ქართული ხმა რუსულ "გოლოსში" - კვირის პალიტრა

ქართული ხმა რუსულ "გოლოსში"

ეთერ ბერიაშვილმა რუსი მსმენელი აღაფრთოვანა

"მამა სულ მეუბნებოდა, არ დაგავიწყდეს, რომ შენი ქვეყნის დესპანი ხარო. ამდენი ხანია რუსეთში ვარ და დღე არ გავა, ეს არ მახსოვდეს"

რატომ გაასაღა ლეონიდ აგუტინმა ამერიკაში თავი ქართველად

"ჯაზის დედოფალი მზიური საქართველოდან" - ასე უწოდებენ დღეს რუსეთში ეთერ ბერიაშვილს, რომელმაც მოსკოველი მსმენელის ყურადღება მიიპყრო, არადა, ეს სულაც არ იყო ადვილი, თანაც იქ, სადაც პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან მრავალ მუსიკოსს მოეყარა თავი.

გახსოვთ მომღერალი დალიდა და მისი საოცარი "ტიკო-ტიკო"? ჩემს ბავშვურ მეხსიერებაში დალიდას სიმღერა ისე დაილექა, კარგა ხანს მჯეროდა, რომ ამ რთულ კომპოზიციას ვერავინ შეასრულებდა ისე, როგორც ის... და აი, "გოლოსში" (ქართული "ახალი ხმის" ანალოგი) ეთერ ბერიაშვილმა სწორედ "ტიკო-ტიკო- იმღერა, თან ისე, რომ ერთმანეთის მიყოლებით მოტრიალდნენ ჟიურის წევრები... ალექსანდრე გრადსკის, დიმა ბილანს, პელაგიასა და ლეონიდ აგუტინს შორის ეთერს არჩევანი უნდა გაეკეთებინა და მან როგორც ქართველებს სჩვევიათ, თბილად, ტაქტიანად და ლამაზად ყველას გადაუხადა მადლობა, თუმცა აგუტინი აირჩია: "სტუდენტობისას გაუჩერებლად შემეძლო თქვენს სიმღერებზე ცეკვა, მიტირია კიდეც... თქვენთან წამოვალ, რათა გავიგო, სულის რა ნაწილს დებთ სიმღერის შექმნისას"... ერთი სიტყვით, ეთერმა ჟიური და მსმენელი სიმღერითაც მოხიბლა და სიტყვებითაც.

"მას აქვს გასაოცარი ხმის ტემბრი, ქარიზმა და ამ ყველაფრის დანახვა დახუჭული თვალებითაც შეიძლება-...

"ეთერი ქართულ ღვინოსავითაა, რომლის "დაგემოვნებაც" სულ გინდა და გინდა."

ქართველი მომღერლის წარმატება განსაკუთრებით სასიხარულოა რუსეთში მყოფი ქართველებისთვის... და რადგან ამ დროს მეც მოსკოვში აღმოვჩნდი, ეთერს ინტერვიუ ვთხოვე. ჩვენ ერთ პატარა ქართულ კაფეში დავსხედით და დიდხანს ვისაუბრეთ... პირველი კითხვა საქართველო-რუსეთს შორის "ცივი ომის- პირობებში მის აქაურ ყოფას ეხებოდა:

- ვისაც კარგად ახსოვს საქართველოში ქართველთა გულუხვი მასპინძლობა, ყველას ნოსტალგია აქვს, ენანებათ ის გულწრფელი დამოკიდებულება, რაც ადრე იყო. ხალხი არაფერ შუაშია, მეგობრობამ ეროვნება არ იცის. მე მყავს ბენდი ("ბერიაშვილი-ლოსევის ჯგუფი-), სადაც განურჩევლად ეროვნებისა,  არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. 2008 წლის ომის დღეები იყო, საშინლად დათრგუნვილი ვიყავი, მაგრამ სამსახურში მაინც მივედი. მთელი ბენდი თანაგრძნობით შემომცქეროდა... მერე მომიბოდიშეს და დიდი მწუხარება გამოთქვეს მომხდარის გამო. როცა არსებობს ასეთი თანაგრძნობა, სინანული და მეგობრობის სურვილი, იქ ურთიერთობის ნულიდან დაწყება კვლავ შეიძლება. ერთი ამბავიც უნდა მოგიყვეთ, რომელიც ახლახან მიამბო ლეონიდ აგუტინმა. ის 2008 წელს, სწორედ აგვისტოში, ამერიკაში გახლდათ. ლეონიდი იხსენებს: "სუპერმარკეტში რაღაცები ვყიდე და სალაროსთან მივედი, წარვადგინე ჩემი პასპორტი (რატომღაც საჭირო გახდა მისი წარდგენა), მოლარე კი შუბლშეჭმუხნული მომჩერებია და გაბრაზებული მეუბნება: არა გრცხვენიათ, პატარა საქართველოს თავს როგორ დაესხითო? ჯერ დავიბენი, მერე კი, უცებ, ჩემდა უნებურად წამომცდა: "იცით, მე ქართველი ვარ!- მოლარის გამომეტყველება უცებ შეიცვალა, მომიბოდიშა და გამძლეობა მისურვა".

