"ნინაცა და ჩემი ყოფილი ქმარიც იმდენად დაბალი დონეა, რომ..." - სალომე გოგიაშვილი ნინას პასუხობს - კვირის პალიტრა

"ნინაცა და ჩემი ყოფილი ქმარიც იმდენად დაბალი დონეა, რომ..." - სალომე გოგიაშვილი ნინას პასუხობს

რამდენიმე დღის წინ ორ ცნობილ სახის შორის დაწყებული სკანდალი გრძელდება. სოციალური ქსელით დაპირისპირებამ პრესის ფურცლებზე გადაინაცვლა. სალომე გოგიაშვილი ნინას პასუხობს და თავის ყოფილ ქმართან ბედნიერებას უსურვებს. სოციალურ ქსელში გავრცელებული კომენტარების მიხედვით ნინას და სალომეს შორის კონფლიქტი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების გამო დაიწყო. ამის გარდა, სალომე გოგიაშვილი ნინა წკრიალაშვილს მის ყოფილ მეუღლესთან - ვასიკო თევდორაშვილთან რომანის გაბმას აბრალებს.

-თქვენსა და ნინას შორის დაპირისპირების მიზანი პოლიტიკური შეხედულება იყო?

- როდესაც ადამიანს აღმერთებ და მის პოზიციას იჭერ, ვთვლი, ყოველთვის მის პოზიციაზე უნდა დარჩე. თუ გამოდიხარ და ამბობ, თუ მიშა წავა, მეც წავალ ამ ქვეყნიდან და აქ აღარ გავჩერდები, სულ მცირე, ის უნდა გააკეთო, რასაც ამბობ. გასაკვირი არ არის და არც სიახლეა, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვუჭერ მხარს. ამიტომ ბრალდება, რომ ახლა აღმოვაჩინე ბატონი ბიძინა და გადარეული ვარ, გამოვედი, ნაციონალებს ვაგინებ და ვურტყამ, დიდი სისულელეა.

-სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების გარდა, ნინა თქვენს ყოფილ მეუღლესთან ვასიკო თევდორაშვილთან რომანში ამხილეთ.

-გახსენებაც არ მინდა ამ ამბის, ორივე იმდენად დაბალი დონეა, მამაკაციც და ის ქალბატონიც. ვითომ არაყოლა, ჩემი ქება, ინტერნეტ სივრცეში ჩემი მისამართით კეთილი სურვილების გადმოფრქვევა და ამით კარგი გოგოს როლის თამაში, ძალიან სასაცილოა. მით უმეტეს, ვინც მაგ პიროვნებას იცნობს. ჩემთვის ის კი არ იყო გასაკვირი, რომ იმ ადამიანთან დაიჭირა ურთიერთობა, აბსოლუტურად ერთი დონეა ორივე. მე ეს არ გამკვირვებია, გამიკვირდა, რომ ჩემთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ეს მაშინ გააკეთა. როდესაც ადამიანთან ვახლობლობ, მის ოჯახში დაუკითხავად ნივთს არ ავიღებ, ძველი ნივთია, ახალი თუ გადასაგდები.

რაც შეეხება იმ მუქარას, რომ თუ ის ალაპარაკდება, მე ოჯახს დამინგრევს. მუქარა ძალიან ცუდი ტონია, ლამაზი არ არის. იმასაც ამატებს, რომ ახლა ფეხმძიმედ ვარ და არ მანერვიულებს, რაც უნდა, როცა უნდა, სადაც უნდა შეუძლია ილაპარაკოს. მე პრობლემა არ მაქვს, რადგან არასდროს ისეთი რამ არ ჩამიდენია, რის გამოც შემრცხვება. მას წარმატებას იქით ვუსურვებ. ისე რომ გამოიყვანა, თურმე დაბოღმილი და გამწარებული ვარ. რის ფონზე უნდა ვიყო გაბოროტებული?! ნინას ყურებით თუ გავმწარდი, ნამდვილად სამკურნალო და ასათიანზე დასაწვენი ვარ. ჯერ-ჯერობით, ამ დონეზე არ ვარ მისული.

-ძალიან ხართ ნინაზე გაბრაზებული, თქვენი ღიად დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ის სერგეი ზვერევს შეადარეთ...

- ზვერევს იმიტომ შევადარე, რომ ძალიან ჰგავს. მართლა მაინტერესებს თქვენი აზრი, არ ჰგავს? თუ ნინა გაღიზიანდა იმაზე, რომ მე ის ვინმეს შევადარე, მაიმუნისთვის ან რომელიმე ცხოველისთვის არ შემიდარებია. სხვათა შორის, ძალიან გამოჩენილ ადამიანს შევადარე. ნებისმიერი დამიყენეთ და მითხრას, რითი არ გავს ნინა წკრიალაშვილი სერგეი ზვერევს.

აუცილებლად მიაწერეთ, რომ მეც ძალიან გამიხარდება ნინას ბედნიერება და ძალიან გამიხარდება, თუ როდისმე მაინც აეწყობა მისი ცხოვრება. როგორც იქცევი და როგორი ცხოვრებითაც ცხოვრობ, ანალოგიურ ბედნიერებას და ისეთივე მომავალს იმკი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან ბედნიერი იქნება.

ზაზა გიგაური