ზურა ბალანჩივაძე: "ფშვიტინი" არასასიამოვნოა, მაგრამ მუსიკალური სტვენა - არა". - კვირის პალიტრა

ზურა ბალანჩივაძე: "ფშვიტინი" არასასიამოვნოა, მაგრამ მუსიკალური სტვენა - არა".

ზურა ბალანჩივაძე "ნიჭიერის" ჟიურისა და ქართველი საზოგადოების წინაშე საკმაოდ უცნაური ნიჭით წარსდგა. მან სტვენით შეასრულა ჯუზეპე ვერდის ოპერა "რიგოლეტო", საკმაოდ რთული ნოტები აიღო, ამით კი ხალხის აღფრთოვანება და ჟიურის წევრების 4 "კი" დაიმსახურა. თუ როგორ განივითარა ზურამ სტვენის უნარი, რა იტაცებს ამის გარდა და როგორ გადაწყვიტა პროექტში მონაწილეობის მიღება, ამის შესახებ ის "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

- "ნიჭიერში" შენი გამოსვლა მუსიკალურად საკმაოდ გამართული იყო. მუსიკალური განათლება გაქვს?

- ზურა ბალანჩივაძე: მუსიკალური განათლება არ მაქვს. ბავშვობაში სკოლის გუნდში ვმღეროდი, მოგვიანებით გიტარაზე და ვოკალის კურსებზე დავიწყე სიარული. მაგრამ სტაბილური განათლება ამ სფეროში არ მიმიღია, ნოტებიც კი არ ვიცი.

- როდის და რატომ დაინტერესდი სტვენით? შემთხვევით აღმოაჩინე, რომ ნიჭი გქონდა და შემდეგ განავითარე, თუ ყველაფერი შრომის შედეგია?

- სტვენა თავიდან არ გამომდიოდა. ვარჯიშის გარეშე ეს არც არავის გამოუვა. ათი წლის წინ ვცადე პირველად, როცა ფრანკო ძეფირელის "კალასი სამუდამოდ" ვნახე. იქიდან გავიგე ოპერის შესახებ, შევიყვარე მარია კალასი, დავინტერესდი კლასიკური მუსიკით.

- სტვენის უნარს ამ ათი წლის განმავლობაში როგორ ივითარებდი?

- თავდაპირველად დიდი წვალებით, აუდიოკასეტებზე გადმოვწერე მარია კალასის არიები და ვცდილობდი, მათზე სტვენა, ასე ვთქვათ, "ამეყოლებინა". არ ვიცი, რა მაიძულებდა, რომ ასე მოვქცეულიყავი. ალბათ ის, რომ გარდატეხის ასაკი მქონდა და სიმღერა პრაქტიკულად არ შემეძლო. სხვები ამ დროს მძიმე როკს უსმენენ, მე კი მძიმე კლასიკისკენ წავედი. საბოლოოდ მივხვდი, რომ რაღაცნაირად, მეორე სუნთქვა გამეხსნა და ყველაფერი ასე დაიწყო.

- ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მსგავსი შედეგის მიღწევა, თუ მოინდომებს?

- ყველაფერი ვარჯიშია, ამთ შორის, სტვენაც. რა თქმა უნდა, ამასაც ნიჭი და მუსიკალურობა უნდა.

- რაიმე სპეციალურ ვარჯიშებს თუ აკეთებ, მაგალითად, სუნთქვის?

- ამისთვის სპეციალური ვარჯიშები, არც ვიცი, თუ არსებობს. მე ფაქტობრივად იმას ვაკეთებ, რასაც საოპერო მომღერალი რეპეტიციის დროს, ოღონდ სტვენით. სცენაზე გასვლის წინ ვოკალიზებას ვაკეთებ სტვენით, რასაც საოპერო მომღერლები აკეთებენ, დიაფრაგმას ვავარჯიშებ სუნთქვით და ა.შ.

- რატომ გადაწყვიტე "ნიჭიერში" გამოსვლა? ჟიურის ასეთ დადებით რეაქციას თუ ელოდი?

