რატი დურგლიშვილი - ”ამდენი ქველმოქმედებითაც იღლები ადამიანი” - კვირის პალიტრა

რატი დურგლიშვილი - ”ამდენი ქველმოქმედებითაც იღლები ადამიანი”

ამონარიდი ჟურნალ ”რეიტინგიდან”:

რატი დურგლიშვილი, მომღერალი:

- სიმართლე გითხრა, არ ვიცი, შოუბიზნესში შექმნილ ვითარებაზე პასუხი ვის უნდა მოვთხოვოთ. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, ოღონდ უკვე მცირე რაოდენობით, რადგან პირდაპირ რომ თქვა, ამდენი ქველმოქმედებითაც იღლები ადამიანი. ქვეყანაში, სადაც არ არსებობს მუსიკალური ტელევიზია, აზრი არ აქვს კლიპის გადაღებას და მისთვის ფინანსების დახარჯვას, პოლიტიკურ ტელევიზიაში კლიპის დატრიალება კი, ჩემი აზრით, ცოტა სირცხვილია...

***

...ერთი თოქშოუსთვის მაღალბიუჯეტიანი კლიპის გადაღება არ მიღირს. მიუხედავად ამისა, უნდა ვთქვა, რომ ჩვენი საზოგადოების ძალიან კმაყოფილი ვარ, ხანდახან მაოცებს ისიც, რომ ხალხმა ჩვენი ისეთი სიმღერები იცის, რომლებსაც კლიპი არ აქვს, ამიტომ მადლობას ვწირავ ჩვენს მოსახლეობას..

- კულტურის სამინისტროსთვის ან ვინმე კომპეტენტური პირისთვის შოუბიზნესის ამოქმედების მიზნით არ მიგიმართავთ?

- ჩემს ხასიათში არ ჯდება ვინმესთვის რამის თხოვნა. ჩემ ირგვლივ ყოფილან ადამიანები, ერთი, ორი ან სამი, რომლებაც იციან, როგორია ხელოვანის ცხოვრება, თვითონ ხვდებიან, როდის რა მჭირდება და ყოველთვის ლამაზად მიკეთებენ, ორი კაპიკისთვის კი ვერავის ვერაფერს ვერ ვთხოვ, თუ თავად გამოთქვამენ სურვილს, მე ყოველთვის დიდი სიხარულით შევხდები მათ ინიციატივას. ამიტომ ვცდილობ, ნაკლებად შევაწუხო ადამიანები, რადგან აზრი მაინც არ აქვს (იცინის). მახსოვს, იურმალაში წასვლის პერიოდში ფინანსური კრიზისი გვქონდა, რამდენიმე ადამიანი დაგვპირდა დახმარებას და როცა შევაწუხეთ, მივხვდით, რომ აზრი არ ჰქონდა. ამის შემდეგ დღემდე ვერავინ იტყვის, რომ მე მისთვის რამე მითხოვია, ღვთის წყალობით, მე და მაკა ჩვენით ვდგავართ ფეხზე, უბრალოდ, გული გვწყდება მომავალ თაობაზე, რომელიც ძალიან ნიჭიერია და არ მინდა, რომ ეს ნიჭი დაიკარგოს.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ ”რეიტინგის” ორშაბათის ნომერში.