როგორ ბაძავენ ცნობილი ქართველები ერთმანეთს ჩაცმაში - კვირის პალიტრა

როგორ ბაძავენ ცნობილი ქართველები ერთმანეთს ჩაცმაში

პოპულარულმა ქართველებმა, მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად, ფეისბუქიდან ინსტაგრამში გადაინაცვლეს. ინსტაგრამზე შეუზღუდავი რაოდენობით შეგიძლიათ ფოტოსურათების ატვირთვა და თქვენი პროფილით დაინტერესებულნი კი მათ იწონებენ და კომენტარებს ტოვებენ. პირადი ფოსტა ინსტაგრამს არ გააჩნია, რის გამოც მას უპირატესობას ისინი ანიჭებენ, ვისაც ზედმეტი წერილების მიღებით შეწუხება არ სურს. ინსტაგრამს ცნობილი ქართველი "ფეისები" ძირითადად, საკუთარი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის აფიშირებისთვის იყენებენ. ამ მხრივ ყოფილი ფეხბურთელისა და ახლანდელი ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე ლიდერობს. მისი გარდერობი ძვირადღირებული ბრენდების სიმრავლით უცხოელ მეგავარსკვლავებს არაფრით ჩამოუვარდება. თუმცა ანუკი ინსტაგრამზე ტანსაცმლის გარდა, ფუფუნების სხვა საგნების გარემოცვაშიც ხშირად ჩნდება. მას არც სხვა ქართველი "ფეისები" ჩამორჩებიან. ასე მაგალითად:

ანუკიმ საკუთარ ინსტაგრამზე ჯერ ავტომანქანების ატვირთვა დაიწყო – ერთი წლის წინ, მეუღლემ კიევში გადასაადგილებლად უკანასკნელი მოდელის თეთრი ,,პორშე პანამერა"" უყიდა, რომელიც 170 ათას ევრომდე ღირს. გაზაფხულზე ანუკიმ ავტომანქანა საჩუქრად საქართველოში სამოძრაოდაც მიიღო. ამჯერად კახიმ საყვარელ მეუღლეს 2013 წლის ,,რეინჯ როვერი"" აჩუქა, რომლის ფასი 112 ათასი დოლარიდან იწყება.

კალაძეს არ ჩამორჩნენ მისი მეგობრებიც – ფეხბურთელებმა, ზურა ხიზანიშვილმა და ალექსანდრე ამისულაშვილმა, მეუღლეებს, სალომე ღვინიაშვილს და ნინი ზარქუას ასეთივე ავტომანქანები უყიდეს.

ანუკი, ნინი და სალომე მეგობრობენ და მათი გემოვნება ავტომანქანების გარდა, საათებისა და ტანსაცმლის ბრენდების სიყვარულშიც ემთხვევა. სამეული უბრალოდ შეყვარებულია "როლექსის" ფირმის საათებზე. ამ ბრენდის რამდენიმე სხვადასხვა ფერის საათის ქონის მიუხედავად, ანუკი და ნინი გამუდმებით ახალი ფერის ,,როლექსზე"" ,,ოცნებობენ"" და კომენტარებში წერენ, მთავარია ჩვენი კომენტარები კახიმ და ამიმ ნახონო. ,,როლექსის" ფასი 4 ათასი დოლარიდან იწყება და ზოგიერთი მოდელი 65 ათასიც ღირს. სხვათაშორის, ,,როლექსი"" ქეთა თოფურიას განუყრელი აქსესუარიცაა. საათების გარდა, გოგონები ძვირფასი სამკაულების და ბეწვეულის ფოტოებითაც ,,გვანებივრებენ"". მათი გამორჩეული გატაცება კი ფეხსაცმელებია.

როგორც ქალების უმეტესობა, სალომე ღვინიაშვილი, ნინი ზარქუა და ანუკი არეშიძე ფრანგული ფეხსაცმლის ცნობილ ბრენდზე, ,,კრისტიან ლუბუტენის" ფეხსაცმელებზე ,,გიჟდებიან"" და ,,როლექსის" საათების მსგავსად, ისინიც სხვადასხვა ფერის აქვთ. ერთ-ერთ ფოტოზე ღვინიაშვილი და ანი ზარქუა ,,ლუბუტენის" მაღაზიაში ყოფნით იწონებენ თავს, სადაც თავად კრისტიან ლუბუტენი ემსახურებათ. ცნობილია, რომ ,,ლუბუტენი"" ფეხსაცმელს წითელ ძირს უკეთებს, რაც მისი სავიზიტო ბარათია.. უმეტესად ამ ბრენდის ფეხსაცმელები აცვია ცნობილ მომღერალ ქეთა თოფურიასაც. ,,ლუბუტენი"" არც ისე ძვირია – მისი ნამუშევრები 500-დან 850 ევრომდე ღირს, თუ რაიმე განსაკუთრებულ მოდელთან არ გვაქვს საქმე. ასეთ შემთხვევაში, "ლუბუტენები" შესაძლოა, 4-7 ათასი ევრო და ზემოთ ღირდეს. ვალენტინოს კლასიკური მეტალით გაფორმებულ ფეხსაცმელზეა შეყვარებული ანუკი არეშიძე. თავისთავად, ანალოგიური ტიპის ფეხსაცმელი სალომე ღვინიაშვილის გარდერობშიც მოიძებნება.