- "ნიჭიერში" გამოსვლას ბევრი მეგობარი მთხოვდა. "რუსთავი2"-იდანაც იყო ადრე შემოთავაზებები, მაგრამ თავს ვიკავებდი. ყველაზე მეტად საზოგადოების არასწორი დამოკიდებულების მეშინოდა. მშობლებისგანაც მქონდა წინააღმდეგობა, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, ამ ნაბიჯს ნამდვილად არ გადავდგამდი. უკვე 25 წლის ვარ და კომპანია "ჯეპრაში" სოციალური მედიის მენეჯერის თანამდებობა მიკავია. ამიტომ ვნერვიულობდი არა იმაზე, თუ რას ვიზამდი სცენაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ მიიღებდა ხალხი ამას. ბოლოს ჩემს მეგობარს, "საქართველოს ვარსკვლავს", ლუკა ზაქარიაძეს ვთხოვე რჩევა. მეგონა, გასვლას დამიშლიდა, თუმცა აბსოლუტურად საწინააღმდეგო რამ მითხრა: აუცილებლად გადიო. მეც დავუჯერე და ქასთინგზე წავედი... სიმართლე გითხრათ, ჟიურის დადებით რეაქციას ველოდი, რადგანაც გემოვნებიანი ხალხია, თუმცა მთლად ასეთ ეიფორიასაც არა.

- მშვენიერი სამსახური გაქვს. კიდევ რით ხარ დაკავებული, გარდა სტვენისა?

- თითქმის 5 წელია, რაც ვბლოგერობ. აპოლიტიკური ბლოგი მაქვს, ხელოვნებასა და ბუნებაზე ვწერ, პირადზეც. ასევე, 3 წლის ასაკიდან ვხატავ და ბევრი ისე მიცნობს, როგორც მხატვარს. ხატვა და მუსიკა ჩემი ორი "ფილტვია", რომლებიც ცხოვრების აღქმაში და შთაბეჭდილებების გადმოცემაში მეხმარება. სულ მალე თუმანიშვილის თეატრში პერსონალური გამოფენა მექნება და ძალიან მინდა, საზოგადოებამ ამ კუთხითაც გამიცნოს.

- სტვენის გამო ოდესმე დაცინვის ობიექტი თუ გამხდარხარ? ამბობენ, რომ ის უფულობას იწვევს. გეჩხუბებიან თუ არა გარშემომყოფები, როცა უსტვენ?

- ძალიან ხშირად მოუციათ შენიშვნა, ბევრს გავულანძღივარ კიდეც. ბევრი ახლობელი თუ უცნობი მეჩხუბებოდა, ნუ უსტვენ, უფულობა იცისო და სხვა ათასი ცრურწმენის გამო... მაგრამ არც ერთს არ უთქვამს, ცუდად გამოგდისო. მეორე მხრივ, მეგობრები მაგულიანებდნენ, ვისაც მართლა მოწონდათ ჩემი სტვენა. საბოლოოდ, მათი მხარე დავიჭირე.

- "ნიჭიერში" თქვი, რომ ბევრი ადამიანი სტვენას სირცხვილად თვლის. როგორ გგონია, რატომ არის ეს სტერეოტიპი დამკვიდრებული?

-როგორც უკვე აღვნიშნე, სტვენის სირცხვილად ჩათვლა ცრურწმენას უკავშირდება. მეორე ფაქტორი არის ის, რომ სტვენა ცუდ ტონადაა მიღებული თვითონ კლასიკურ თეატრში. როცა მაყურებელი სპექტაკლზე სტვენს, ე.ი. სპექტაკლი ჩავარდა. მაგრამ აქ შემიძლია, გავავლო პარალელი სიმღერასა და ღრიალთან: ორივე ერთი და იმავე გზით წარმოიქმნება, მაგრამ ერთი ხელოვნებაა, მეორე კი - შურაცხყოფა. ასეა სტვენის დროსაც - შეიძლება "ფშვიტინი" მართლაც არასასიამოვნოა, მაგრამ მუსიკალურად სტვენა, არა მგონია, ცუდი იყოს.

- საყვარელი ადამიანი თუ გყავს? მასაც შეაყვარე თუ არა სტვენა და საერთოდ, რა დამოკიდებულება აქვს ამის მიმართ?

- სიყვარულს რაც შეეხება, ჯერ-ჯერობით, ამ ეტაპზე სერიოზული არაფერი ხდება. მაგრამ გარკვეული სიმპათია მაქვს. იმ გოგონას ჩემი სტვენაც და, ზოგადად, ჩემი ხელოვნება მოსწონს.

ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის).

იხ. ვიდეო