილი, გიორგი ცაბაძე, დავით თორაძე, გურამ ბზვანელი და ნუგზარ ვაწაძე. ალბომის მუსიკალური კონცეფცია აგებულია ნანი ბრეგვაძის ბიოგრაფიაზე, ანუ იმ გზაზე, რაც დღემდე განვლო.

პრეზენტაცია  4 ოქტომბერს რესტორან "ფუნიკულიორში" გაიმართება, სადაც მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ ახალ ალბომში შესული რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოები ნანი ბრეგვაძის შესრულებით.