- რამდენი ხანია, რაც მოსკოვში ხართ?

- 70-იან წლებში ჩემი მშობლები სამუშაოდ წამოვიდნენ, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, რამდენიმე წელი ვიცხოვრეთ, მერე საქართველოში დავბრუნდით. ჩემი ოჯახი წნორში ცხოვრობს, დედაც და მამაც მედიკოსები არიან, მეც სამედიცინო განათლება მაქვს, მაგრამ პატარაობიდანვე უსაზღვროდ მიყვარდა სიმღერა, როცა ხელმეორედ მომიწია მოსკოვში ცხოვრებამ, გადავწყვიტე, ის მეკეთებინა, რაც გულით მინდოდა... მივიღე სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში მონაწილეობა. მერე გამოცხადდა მიუზიკლ "მამა-მიას" შესარჩევი ტური. გავიმარჯვე და დამამტკიცეს როზის როლზე. თვეში 38 სპექტაკლს ვუშვებდით (ზოგჯერ დღეში ორჯერაც) და სულ ანშლაგი იყო. მიუზიკლის შემდეგ დავაარსე ბენდი. ახლა ეს პროექტიც გამოჩნდა და მეორე ეტაპისთვის აგუტინთან ერთად ვემზადები.

- ბრმა ქასთინგისთვის რატომ აარჩიეთ "ტიკო-ტიკო" და არა რაიმე ქართული?

-  ქართულიც მქონდა არჩეული, თამარ გვერდწითელის ერთ-ერთი სიმღერა, მაგრამ მუსიკალური განყოფილების დირექტორმა ორიდან ეს აარჩია. "ტიკო-ტიკო"  რთული სიმღერაა, მგონი, გავართვი თავი...

- როგორც ვიცი, ბევრ ცნობილ მომღერალთან მოგიწიათ მუშაობამ...

- დიახ, ბექვოკალისტი გახლდით თამარ გვერდწითელთან, ლაიმა ვაიკულესთან, ლეონიდ აგუტინთან, ანჟელიკა ვარუმთან, ბისერ კიროვთან, მიხაილ შუფუტინსკისთან... თითოეულთან მუშაობა დიდი სიამოვნება და ჩემი მუსიკალური კარიერის მნიშვნელოვანი საფეხური იყო, მაგრამ ყველაზე მეტად  ჩემს პირველ მასწავლებელს, ვლადისლავ კონოვს ვუმადლი. მან ისეთი ჯადოსნური სიტყვები მითხრა: ადამიანი მაშინ მღერის, როცა სიყვარულის გამოსახატავად სიტყვები არ ჰყოფნისო... მართლაც ასეა. მომღერალი უსიყვარულოდ არაფერია.

- მიამბეთ თქვენს ოჯახზეც...

- ჩემი მეუღლე ბადრი ბიბიჩაძეა. ეს ჩემი მეორე ქორწინებაა, ბადრი რამდენიმე წლის წინ დაქვრივდა. ჩემმა დებმა ისე იაქტიურეს, რომ 2010 წელს, როცა საქართველოში ჩავედი, ჩვენი შეხვედრები სიღნაღში, სიყვარულის ქალაქში ქორწინებით დაგვირგვინდა. გვყავს 2 წლის სოფიკო, რომელიც ამჟამად დედაჩემთან არის, წნორში.

- ეთერ, ყველას გვაქვს ჩვენი ოცნება, მით უფრო, ემიგრანტებს. რას ინატრებდით?

- ძალიან მინდა, საქართველოში ჩასულმა რაც შეიძლება ბევრი ბედნიერი სახე დავინახო.  და კიდევ, მინდა, კონცერტი გავუმართო ქართველ მაყურებელს... მოსკოვში სწავლის პერიოდში მამა სულ მეუბნებოდა, არ დაგავიწყდეს, რომ შენი ქვეყნის დესპანი ხარო. ამდენი ხანია რუსეთში ვარ და დღე არ გავა, ეს არ მახსოვდეს. გულწრფელად მეამაყება, როცა კომპლიმენტებს მეუბნებიან და იქვე ამატებენ, - რა გასაკვირია, შენ ხომ ქართველი ხარ, იმ ქვეყნიდან, სადაც ყველა მღერისო...

მოსკოვი-თბილისი