”ალ პაჩინო ლექციებს მიკითხავდა...” - მონაკოს პრინცესას ქართველი ნათლია - კვირის პალიტრა

”ალ პაჩინო ლექციებს მიკითხავდა...” - მონაკოს პრინცესას ქართველი ნათლია

ქართველ მსახიობსა და მომღერალს, რომელიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, უცხოელები თამი ადამსად იცნობენ. ის 7 წლიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდა და შესაბამისად, ბევრი უცხო ენაც იცის. მართალია, საქართველო მისი სამშობლოა, მაგრამ ქართულად ლაპარაკი ცოტა არ იყოს, უჭირს. სამაგიეროდ, ამბობს, რომ საქართველოს სხვა ”მიწაზე” არასოდეს გაცვლის.

- ჰოლანდიიდან საცხოვრებლად რომელ ქვეყანაში გადახვედით?

- ჰოლანდიიდან შვეიცარიაში გადავედით. დიდხანს არც იქ გვიცხოვრია. სკოლა მონაკოში დავამთავრე. ამ ქვეყანაში უამრავი მეგობარი და ახლობელი ადამიანი შევიძინე. ახლო, მეგობრული ურთიერთობა მქონდა მონაკოს პრინცესასთან. ჩვენ ლამის ერთად, დებივით გავიზარდეთ და ბოლოს დავნათესავდით კიდეც - მისი ნათლია გავხდი.

- ასეთი ახლო ურთიერთობა როგორ ჩამოგიყალიბდათ?

- ჩვენი მშობლები ახლობლობდნენ. მამაჩემსა და მამამისს მონაკოში საერთო ბიზნესი ჰქონდათ და აქედან გამომდინარე, ჩვენც დავვახლოვდით.

***

- ამერიკაში სწავლის პერიოდში ვინ გაფინანსებდა?

- მოსკოვში ყოფნისას ფული საკუთარი შრომით დავაგროვე: სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობდი, კონცერტებიდანაც მქონდა შემოსავალი და ა.შ. მაგრამ ცხადია, ამერიკაში მყოფს მშობლები და მეგობრებიც მეხმარებოდნენ... ლოს-ანჯელესში ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩავაბარე. ძალიან კარგი სტუდენტობა მქონდა, ყოველი დღე სასიამოვნო და შთამბეჭდავი გახლდათ... უნივერსიტეტი, რომელშიც ვსწავლობდი, მსოფლიოში ცნობილ ბევრ მსახიობს აქვს დამთავრებული. ლექციებს მიკითხავდნენ პედაგოგები, რომლებიც მერილინ მონროს, ალ პაჩინოსა და რობერტ დე ნიროს ასწავლიდნენ მსახიობის ოსტატობას. თავად ალ პაჩინოც მიკითხავდა ლექციებს. ის ნიჭიერი და ძალიან საინტერესო ადამიანია. უნივერსიტეტში ტომ კრუზი და ანჯელინა ჯოლის მამაც გვესტუმრა და სასწავლებლის გვერდით არსებულ კაფეში ყავაც კი დავლიე მათთან ერთად. სუპერმარკეტებში ხშირად ვხვდები ლეონარდო დი კაპრიოს. აქ ძალიან კარგი ხალხია, მაგრამ მათ ქართველებს ვერ შევადარებ: საქართველოში ხომ სამაგალითო მეგობრობა და სიყვარული იციან!

ჟურნალ "გზის" არქივი