"შეყვარებული ვარ..." - ”ახალი ხმის” ყველაზე სექსუალური მონაწილის პირადი ცხოვრება - კვირის პალიტრა

"შეყვარებული ვარ..." - ”ახალი ხმის” ყველაზე სექსუალური მონაწილის პირადი ცხოვრება

ამონარიდი ჟურნალ "გზიდან":

მუსიკალური კონკურსის - "ახალი ხმა" ერთ-ერთმა მონაწილემ საკუთარი ხმით ჟიურის წევრებიც და მაყურებელიც გააოცა. 21 წლის მომხიბლავი კონკურსანტი, ანჩო დოლიძე თავად წერს სიმღერის ტექსტებს, ქმნის მუსიკას.

- "ბრმა" კასტინგზე გამოსვლისას, როგორც ჟიურის წევრებზე, ისე მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინე. დიდი ხანია, რაც მღერი?

- პატარაობიდანვე ვმღეროდი, ოღონდ - ჩემთვის, წყნარად, სხვას რომ არ გაეგონა (იცინის). მოკლედ, ჩემი ვოკალური მონაცემების შესახებ ბევრმა არ იცოდა.

***

- ჟიურის ოთხივე წევრი რომ შემოგიტრიალდა, როგორი შეგრძნება დაგეუფლა?

- ამ შეგრძნებას შეიძლება, საოცრება უწოდო... სხვათა შორის, კასტინგზე გასვლამდე, ანამ (წამყვანმა) მკითხა, რალს უფრო დიდი ადრენალინი აქვს შენთვის თუ "ბრმა" კასტინგზე გასვლასო? მაშინ ვუპასუხე: - რალს-მეთქი, მაგრამ სცენიდან რომ ჩამოვედი, მივხვდი, ეს იყო ყველაზე დიდი ადრენალი, რაც კი ოდესმე მიმიღია. დროს უკან სიამოვნებით დავაბრუნებდი (იცინის).

***

- დედმამიშვილები გყავს?

- 2 ძმა და 2 და ვართ. კიდევ მყავს დედა, მამა, ბაბუა, ბებია, ორი დეიდა და ჩემი საყვარელი ძაღლი ბუბუ.

- ყველანი ერთ სახლში ცხოვრობთ?

- ყველა ერთად - არა, ერთ უბანში ვცხოვრობთ. მხოლოდ ჩემი უფროსი და არ არის ჩვენ გვერდით - ის ამერიკაში ცხოვრობს, მსახიობია და ჩემსავით, სიმღერა მასაც უყვარს.

- ამერიკაში საკუთარი პროფესიით მუშაობს?

- დიახ. მსახიობია და ფილმებში იღებენ. ახლახან იქ სილამაზის კონკუსში მიიღო მონაწილეობა და "მის ჯორჯია" გახდა.

- შენც ხომ არ აპირებ ამერიკაში გამგზავრებას, კარიერის საზღვარგარეთ აწყობას?

- ამ საკითხზე სერიოზულად ვფიქრობ. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

- ანჩო, მწვრთნელად მაია დარსმელიძე რატომ აირჩიე?

- ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მაოს შვილი ვარ, პატარა მაო. ის ისეთი გემოვნებიანი ადამიანია და ისეთ მუსიკას ქმნის, როგორიც მე მომწონს. მინდა მეც მისნაირი, ნიჭიერი და გემოვნებიანი ვიყო. მივხვდი, ამ პროექტში ყველაზე მეტად, მაო გამიგებდა და ამიტომაც ავირჩიე. ვფიქრობ, ამ მხრივ გამიმართლა.

- თავდაჯერებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ.

- თავდაჯერებული ნამდვილად ვარ.

- კონკურსის შემდეგ შენი თაყვანისმცემლების რაოდენობა ალბათ საგრძნობლად გაიზარდა.

- მათ თაყვანისმცემლებს ვერ დავარქმევ, უფრო - გულშემატკივრები არიან, რომლებიც ძალიან გააქტიურდნენ. ისეთ თბილ და ტკბილ მესიჯებს მწერენ, რომ შეიძლება, სიხარულისგან გავგიჟდე.

- შეყვარებული გყავს?

- დიახ, მყავს.

- შენს გულშემატკივრებზე ხომ არ ეჭვიანობს?

- თავიდან ყველაფერი ორივესთვის ძალიან უცხო იყო, თუმცა მერე გავიაზრეთ, რომ ეს ბუნებრივია და ასეთ ამბებზე რეაქცია აღარ აქვს. მთავარია, იცის და სჯერა, რომ ძალიან მიყვარს.

- კონკურსზე ძალიან თამამი და ამავე დროს, ლამაზი კაბა გეცვა. ასეთია შენი ყოველდღიური ჩაცმის სტილი?

- ის კაბა მე შევკერე. პირველად შევქმენი სამოსი და აი, ასეთი ორიგინალური გამოვიდა. ძალიან მომწონს, სხვებში კი ცოტა არ იყოს, აჟიოტაჟი გამოიწვია. ისე, ხან ბიჭურად მაცვია, ხან - კლასიკურად, ხან კიდევ, მართლა უცნაურად ვიმოსები. მოკლედ, გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ.