"იულიასთვის ვეტოს გამოყენებას" არც ვადასტურებ და არც უარვყოფ" - კვირის პალიტრა

"იულიასთვის ვეტოს გამოყენებას" არც ვადასტურებ და არც უარვყოფ"

დატოვებს თუ არა პროექტს იულია...

ია ფარულავა: "იულიას არყოფნით შოუ პეწს დაკარგავს"

ცვლილებებზე არასდროს ამბობს უარს. უკრაინულ შოუბიზნესში სექსუალური და სკანდალური ქალის იმიჯი დაიმკვიდრა, საქართველოში კი ახალი სტატუსით გვესტუმრა - "ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა.

ბავშვობაში მხატვრულ ტანვარჯიშზე დადიოდა. თითქმის შვიდი წელი სპორტული ცხოვრებით იცხოვრა. სამეჯლისო ცეკვები არასდროს უცეკვია. ამბობს, რომ ეს მისთვის ჩინურია. რომ არა ქორეოგრაფებისა და პარტნიორის დახმარება, ვერაფერს გააწყობდა.

ცვლილებები

ეცინება იმ წლებზე, როცა სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა საბანკო საქმის შესასწავლად. ბანკირი, რა თქმა უნდა, არ გამხდარა იმიტომ, რომ შემოქმედებითი ადამიანია და ოფისში საქმიანობა მის ხასიათს არ ესადაგება. როგორც კი ეს გააცნობიერა, ხელოვნების ინსტიტუტში ჩააბარა, მოდელირების ფაკულტეტზე. სტუდენტობას სიხარულით იხსენებს, ბევრი რამ ისწავლა, თუმცა დღემდე არც ერთი კოლექცია არ შეუქმნია - მისი ცხოვრება სხვა გზით წარიმართა.

16 წლის იყო, როცა დაურეკეს და უკრაინაში ცნობილი ვარსკვლავის, ირინა ბილიკის შოუბალეტის მონაწილეთა შესარჩევ ტურზე მიიწვიეს. კასტინგი წარმატებით გაიარა. უკრაინელ ვარსკვლავთან იმუშავა და მერე არა მარტო უკრაინაში, რუსეთშიც ცნობილი შოუმენის, ვერკა სერდიუჩკას თეატრში დაიწყო მუშაობა.

იულია: "ანდრეისთან (ვერკა სერდიუჩკა), ძალიან საინტერესო იყო მუშაობა. ნიჭიერი, სრულიად არაორდინარული პიროვნებაა, საოცარი იუმორის გრძნობა აქვს... სამი წლის განმავლობაში, ყოველთვე, დაახლოებით ოცდაცხრა შოუს ვატარებდით"...

სამწლიანი თანამშრომლობის შემდეგ იულია სერდიუჩკას თეატრიდან წამოვიდა. გული დასწყდა, თუმცა, როგორც ამბობს, ცხოვრება თავად გვთავაზობს სიურპრიზებს - ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მუშაობა ვეღარ შეძლო.

იმიჯი

...მას შემდეგ იულია სკანდალური ჯგუფის, "ნიკიტას" წევრი გახდა. უკრაინაში ჯგუფი ეროტიკული ფოტოსესიებითა და კლიპებით გახდა პოპულარული. მას პარტნიორთან, დაშა ასტაფიევასთან ერთად ხშირად იღებდნენ ამგვარ ფოტოსესიებში. როგორც ჩანს, სწორედ ეს გახდა მისი ჯგუფიდან წასვლის მიზეზი.

სექსუალური ქალის იმიჯს ამართლებს, ბევრი თამამი ფოტოც გადაუღია, მაგრამ როგორც ამბობს, ვულგარული არასდროს ყოფილა.

უყვარს გემოვნებით ჩაცმა. მისთვის კლასიკური სტილი შეუცვლელია. მოსწონს მრავალფეროვანი და კონტრასტული მუსიკა - შეუძლია რეპსაც სიამოვნებით მოუსმინოს და კლასიკასაც.

შეუძლია "არაადამიანურად" მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითაც იაროს და "ბალეტკებითაც". ალერგიულია და მხოლოდ ნატურალური ქსოვილის სამოსს იცვამს(!).

იულია: "არა მარტო გარეგნობაზე, შინაგან სამყაროზეც უნდა ზრუნავდე. ყოველთვის წინ უნდა ისწრაფოდე".

P.S. ჟურნალი დასაბეჭდად მზად იყო, როცა შევიტყვეთ, რომ იულია "ცეკვავენ ვარსკვლავების" აუტსაიდერი აღმოჩნდა და პროექტი დატოვა. კულუარული ინფორმაციით, პროექტის ორგანიზატორები  მის პროექტში დაბრუნებაზე მსჯელობენ. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამას სულ მალე შევიტყობთ.

(იბეჭდება შემოკლებით)

ქეთი დარჩია

სრული ვერსია იხილეთ ჟურნალ "ბომონდის" ნოემბრის ნომერში

"ხალხს ჰგონია, რომ მე და სოფოს ბევრი ფული გვაქვს, რადგან ტურიდან ტურში გადავდივართ?"

