სალომე გოგიაშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" კონცერტები ნამდვილად მიმყავდა - კვირის პალიტრა

სალომე გოგიაშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" კონცერტები ნამდვილად მიმყავდა

რამდენიმე დღის წინ ორ ცნობილ სახის შორის დაწყებული სკანდალი გრძელდება. სოციალური ქსელით დაპირისპირებამ პრესის ფურცლებზე გადაინაცვლა. ნინა წკრიალაშვილი სალომეს საყვედურობს - "ნაციონალების" საარჩევნო კონცერტები რატომ მიგყავდაო, სალომე კი აცხადებს, რომ ამაში სამარცხვინოს ვერაფერს ხედავს.

სალომე გოგიაშვილი:

-"ნაციონალური მოძრაობის" კონცერტები ნამდვილად მიმყავდა. იმ დროს, ამ კონცერტებში ყველა იღებდა მონაწილეობას. საარჩევნო კონცერტებიც მიმყავდა, სხვა ალტერნატივა იყო სადმე? მე მგონი, არ იყო. ეს არის ჩემი სამსახური. მე ამით ფულს ვშოულობ. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, საერთოდ არ ვნანობ, რომ "ნაციონალების" კონცერტები მიმყავდა, რადგან აბსოლუტურად პატიოსანი გზით ვმუშაობდი. სიმართლე გითხრათ, არ ვთვლი, რომ თავი უნდა ვიმართლო.

-ნინა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ამავე დროს ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან მეგობრობდით...

- მაშინ ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ იყო პოლიტიკაში. თანაც, ბატონ ბიძინას არანაირი პრობლემა არ აქვს, როდესაც ადამიანი შრომობს. მას მიაჩნია, რომ ადამიანს რა პროფესიაც აქვს, იმით უნდა იმუშაოს. "ნაციონალების" კონცერტების წაყვანით ჩემს ურთიერთობას ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან არანაირი პრობლემა არ შექმნია. ძალიან ბევრი განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანის ღონისძიება წამიყვანია. იმ დროს, როდესაც "ნაციონალები" და "ოცნება" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, კახი კალაძის შვილის ნათლობა მიმყავდა. მე მგონი, ამაში ცუდი არაფერია.

-მაშინ ბევრი მომღერალი კითხვას სვამდა, წასულიყო თუ არა ამ ნათლობაზე...

-"ნაციონალური მოძრაობიდან" იყო რეპლიკები, რომ მომღერლები ნათლობაში არ მისულიყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ პრობლემები შეექმნებოდათ და დაიბლოკებოდნენ. სხვათა შორის, ვინც მაინც მოვიდა, ძალიან დიდი შენიშვნები მიიღეს.

ყვითელი მაცნე