დათო ფორჩხიძე: "შოთა ადამაშვილი მაიას ტიპი იმიტომ იყო, რომ წვერები ჰქონდა?" - კვირის პალიტრა

დათო ფორჩხიძე: "შოთა ადამაშვილი მაიას ტიპი იმიტომ იყო, რომ წვერები ჰქონდა?"

მუსიკალური პროექტი "ახალი ხმა" სკანდალურად დაიწყო. შოთა ადამაშვილს ჟიურის ოთხივე წევრი თავისთან ექაჩებოდა.  მომღერალმა კი დათო ფორჩხიძესთან მუშაობა არჩია და ხმაურიც აქედან დაიწყო. მაია დარსმელიძემ სოციალურ ქსელში უხამსი განცხადება გამოაქვეყნა და ფორჩხიძეს დაუპირისპირდა (იხ. "კვირის პალიტრა" # 41).

"კვირის პალიტრამ" კომენატარი დათო ფორჩხიძეს სთხოვა: - იმ განცხადებაზე სათქმელი არაფერი მაქვს... რაც შეეხება შოთას, ბედნიერი ვარ, რომ ჩემს გუნდშია.

- მაია დარსმელიძე მიიჩნევს, რომ შოთა მის გუნდში უნდა ყოფილიყო და თქვენ იმით გადაიბირეთ, რომ შეჰპირდით, რასაც გინდა, იმას გამღერებო...

- ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა წამოსულიყო ეს ადამიანი ჩემთან, მაიას ტიპი მხოლოდ იმიტომ იყო, რომ წვერები ჰქონდა და ვიღაცას მიამსგავსეს? შოთა ადამაშვილი პატარა ბავშვია, რომელმაც არ იცის, რა უნდა გააკეთოს?! მე ჩემი გუნდის წევრებთან - წვერიანთანაც და უწვეროსთანაც ერთნაირად ვმუშაობ. იცით, რას მეუბნებოდნენ ჩემი გუნდის ბავშვები? - თურმე ოჯახის წევრებიც კი აფრთხილებდნენ:  დათომ პროექტი ორჯერ მოიგო და მესამედ არავინ მოაგებინებს, ამიტომ სხვა მწვრთნელი აირჩიეთო. მიუხედავად ამისა, მათ მაინც ამირჩიეს, რადგან ზუსტად იციან, რას გავაკეთებ. უამრავი აბსურდული ინფორმაცია გავრცელდა, ამბობდნენ, რომ შოთას კონკურსამდეც ვიცნობდი... შოთას მიმართაც იყო აგრესიული მესიჯები. ასე არ შეიძლება! ადამიანმა მე ამირჩია და ამის გამო უნდა გაკიცხონ?!

- დარსმელიძემ განაცხადა, რომ თუ პროექტში შოთა გაიმარჯვებს, ე. ი. მაია დაამარცხებს ფოჩხიძეს! ეს ქვეტექსტია და გამგები გაიგებსო, - დასძინა.

- რას ჰქვია, დათოს გამარჯვება ან დამარცხება? ხალხი ირჩევს "ახალ ხმას"! თუკი პროექტში შოთა გაიმარჯვებს, ეს მისი გამარჯვებაა და არა დათოსი. ზოგადად, ეს აჟიოტაჟი არაფრის გამო ატყდა, თუმცა მიმაჩნია, რომ კონკურსი უფრო საინტერესო გახდება და მაყურებელიც კარგ შოუს იხილავს. შოთა იქნება ეს, თუ ჩემი გუნდის სხვა წევრი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გაიმარჯვოს!

ქეთი საგინაშვილი