იულიასა და ოთოს დაბრუნებას უამრავი ადამიანი ითხოვს. მათ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" "ცეკვავენ ფულიანებიც" კი უწოდეს. ამ თემაზე კომენტარი შოუს ერთ-ერთ მონაწილეს, ნინა წკრიალაშვილს ვთხოვეთ:

- იულიას წასვლა მეც ძლივს გადავიტანე. ჟიურიზე რა ვთქვა - ორივე აუტსაიდერს მაღალი ქულები ჰქონდა. ჩემი აზრით,  მაყურებელი არ იყო სამართლიანი. მეგონა, იულია ფინალში იცეკვებდა. ძალიან  გამიკვირდა და გული დამწყდა.

- ამბობენ, რომ ამ პროექტში მხოლოდ ერთ კონკურსანტზე შეიძლება ვეტოს გამოყენება. როგორ ფიქრობთ, იულიას დასაბრუნებლად მას გამოიყენებენ?

-  არ ვიცი, მაგრამ თუკი ასე მოხდება, ძალიან გამიხარდება.

- იმასაც ამბობენ, რომ ვეტოს სოფო  ნიჟარაძისთვის ინახავენ...

- რატომ სოფოსთვის და არა, ვთქვათ, გიორგი ყიფშიძისთვის ან ნებისმიერი კონკურსანტისთვის? სოფო რითი გამოირჩევა?

ხალხს ჰგონია, რომ მე და სოფოს ბევრი ფული გვაქვს, რადგან ტურიდან ტურში გადავდივართ? მე საერთოდ არ მაქვს ფული. უბრალოდ, მეგობრები გვყავს და მესიჯებს გვიგზავნიან. ჩემი აზრით,  ვეტო შეიძლება დაედოს იმას, ვინც ტრავმის გამო გავარდება კონკურსიდან. სოფოსთვის ვეტოს ვინ "შეინახავს"? საინტერესოა, ვინ ითვლის, ვის რამდენი ფული აქვს და ვის - არა? ერთი მესიჯიც არ გამიგზავნია ჩემი თავისთვის. უბრალოდ, მე, სოფოს და გიორგი ყიფშიძეს ძალიან ბევრი ხალხი გვიცნობს. ვინ იყო ფულიანი - სამორი თუ რუსკა?

პროექტის პროდიუსერ ნოე სულაბე-რიძეს ვკითხეთ, შეიძლება თუ არა შოუს ფორმატით ვეტოს გამოყენება.

- ეს შოუს საიდუმლოა და არ მინდა ამაზე ლაპარაკი, - გვიპასუხა მან.

ასე რომ, დააბრუნებენ თუ არა იულიას, ან შემოინახავენ თუ არა ამ უფლებას სხვა კონკურსანტისთვის, პარასკევს შევიტყობთ.

ია ფარულავა: "მე რომ შოუში ვყოფილიყავი, იულიას გავარდნას არ დავუშვებდი"

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა ცნობილია თავისი პირდაპირობით. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის წევრი იყო, პროექტს ხმაური არ მოჰკლებია. ამბობს, რომ გული  დასწყდა, ამ სეზონში რომ არ მიიწვიეს. თუმცა ახლა ისეთ ადგილზე ვარ, ფრთები გავშალეო, - გვიმხელს.

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის წევრობა დიდი სიამოვნება იყო. გული დამწყდა, წელს რომ არ მიმიწვიეს. როგორც შევიტყვე, რაღაც მიზეზების გამო არ უნდოდათ ია ფარულავას ჟიურიში ყოფნა. ვფიქრობ, მაყურებელმა უნდა განსაჯოს, სწორი იყო ეს თუ არა. რაც შეეხება ახლანდელ ჟიურის - ყველა ძალიან ღირსეული და საამაყო ადამიანია, მაგრამ მეჩვენება, რომ მხოლოდ ჟიურის წევრობა ასეთი მეგაპროექტისთვის საკმარისი არ არის. ჟიურიმ შოუც უნდა დადგას, მით უმეტეს, როცა ეს ცირკის არენაზე ხდება. ამერიკულ პროექტებში ასეა.

რაც შეეხება "ნიჭიერს", აქ ნამდვილად გავშალე ფრთები და მივხვდი, რომ ზოგი ჭირი მარგებელია.

- მახსოვს, "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის ინტერნაციონალურიც კი უწოდეთ და ტიტრები მოითხოვეთ...

- ასე იყო.  ერთი ინგლისურად ლაპარაკობს, მეორე - რუსულად. რუსულის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ძალიან ბევრს აღარ ესმის, ახალგაზრდებს - განსაკუთრებით...

- შოუს იულია ქავთარაძე გამოაკლდა. ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. როგორ ფიქრობთ, სამართლიანი იყო ჟიური?

- არიან ადამიანები, ვისაც შეუძლია სიტუაციის გამოსწორება - ამისთვის ათასი ხრიკი არსებობს. ფაქტია, რომ იულია ძალიან კარგად ცეკვავდა. მას 10-იანი ჩემგან. მე რომ ვყოფილიყავი პროდიუსერი, იულიას გავარდნას არ დავუშვებდი... ეს შოუს პროდიუსერებზეა დამოკიდებული... იულიას არყოფნა შოუს პეწს დაუკარგავს.

ქეთი საგინაშვილი