ნუკა კვალიაშვილი - რატომ გადაწყვიტა ნუკამ გვარის შეცვლა? - კვირის პალიტრა

ნუკა კვალიაშვილი - რატომ გადაწყვიტა ნუკამ გვარის შეცვლა?

ამონარიდი ჟურნალ ”გზიდან”:

”საქართველოს ვარსკვლავის” ფინალისტმა - ნუკა გვალიამ პროექტში მონაწილეობისას უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა. ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერალი დღეს პატარის მოლოდინშია... ნუკას ესა თუ ის საქციელი ბევრჯერ გამხდარა საზოგადოების ნაწილის განსჯის საგანი: ზოგს მისი ტატუ არ მოსწონდა, ზოგს - სოციალურ ქსელში (პირად გვერდზე) მისი ”პოსტები” და ა.შ. აღმოჩნდა, რომ მომღერლის ჰობი იარაღი და სროლა ნამდვილად არ არის, როგორც ეს ბევრს ეგონა: მგრძნობიარე გოგონას ხატვა ძალიან უყვარს. ”უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, როცა ”საქართველოს ვარსკვლავისთვის” სიუჟეტში ის უნდა მეთქვა, რაც ჩემი საერთოდ არ იყო და ხალხს უნდა დაეჯერებინა, რომ სროლა მიზიდავს”, - გვითხრა ნუკამ...

- ნუკა, სოციალურ ქსელში გვარი შეიცვალე - გვალიას ნაცვლად, კვალიაშვილი გიწერია. რატომ?

- მინდა, იმ ადამიანის გვარი ვატარო, ვინც ჩემზე იზრუნა, გამზარდა, მხარში მედგა, ჩემზე დიდი ამაგი აქვს, დღემდე სიგიჟემდე ვუყვარვარ და მეც მიყვარს. ეს ადამიანი ჩემი საყვარელი დედიკო გახლავთ... მამის შესახებ რა გითხრათ? რაც სათქმელი იყო, უკვე ვთქვი. ცოტა არ იყოს, მეცინებოდა, როცა ინტერვიუს შემდგომ კომენტარებს ვკითხულობდი და მამაჩემის მეგობრები პრეტენზიებს გამოთქვამდნენ და წერდნენ, - ის ხომ არაჩვეულებრივი ადამიანიაო! შეიძლება, არაჩვეულებრივი ადამიანი მეგობრებთან იყო, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ მას ჩემთვის ელემენტარული ყურადღებაც არ მოუქცევია. ამიტომ ერთი კომენტარიც ვერ ვნახე, სადაც ეწერებოდა: ნუკა, შენ ტყუი, შენ ხომ მან გაგზარდა და ამაგი აქვს შენზეო? პრინციპში, ამას ვერც იტყვიან და თუ მაინც დააპირებენ რაიმე მსგავსის თქმას, ყველას ვაფრთხილებ: - ისე ნუ მოიქცევიან, რომ შემდეგ სახალისო ფაქტები, რომელიც ჩემ მობილურ ტელეფონში ინახება, საზოგადოებას ვუჩვენო. ასე რომ, ჩემზე ტყუილის თქმას თავი დაანებონ. ცხოვრებაში ყველაზე მეტად ტყუილი მეზიზღება და არ ვიკადრებ, რომ ვიცრუო. ძალიან პირდაპირი ვარ და მოტყუება არც გამომდის...

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ ”გზის” ხუთშაბათის ნომერში.