"პინგვინი გავაიგივე ადამიანთან" -რას მიუძღვნა ბედინამ ახალი სიმღერა "პინგვინები" - კვირის პალიტრა

"პინგვინი გავაიგივე ადამიანთან" -რას მიუძღვნა ბედინამ ახალი სიმღერა "პინგვინები"

ამონარიდი ჟურნალ "რეიტინგიდან":

- ახლახან მოვისმინე სიმღერა "პინგვინები", პოლიტიკური სატირაა. რისი თქმა გინდოდა ამით?

ბედინა, რეპერი:

- ორაზროვანი კომპოზიციაა, სადაც ყველაფერი ნათქვამია. პინგვინი გავაიგივე ადამიანთან, რომელიც არის შავ-თეთრი ფერის, კლასიკურ-პოლიტიკურად ჩაცმული, ჰალსტუხით. როცა ამ სიმღერაზე დავიწყე ფიქრი, ბევრი წიგნი წავიკითხე პინგვინებზე, დოკუმენტურ ფილმებს ვუყურე. ძალიან დავაახლოვე მათი ცხოვრება ქართულ პოლიტიკურ რეალობას. პინგვინებს, რომლებიც პოლუსზე ცხოვრობენ, დასასვენებელი ადგილი აქვთ, სადაც ზაფხულობით მიდიან. ამ კუნძულს ჰქვია ჩრდილოეთ ჯორჯია, ყინულოვანი კუნძულია. დედალი კვერცხს დებს და მერე საშოვარზე მიდის, მამალი ჩეკავს, უვლის ამ კვერცხებს და მერე უვლის ბავშვებს. ქართული რეალობაა. მამაკაცების უმეტესობა უმუშევარია, სახლში ზის, ქალები საშოვარზე ჰყავთ გაშვებული. ორ ნაწილად იყოფიან პინგვინები, როგორც პოზიცია და ოპოზიცია, იმპერატორულ და სამეფო პინგვინებად. ლიდერებიც ჰყავთ. რაც ყველაზე მთავარია, პინგვინები ოცნებობენ ფრენაზე. და ამ დროს დაფრინავენ, ოღონდ წყალში (იცინის).

- ე.ი. ამ შენს პინგვინებს საერთო არაფერი აქვს ბიძინა ივანიშვილსა და მის პინგვინებთან?

- არა, პიროვნულად არავის ვეხები. უბრალოდ, სისტემაა პინგვინური, ამ სისტემას მივუძღვენი ჩემი სიმღერა. "შეაგინებ, მრავლდებიან, არ აგინებ - "ნაგლდებიან", გარბიან და გამორბიან, მაინც უკან ბრუნდებიან, ბოლოს ერთად გროვდებიან, ერთმანეთს ეხუტებიან"... პინგვინზე დავიწყე სიმღერა და პოლიტიკაზე გამოვიდა.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "რეიტინგის" ორშაბათის ნომერში.