ნინო ანანიაშვილი: "ჯერჯერობით ვერ ვბედავ შიშველი ბალერინების სცენაზე გამოყვანას" (ექსკლუზივი)
12-10-2013
ნინო ანანიაშვილი: "ჯერჯერობით ვერ ვბედავ შიშველი ბალერინების სცენაზე გამოყვანას" (ექსკლუზივი)
"ვინც უყურებს სპექტაკლებს და გემოვნება აქვს, მას შიშველ ბალერინაზეც არ ექნება ცუდი რეაქცია. შეიძლება მიქელანჯელოს შედევრებს შეურაცხყოფა მიაყენო?! - ეს ხომ შეუძლებელია"... ამბობს მსოფლიოში აღიარებული ქართველი პრიმაბალერინა - ნინო ანანიაშვილი... თუ რა უშლის ხელს მას, მოცეკვავეები სცენაზე შიშველი გამოიყვანოს, ამ და სხვა საკითხებზე თავად ნინო ანანიაშვილი გვესაუბრა.

ნინო ანანიაშვილი:

- საბალეტო სეზონი გავხსენით და ეს დღე ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა. წელს უკვე მეათე სეზონია რაც საქართველოში ვარ, როგორც საბალეტო დასის
სამხატვრო ხელმძღვანელი. დრომ საოცრად მალე გაირბინა...

- თუ არ ვცდები ამ სეზონზე თამამ სპექტაკლსაც წარმოადგენთ...

- სპექტაკლი იქნება, სადაც მოცეკვავეები პუანტების გარეშე, ფეხშიშველები იცეკვებენ... ახლა თამამი სპექტაკლს ისეთს ეძახიან, როცა მოცეკვავეები შიშვლები გამოდიან სცენაზე. ასეთები უკვე ბევრი ხდება მთელ მსოფლიოში. ჩვენ არ ავსულვართ ჯერჯერობით ამ
დონეზე.


- თქვენ გინახავთ ასეთი თამამი სპექტაკლები საზღვარგარეთ და მოხიბლული დარჩენილხართ?

- დიახ, მინახავს, უკვე ძალიან ბევრ ქვეყანაში დგამენ. მაგალითად არაჩვეულებრივი ბალეტია - ირჟი კილიანის "ბელლა ფიგურა", რომელიც ულამაზესია და ესთეტიურობით გამორჩეული. ის ფაქტი, რომ მოცეკვავეები შიშვლები არიან, ოდნავაც არ იქცევს მაყურებლის ყურადღებას. ეს არის სკულპტურასავით ფენომენი და არავის არ აღიზიანებს, ბალერინა რომ გახდილია. ყველა აღიქვამს, როგორც ბუნებრივს, როგორებიც ღმერთმა გვშვა...

- რა შემთხვევაში შეიძლება დაიდგას ირჟი კილიანის ეს შედევრი საქართველოში?

- ჯერ-ჯერობით ვერ ვბედავ ამ სპექტაკლის დადგმას საქართველოში. ვფიქრობ, ჩვენი მაყურებელი და საერთოდ ქვეყანა ამისთვის მზად არ არის.

- ალბათ ისეთივე მიტინგი მოჰყვება, რაც 17 მაისს ვიხილეთ...

- ამიტომაც ვცდილობ, ხალხი არ გავაღიზიანო. თუმცა ის ხალხი, ვინც მიტინგზე დადის, არასოდეს მოდის ბალეტის საყურებლად. ვინც უყურებს სპექტაკლებს და გემოვნება აქვს, მას შიშველ ბალერინაზეც არ ექნება ცუდი რეაქცია... შეიძლება მიქელანჯელოს შედევრებს შეურაცყოფა მიაყენო?! - ეს ხომ შეუძლებელია.

- როგორც ვხვდები, ძალიან გინდათ, ეს სპექტაკლი წარმოადგინოთ, მაგრამ ხელს ქართული მენტალიტეტი გიშლით...


- ირჟი კილიანის აღნიშნული ბალეტი მართლაც ულამაზესია, მაგრამ ჯერჯერობით არ მყოფნის გამბედაობა, ამდენი შეურაცხყოფისთვის გავიმეტო ჩვენი მსხიობები. წარმომიდგენია, ყველაფერი რა რთულად გადასატანი იქნება. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება მომავალში გავბედოთ.

- ისე, თავად თუ იცეკვებდით ასეთ საბალეტო დადგმაში, თუნდაც სხვა ქვეყანაში?

- ასეთი ბალეტი ჩემი სტილი არ არის. მე არასოდეს არ მიცეკვია ასეთ საბალეტო დადგმებში, მაგრამ მე რაც მინახავს, მართლაც ულამაზესი დადგმაა. მსოფლიოში უკვე რამდენიმე თეატრმა დადგა და წარმოდგენები წარმატებულადაც მიმდინარეობს.

- საუბრის დასასრულს თუ შეიძლება გკითხოთ ყველაზე აქტუალურ თემაზე, სოჭის ოლიმპიადის შესახებ...

- დღეს სეზონის გახსნა მაქვს და საშინლად არ მსურს პოლიტიკაზე საუბარი... უბრალოდ ვამბობ იმას, რომ სპორტსმენების გადაწყვეტილებაში არ უნდა ჩავერიოთ, მაგრამ როდესაც ხალხი ასე მტკივნეულად განიცდის, არ შეიძლება იქ ჩვენი დროშით მონაწილეობა მივიღოთ... ვიცი, რომ სამშვიდობო აქცია იმართება და მეც იმ ხალხის მხარეს ვარ.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)


;
28 ოქტომბერი 2013 10:04
რაღა სიშიშვლე უნდათ, ისედაც სულ შიშვლები არ არიან?
lika
23 ოქტომბერი 2013 00:44
როდის მერე გახდა შიშველი სხეული სცენაზე საყურებლას "ხელოვნება" და გემოვნებიანობა?ანუ,ვინც არ უყურებს შიშველ ბალერინებს უგემოვნოა?დასალაგებელი გაქვთ ქალბატონო ნინო აზროვნება ...
ნინო
21 ოქტომბერი 2013 13:50
ვაი შენს პატრონს!!!!!!!!!!!!

რედაქტორის რჩევით