ქართველი ლამაზმანების ბრენდებისადმი სიყვარული ამით არ მთავრდება. გოგონები ერთხმად აღმერთებენ მსოფლიოში უძვირესი ბრენდის, ,,შანელის"" ჩანთებსა და ფეხსაცმელებს. ამ ფირმის ბოლო მოდელის ჩანთები ანუკი არეშიძეს ყველაზე მეტი აქვს. მის ინსტაგრამზე ასევე შეხვდებით ერთობ პრესტიჟული ბრენდის, "ერმესის" ჩანთების მთელ კოლექციასაც. ისე, ,,ერმესის"" ჩანთები ღვინიაშვილმა და ზარქუამაც იყიდეს, იმ განსხვავებით, რომ ანუკის სპეციალური გამოშვებებიც აქვს.

ამ ფირმის ჩანთების ღირებულება 7 ათასი ევროდან იწყება, ბოლო მოდელი კი პარიზში 299 ათასი ევრო ღირს. მეუღლისგან ნაჩუქარი ,,ერმესის"" სპეციალური გამოშვების ჩანთები ქეთა თოფურიასაც აქვს.

ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ ,,შანელის"" ახალი ფეხსაცმლის ფოტოც დადო, სადაც მადლობას უხდის ამ ფირმას ასეთი საჩუქრისთვის. ცნობილია, რომ მაღალი კლასის ბრენდები კლიენტებს, ვინც მათ მაღაზიაში სოლიდურ თანხებს ხარჯავენ, საჩუქრებით ხშირად ანებივრებენ. "შანელმა" ანუკი არეშიძე, როგორც კლიენტი, პარიზში მოდის კვირეულზე გამართულ საკუთარ ჩვენებაზეც კი დაპატიჟა. ასეთი კომპანიები ცნობილი ხალხისთვის სხვა გამონაკლისსაც უშვებს და მათ მუდმივ ფასდაკლებას სთავაზობს. ასეთი ფასდაკლებით ანუკიც სარგებლობს და საკუთარ ინსტაგრამზე ამას იმით ხსნის, რომ მილანში კახის სცნობენ და ითვალისწინებენ, რომ მათი ნაწარმის ჩაცმისას უფასო რეკლამას უკეთებ.

ანუკი, სალომე და ნინი ინსტაგრამზე ატვირთულ ერთმანეთის ფოტოებს რუსული იუმორისტული სერიალიდან ნასესხები გამონათქვამით, ,,იუ"" მიმართავენ. აღნიშნულ სერიალში ორი მთავარი გმირი მხოლოდ მეუღლეების ფულის ხარჯვით არიან დაკავებულნი.

"ყოველი დღე არის მოდის ჩვენება, მსოფლიო კი შენი პოდიუმი", – სალომე ღვინიაშვილი თავის ინსტაგრამზე ჩაცმა-დახურვისადმი სიყვარულს ამ წარწერით ხსნის.

ღვინიაშვილმა საკუთარი ახალი კოსტიუმების ,,პრეზენტაციაში"" ცნობილი კალათბურთელის ზაზა ფაჩულიას მეუღლე, თიკა ალავიძეც აიყოლია. ატლანტაში მცხოვრები წყვილი ზურას და სალომეს ყოველ წელს მაიამიში ეპატიჟება, სადაც ერთად ატარებენ ზაფხულს. როგორც ჩანს, თიკა ალავიძე, კლიმატიდან გამომდინარე, უფრო მეტად ქურქებზეა შეყვარებული. ის საკუთარ ინსტაგრამზე სხვადასხვა ძვირფას ქურქში გადაღებულ ფოტებს დებს.

ცნობილი გოგონები ინსტაგრამზე თამამად დებენ თავიანთ შესახებ ინფორმაციას: როდის სად მიფრინავენ და სად ისვენებენ. თუმცა, როდესაც ანუკი არეშიძემ ინსტაგრამზე საზღვარგარეთ ზღვის სანაპიროზე დასვენებისას თავის ფოტო ატვირთა და მეგობრები დაინტერესდნენ, სად იყო, მან უპასუხა, ხომ იცით, ჩასაფრებულები არიანო და ლაჟვარდოვანი სანაპიროს დასახელებისგან თავი შეიკავა. ამასთანავე, სალომე, ნინი და ანუკი საკუთარი ძვირფასეულობის დასახელებისგანაც თავს იკავებენ. ისინი მხოლოდ ფოტოებს დებენ, სადაც დიდთვლიანი ბრილიანტის სამკაულები უკეთიათ. ამ შემთხვევაში, ისინი დელიკატურობით ნამდვილად გამოირჩევიან. არ ასახელებენ, რომელი ფირმისაა ძვირფასეულობა, რომლის ფასიც ხუთიდან ხშირად ექვსნიშნა ციფრს უკაკუნებს.

ამ ყველაფრის ფონზე, ანუკისა და სალომეს ორეულებიც გამოუჩნდათ, ინსტაგრამში ვიღაცეები მათი სახელებით დარეგისტრირდნენ და ერთმანეთსაც უკომენტარებენ, "ლამაზო", - წერს ანუკი არეშიძის ორეულს სალომე ღვინიაშვილის ორეული, "მიყვარხარ, ჩემო ხუჭუჭა", - პასუხობს ფსევდო-სალომე. მათ ადგილმდებარეობად ფოტოზე დუშეთის რაიონია მითითებული. ეს ყველაფერი ანუკი არეშიძემ გააზიარა და ნამდვილ სალომესთან ერთად ბევრი იცინა.

"ყვითელი მაცნე"